„მეუხერხულება, როცა გვაჩერებდნენ, გვიღებდნენ და კითხვებს გვისვამდნენ“ – 26 წლის დარიას პირველი ინტერვიუ მისი ფოტოს გავრცელების შემდეგ

0
461
64 Views

31 ოქტომბერს, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის მიერ მელიქიშვილის გამზირზე გადაღებული ფოტო გავრცელდა. ფოტოზე ასახული იყო ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ერთ მხარზე „გლოვოს“ ჩანთა ჰქონდა მოკიდებული, ხოლო მეორე ხელში ბავშვი ჰყავდა აყვანილი.

ფოტოს ავტორმა, ალექს სირაძემ მხოლოდ იმის გარკვევა მოახერხა, რომ ქალი შვილთან ერთად მუშაობდა.

ეს ინფორმაცია ფეისბუკის მომხმარებლებმა მალევე აიტაცეს და ცდილობენ გაარკვიონ, მისი ვინაობა.

დარიას 2 შვილი ჰყავს, წლის და 4 თვის ბიჭი, რომელიც ფოტოზე ნახეთ და გოგონა, 8 წლის.

„პრაიმტაიმი“ დღის გმირ დარიას ესაუბრა. ახალგაზრდა ქალს თბილისის ქუჩებში მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად ხშირად შეხვდებით. სულ რამდენიმე დღეა, რაც „გლოვოში“ დაიწყო მუშაობა და ამის გამო, ძეგვიდან თბილისში სიარული ყოველ დღე უწევთ.

როგორც დარიამ ჩვენთან პირად საუბარში აღნიშნა, მუდმივი საცხოვრებელი არ აქვთ და მათი ყველაზე დიდი დისკომფორტიც სწორედ ესაა.

“გაჩერებაზე გადავდიოდი, მეჩქარებოდა და კითხვებზე ვერ ვუპასუხე. მეჩქარებოდა. არ ვთვლი, რომ სტრესული სამსახურია, მწერენ, მირეკავენ, რომ ჩემი აქედან წამოყვანა და სხვა სამსახურების შემოთავაზება სურთ. მეუხერხულება, როცა გვაჩერებდნენ, გვიღებდნენ და კითხვებს გვისვამდნენ. აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ღმერთის მადლობელი ვარ… მადლობელი ვარ ყველა ადამიანის, რომელიც თბილ სიტყვებს არ იშურებს.

იმ დღეს ერთ-ერთ შეკვეთაზე რომ მივედით, ქალი დაგვხვდა ბავშვით. ჩვენი ნახვის შემდეგ ემოციებში იყო: – ვაიმე, ღმერთო, ეს რა ვნახეო, – ასეთ რაღაცებს იძახდა. დაინახა, რომ მთელი ოჯახი, 4 წევრი ერთად მივედით. ვფიქრობთ, რომ ყველაზე მეტად ამ ადამიანის ემოცია იყო ის, რისი გაზიარებაც მინდა. მსურს ადამიანებმა სხვანაირად შეხედონ ყველაფერს.

არ მინდა იფიქრონ, რომ რამე სტრესულს ვაკეთებთ. მერე რა, რომ უსახლკაროები ვართ. რეალურად, დახმარება მართლა გვჭირდება. თუ ვინმეს უნდა ამის გაკეთება, თუ თვლიან, რომ მართლაც ვწვალობთ ჩვენ, გაგვიხარდება, თუ ღამის გასათევი გვექნება. მხოლოდ ამის მიღება შეგვიძლია. დანარჩენი რჩევები, რომ იქ წადი, უფრო კარგად იქნები, ამ ეტაპზე სხვაგან წასვლას არ ვაპირებთ, არ გვჭირდება”,- ამბობს დარია.

წყარო: პრაიმტაიმი

Cesko