მომღერალი ლაშა ღლონტის ქალიშვილი, რომელიც მეუღლესთან ერთად, „იმედის“ არხზე პროექტ „მიმღერეს“ მეორე სეზონში მონაწილეობს, ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, რომ დუეტმა საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა, რისთვისაც ანი ღლონტი გულშემატკივრებს მადლობას უხდის.
„ქუჩაში მაჩერებენ და მადლობას მიხდიან, მეუბნებიან, რომ სიამოვნებას ვანიჭებ და ეს ჩემთვის ყველაფერია..
მამა ძალიან კრიტიკულია ჩემ მიმართ. პატარა შეცდომასაც არ მაპატიებს..
ერთადერთი საკითხი, სადაც მამაშვილობა არ ჭრის და არასდროს დამეხმარება, ეს სიმღერაა. შესაძლებლობაც რომ ჰქონდეს, სიმღერასთან დაკავშირებით, მამა არაფერს არ გამიკეთებს და ძალიან პატარა შეცდომის გამოც კი შეიძლება, დამბლოკოს (იცინის).
მისთვის ქართული სიმღერა იმდენად ძვირფასია, ვერც აღგიწერთ, მის ცუდად შესრულებას არასდროს მაპატიებს. არასდროს არის კმაყოფილი ჩემი ნამღერით. მისი მაქსიმალური შეფასება ჩემ მიმართ არის – „ნორმალურია“.
ეს ნიშნავს, რომ უფლება მაქვს, ვიმღერო. ბავშვობიდან ასეა. რომც მოსწონდეს ჩემი ნამღერი, ამას ჩემთან არასდროს იტყვის. გამიგია, რომ სხვასთან უთქვამს, მაგრამ ჩემთან – არასდროს. ალბათ, არ უნდოდა „თავში ამვარდნოდა“, – ამბობს ანი ღლონტი.