მსახიობი, თაკო ტაბატაძე “netgazet”-თან საუბარში ამბობს, რომ მის ოჯახში ყველა ბედნიერია იმ ხალხის გარდა, რომლებიც დაშორების გამო აკრიტიკებენ.
“3 წლის წინ განვქორწინდით მე და ჩემი ყოფილი მეუღლე. არ გვინდოდა ამ თემის გახმაურება ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე. ვიცოდით, ამას რა მოჰყვებოდა, ამიტომ ვეცადეთ ჩუმად, მშვიდად მოგვეგვარებინა ეს ყველაფერი.
მაგრამ რამდენიმე თვის წინ, როგორც მახსოვს, თებერვალში, გავრცელდა ჩემს შესახებ ნიუსი რაღაც უწყინარ ფოტოსთან დაკავშირებით, რომელიც მეგობრის წრეში იყო გადაღებული და შემდგომ ერთ-ერთი ჩემი მეგობრის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული. ნიუსის სათაური ასეთი იყო – „ამა და ამ ადამიანის ცოლს ახალი რჩეული ჰყავს“. ამას მოჰყვა ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია. რა თქმა უნდა, ეს იყო ყალბი ინფორმაცია.
რატომღაც მოხდა ისე, რომ თუკი ვინმეს რაიმე ფანტაზია ჰქონდა – ყველანაირი ბრალდება მომეწერა მე. აბსოლუტურად შეთითხნილი და მოკლებული რეალურ საფუძველს. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არის ჩემი ბრალი, რომ ჩემს შვილებს მომავალი დავუნგრიე, რომ ყველა უბედურია ჩემს გამო. მაშინ, როდესაც რეალობა სრულიად საპირისპიროა – ყველა ძალიან ბედნიერია, ყველას გვაქვს ჩვენი საქმე, რომელსაც სიყვარულით ვაკეთებთ. მეც ჩემი პროფესია ძალიან დიდ ცხოვრებისეულ ძალას მანიჭებს, მყავს არაჩვეულებრივი სამეგობრო წრე, რომელთანაც თავისუფლად შემიძლია კომუნიკაცია. ჩემი შვილები ძალიან ბედნიერები არიან, მათ შორის იმითაც, რომ დედა, როგორც იქნა – გახდა მსახიობი და აისრულა თავისი ოცნება. მამასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ და საერთოდ არ შეესაბამება რეალობას ის ჯოჯოხეთი, რომელსაც ასახავენ.
„ჩემ შემთხვევაში, განსაკუთრებით მტკივნეული იყო კომენტარები, სადაც მიწერდნენ, რომ თავს უნდა ვიკლავდე, თავი უნდა დავიწვა და სხვა. ასევე, მოუწოდებენ ჩემს ყოფილ მეუღლეს ძალადობისკენ. წერენ – “როგორ არ მოკალი?!”, “როგორ გაუშვი საერთოდ ქუჩაში?!” და ა.შ.
კიდევ ერთი რამ, რაც, ვფიქრობ, პრობლემურია ამ ადამიანების კომენტარებში და ქცევაში, არის შვილების ფენომენი. ხშირად წააწყდებით კომენტარებს – 4 შვილს რას აჩენდა… ყველაზე ცუდი იყო ამის წაკითხვა. უკან რომ მიმაბრუნო, იგივე გზას გავივლიდი, იმიტომ, რომ მინდა ჩემი 4 შვილი მყავდეს. და ეს 4 საოცარი ადამიანი არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ბედნიერება.
ბავშვებზე საუბრისას ხშირად გენდერულ დისკრიმინაციასაც აქვს ადგილი. მიწერენ, 4 გოგო რატომ გააჩინე, ბიჭი გინდოდაო? ერთხელ სკოლიდან მოვიდა ჩემი შვილი და მეკითხება ასეთ რამეს – მართლა იმიტომ გაგვაჩინე შენ ამდენი, რომ ბიჭი გინდოდა გყოლოდა? ძალიან გულდაწყვეტით მითხრა. ეს იყო ჩემთვის შოკის მომგვრელი, იმიტომ, რომ უკვე ბავშვებზეც გავრცელდა ეს ბულინგი, მათაც იგრძნეს ეს”, – ამბობს მსახიობი.
შეგახსენებთ, რომ მუსიკოსი გია ბაღაშვილი და თაკო ტაბატაძე გაშორებულები არიან.
ცნობისთვის, მათ ოთხი შვილი ჰყავთ.