გერმანიაში დააჯარიმეს მძღოლი, რომელსაც მანქანაზე რუსული ოკუპაციის სიმბოლო, ასო Z ჰქონდა გამოსახული. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
კაცს იმპერიალისტური სიმბოლიკა მანქანის უკანა მინაზე ჰქონდა გამოსახული, რისთვისაც ის 4000 ევროთი დაჯარიმდა. ჰამბურგის სასამართლომ ეს საქციელი უკრაინის წინააღმდეგ “რუსეთის აგრესიის” მხარდაჭერად ჩათვალა.
როგორც განსასჯელმა განაცხადა, მან რუსული სიმბოლიკა მანქანაზე ჯერ კიდევ მარტში განათავსა, ანუ უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან საკმაოდ მოკლე პერიოდში.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ Z და V ასოები რუსულ საბრძოლო ტექნიკაზე იყო შემჩნეული. მოგვიანებით რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ ასოების გამოყენება უკრაინაში რუსული არმიის მხარდასაჭერად დაიწყეს. გერმანიის ზოგიერთ რეგიონში Z ასოს საჯაროდ დემონსტრირებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.