ტრაგედია დატრიალდა კასპის რაიონის სოფელ აღაიანთან, სადაც მომხდარ მორიგ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა წუხელ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯებირს შეეჯახა. გარდაცვლილი ბელა მცხვეთაძეა, რომელიც სოფელ სამთავისში ცხოვრობდა. როგორც ცნობილია, მას ერთი შვილი დარჩა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ფეისბუკზე გავრცელდა ვიდეოც, რომელიც გარდაცვალებამდე რამდენიმე წამით ადრე მან თავად გადაიღო.
სამწუხარო ინფორმაციას „მებრძოლი სული” გამოეხმაურა, რომელმაც ჯგუფ „არმიაში” დაწერა, რომ გარდაცვლილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.
„ავტოსაგზაო შემთხვევით დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი ბელა მცხვეთაძე. არაჩვეულებრივი ადამიანი, ძლიერი დედა, ერთგული მებრძოლი და სამშობლოზე შეყვარებული მანდილოსანი იყო. უფალმა გაანათლოს მისი მებრძოლი სული ამინ”, – წერს მებრძოლი სული.