,,ამ რეისს ჩემი ცხოვრების მთავარ რეისს ვუწოდებ” – მფრინავი, რომელმაც ზვიად გამსახურდია და მისი ოჯახი სიკვდილისგან იხსნა

0
549
29 Views

ზვიად გამსახურდიას მფრინავი – ასე იცნობენ სახალხო მფრინავად მიჩნეულ ზაურ ბედიას ჩვენს ქვეყანაში, თუმცა თავად ამბობს, რომ არც გამსახურდიას მფრინავი ყოფილა და არც სახალხო მფრინავის წოდება მიუნიჭებია ვინმეს მისთვის ოფიციალურად.

საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან ერთად მხოლოდ ერთხელ იფრინა – 1992 წლის 10 იანვარს, როდესაც ქვეყნიდან დევნილი პრეზიდენტი და მისი ოჯახი ერევნიდან გროზნოში გადააფრინა. ამ გაფრენას თავისი ცხოვრების მთავარ რეისს უწოდებს. თვითმფრინავს, რომელსაც სამხედრო გამანადგურებლები მისდევდნენ, ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გადაჰყავდა. გმირობის ტოლფასი მანევრების შედეგად გადაურჩნენ სიკვდილს.

ზაურ ბედია სოხუმში ცხოვრობდა და სოხუმის გაერთიანებული ავიახაზების ტუ-134 ხომალდის მეთაური იყო. დღეს 81 წლის მფრინავი “სარკესთან” იხსენებს, რომ გამსახურდია პირველად სწორედ ერევნიდან გროზნოში გაფრენის დღეს ნახა. მაშინ მათი გზები სამუდამოდ გადაიკვეთა.

ზაურ ბედია: სანამ ერევნიდან გროზნოში გადავიყვანდი ზვიად გამსახურდიას, მანამდე მასთან კომუნიკაცია არ მქონია. ჩემზე ხშირად წერენ, გამსახურდიას მფრინავიაო. არ ვარ, ბატონებო, ზვიად გამსახურდიას მფრინავი. ერთხელ გადავიყვანე მხოლოდ და შევასრულე ჩემი როლი, როგორც ქართველისა. ვალდებული ვიყავი, რადგან ჩემი პრეზიდენტი იყო! მე და ქვეყნის 87%-მა აირჩია ის ქვეყნის პრეზიდენტად და იქ უნდა ვყოფილიყავი, სადაც მას უჭირდა.

მერე კი ზვიად გამსახურდიასთან და მის ოჯახთან კომუნიკაცია მქონდა, სანამ ის არ მოგვიკლეს. იშვიათად, საუკუნეებში ერთხელ ხდება, რომ ერთი ოჯახიდან ორი გენიოსი გამოვიდეს. ღმერთმა კი მე დამაჯილდოვა, რომ ბატონ ზვიადთან ახლოს ვყოფილიყავი.

ისეთი უბრალო იყო ურთიერთობაში, ვერ იგრძნობდი, რომ ის პრეზიდენტი იყო და შენ ერთი მფრინავი. ზვიადი ამბობდა, რომ ზვიადისტებად თუ შევარდნაძისტებად დაყოფა მტრობა იყო ქვეყნისა და ერთხელ ამის გამო შენიშვნაც მომცა.

სიგუებმა და კიტოვანებმა იმ ფაქტიდან აფხაზეთის ომამდე პერიოდში წამართვეს ჩემი თვითმფრინავი და მაშინ ჩემი მანქანით ჩავდიოდი სოხუმიდან გროზნოში ამ ბუმბერაზი და საყვარელი კაცის სანახავად პარტიზანულად. თბილისში კი ჩავდიოდი მუხრან მაჭავარიანთან.

ზვიადს, როგორც მშიერ მგელს, ისე უნდოდა ინფორმაციები საქართველოდან და იმიტომ დავდიოდი მათთან. მუხრანმა მითხრა ერთი შეხვედრის დროს, თბილისში ახალგაზრდა ზვიადისტები მომრავლდნენო. ეს დავიმახსოვრე და გროზნოში რომ ჩავედი, ზვიადს მოვუყევი, ჯოხარ დუდაევიც იქ იყო. თუთიყუშივით გავიმეორე მუხრანის სიტყვები, ახალგაზრდა ზვიადისტები მომრავლდნენ-მეთქი. რუსულად ვყვებოდი, რომ ჯოხარსაც გაეგონა.

უცებ ზვიადი მეუბნება ქართულად, რა თქვი, ბიჭოო და აღელდა. გავშეშდი. რას ჰქვია, ზვიადისტები, ეს ხომ დაჰყავი და იბატონე-აო. ყაჩაღ ჯაბა იოსელიანზეც კი თქვა, დასაკარგი ქართველი არ გვყავსო – ამხელა ბუმბერაზი კაცი იყო ზვიადი.

– პრეზიდენტი გამსახურდია ოჯახთან ერთად ერევნიდან გროზნოში სასწაულებრივი მანევრებით ჩაგიფრენიათ რუსული ავიაგამანადგურებლების იერიშების ფონზე. გვიამბეთ ამ რეისზე.

– ამ რეისს ჩემი ცხოვრების მთავარ რეისს ვუწოდებ. სოხუმში ლენინგრადიდან მოვფრინავდი. დაჯდომის დროს დისპეტჩერმა მითხრა, აეროპორტის უფროსი ზაურ ხაინდრავა გიბარებსო. რომ შევედი მასთან, 7-8 ფაფახიანი კაცი დამხვდა. მითხრა, შენ გეკისრება მისია, რომ გადაარჩინო ჩვენი პრეზიდენტი და უნდა წახვიდე შენი ეკიპაჟითო.

ჯერ გროზნოში უნდა წახვიდეო, მითხრეს. გადავფრინდით გროზნოში, სადაც პრეზიდენტ ჯოხარ დუდაევის რეზიდენციაში მიმიყვანეს ჩემი ეკიპაჟით. ღამის 12 საათზე მოვიდა. დავაყენე ჩემი ეკიპაჟი მწკრივში. მოვიდა ჯოხარი და კაცურად, მხარი მხარზე მომადო. მითხრა, ჯერ დაისვენეთო და ორი დღე იქ დავრჩით. მესამე დღეს თვითმფრინავი ბოლომდე გაავსეს საწვავით და გადავფრინდით ერევანში. იქ ავიაციის პრეზიდენტმა მოგვცა ორი “ვოლგა”, რითიც მე და ჩემი ეკიპაჟი მივედით პრეზიდენტ პეტროსიანის რეზიდენციაში, სადაც იმყოფებოდა ჩვენი ზვიადი.

სომხეთის საზღვარს რომ გადავცილდი და საქართველოში შემოვედით, დაგვადევნეს რუსული ავიაცია. იყო ასეთი გენერალი შარაშენიძე, რომლის ბრძანებით, თბილისში ან ალექსეევკაში უნდა დავმჯდარიყავი, თუ არა და, ჩამომაგდებდნენ.

თვითმფრინავში იყვნენ ზვიადი ოჯახით და მანანა ძოძუაშვილი. ვის ბრძანებას დავემორჩილებოდი?! გვერდით ამომიდგა სამი გამანადგურებელი თვითმფრინავი. ისეთი ილეთები გავაკეთე… იმათ იფიქრეს, გიჟია ვიღაცაო. 5 წუთი მაინც გრძელდებოდა შეხლაშემოხლა. მერე კი სად წავიდნენ, არც ვიცი. თავადაც საფრთხეში იყვნენ მფრინავები და არც მათ უნდოდათ სიკვდილი. ეს ყველაფერი მე და ჯოხარს გათვალისწინებული გვქონდა. ან სიკვდილი უნდა აგვერჩია, ან სიცოცხლე. მერე ჩრდილოეთისკენ ავიღე გეზი და კავკასიონს გავყევი…

– ზვიად გამსახურდიას მაშინდელი განცდები როგორი იყო, რას ამბობდა, როგორ იქცეოდა?

– სალონში იჯდა მშვიდად. რა უნდა ემოქმედა მშიერ და მორალურად განადგურებულ კაცს? თან ღამე იყო და, მგონი, არც დაუნახავს არაფერი. მახსოვს, ვუთხარი, კი, თქვენ ხართ პრეზიდენტი, მაგრამ ამ თვითმფრინავში მე ვარ პრეზიდენტი და ყველაფერი რიგზე იქნება-მეთქი.

– ბატონო ზაურ, დიდხანს იმუშავეთ მფრინავად?

– 1964 წლიდან 2002 წლის ჩათვლით ვიმუშავე, თითქმის 40 წელი. ეს ჩემი საყვარელი პროფესია იყო. პროფესიონალი რომ დადგე, ნებისმიერ საქმეში მთლიანად უნდა ჩაერთო ტვინით, სხეულით, ყველაფრით. თუ რაღაც არ იცი კარგად და ხელს მოჰკიდებ, ეს ღალატის ტოლფასია, მით უმეტეს, ისეთ რთულ პროფესიას, როგორიც მფრინავობაა.

საქართველოს მფრინავები ყოველთვის გამორჩეულები იყვნენ. თეორიაში კი წერია, როგორ უნდა იმოქმედო ავარიულ სიტუაციაში, მაგრამ პრაქტიკა სულ სხვაა. ახალგაზრდა ვიყავი, სისხლი მიდუღდა და მანევრებს თავად ვცდიდი, თითქოს ვგრძნობდი, რომ დამჭირდებოდა. ეს ჩემი ჩატარებული ექსპერიმენტები აფხაზეთის ომის დროსაც გამომადგა. ჩემი მეგობრები საჰაერო ხულიგანს მეძახდნენ.

იმხელა თვითმფრინავის, ტუ 134-ის, მეთაური ვიყავი. ჩემზე ნადირობდნენ რუსები, რადგან მათ არ ვემორჩილებოდი. შენ, ქართველო, როგორ არღვევ კანონსო, მეუბნებოდნენ. ვპასუხობდი – ჩვენი ტერიტორიაა და როგორც მინდა, ისე მოვიქცევი! ვნახავთ, ვისი ტერიტორია იქნებაო, მემუქრებოდნენ და ჩემთვის გასაგები იყო, რაც მოხდებოდა.

ომის ბოლო დღეს სოხუმიდან სოჭში უნდა გადავფრენილიყავი, მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა გადამეყვანა. როგორც ჩანს, ჩემი ჩამოგდება გადაწყვიტეს. იმ დღეს ექიმმა მითხრა, არითმია გაქვს და ვერ გაგიშვებ დღესო. მანამდე სხვა მფრინავმა მთხოვა, დამითმე ეგ რეისი და თან ბავშვებს პურს და რაღაცებს ჩამოვუტანო. არითმია გაქვს და ვერ გაგიშვებო, რომ მითხრეს, დავურეკე იმ მფრინავს და ვუთხარი, მოდი და შენ წაიყვანე თვითმფრინავი-მეთქი. მე სახლში წავედი. დასვენებაც მჭირდებოდა, რადგან დღე და ღამე არ მეძინა.

საღამოს 5 საათი იქნებოდა, რომ დამირეკეს, ზაურ, შენი თვითმფრინავი ჩამოაგდესო… 60 მგზავრი იჯდა იმ რეისზე. სოხუმში, ავიაქალაქში ვცხოვრობდი. ეს რომ გავიგონე, წამოვხტი და გავრბოდი ფეხშიშველი. სად გავრბოდი, არც ვიცოდი. გავიძახოდი, შეუძლებელია-მეთქი… ეს იყო 1993 წელს, ომის ბოლო დღეს.

– გამსახურდიას გადაყვანის შემდეგ გააგრძელეთ მფრინავად მუშაობა?

– კი იყო ბრძანება, ჩამოაშორეთ ავიაციას ეს კაციო, მაგრამ მას მერე მე კიდევ ვასრულებდი რეისებს, რადგან ომი გაჩაღდა და ჩემს ხალხს დახმარება სჭირდებოდა. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები გადამყავდა.

გული იმაზე მიკვდება, რომ ამდენი წლის შემდეგ, პროგრესის მაგივრად, ჩვენს ქვეყანაში დღესაც რეგრესი უფროა. გამსახურდიების ოჯახში რაც ხდება, ხომ საერთოდ საშინელებაა! მაშინ არ მივატოვე და დღესაც მზად ვარ თუნდაც თავის გაწირვისთვის ამ ოჯახის დასახმარებლად. მინდა, მოვუნახოთ რაიმე გასაღები, რომ ისეთივე ნამდვილი ოჯახი იყოს, როგორიც დიდ კონსტანტინეს და დიდ ზვიადს შეეფერებოდათ.

– ამბობთ, რომ ახლოს იყავით გამსახურდიების ოჯახთან. როგორი იყო პრეზიდენტ გამსახურდიას ოჯახი, მაშინაც კამათობდნენ?

– ნახავთ ოჯახს, სადაც არ არის ხმამაღალი ლაპარაკი და ა. შ.? ასეთია ცხოვრება. ოჯახი ცოცხალი არსებაა, სადაც არის პროგრესი, რეგრესი… ალბათ გამსახურდიას ოჯახშიც იქნებოდა მსგავსი, მაგრამ ახლა რაც ხდება…

როგორც ჩანს, ეს ქალბატონი ამ უბედურებამ შეცვალა, ნერვებიც აშლილი აქვს. გაანადგურეს მათი ოჯახი ნაძირლებმა და, რა თქმა უნდა, იმოქმედა ოჯახზე. ოჯახური დაპირისპირებები არავის ეხება, მაგრამ დღეს უჭირს ცოტნეს და მტერმა მოახერხა გათიშვა ოჯახის წევრებისა. შორიდან უყურებს ხალხი, როგორც შოუს. ზვიადი გაუგიათ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ საკუთარი სიცოცხლის ფასად დაგვიტოვა დამოუკიდებლობა. ისტორიას რომ დაივიწყებს ერი, ის ერი დაეცემა, რასაც ქართველი ხალხი არ იმსახურებს.

ზოგი ერი გმირებს იგონებს და ამით ზრდის მომავალ თაობას. ჩვენ კი იმდენი ისტორიული გმირი გვყავს, მთელ მსოფლიოს რომ ეყოფა.

– ახლა სად ცხოვრობთ, როგორ პირობებში?

– კი არ ვცხოვრობ, ვარსებობ. ჩემი სული სოხუმშია და ხორცია თბილისში. ჩემთვის დღემდე არ მოუციათ ბინა, როგორც დევნილისთვის და სიძის სახლში ვარ. სამი ბარტყი მაჩუქა ჩემმა ერთადერთმა ქალიშვილმა. ბინა სწორედ იმიტომ არ მომცეს, რომ ზვიადისტი კი არა, ზვიადის იდეისტი ვიყავი. რა განსხვავებაა ნაცებსა და ქოცებს შორის? მხოლოდ ის, რომ ესენი ხალხს ტყვიით ქუჩებში არ ხოცავენ, სხვა არაფერი.

Cesko