რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებმა გაერო-ს გენერალური ასამბლეაზე ანტირუსული რეზოლუციის მიღებას დიპლომატიური ტერორის მეთოდების გამოყენების საშუალებით მიაღწიეს.
„დასავლეთი ურცხვად იყენებდა დიპლომატიური ტერორის მეთოდებს, ღიად უგრეხდა ხელს და ემუქრებოდა განვითარებად ქვეყნებს ყველანაირი სასჯელით. მხოლოდ ასეთი დაუფარავი შანტაჟითა და მუქარით მოახერხა შედეგის უზრუნველყოფა. ყველას მშვენივრად გვესმის“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
მისი მტკიცებით, აშშ-ის განცხადებები, რომ ვაშინგტონს არავინ დაურწმუნებია, მხარი დაეჭირა რეზოლუციისთვის და ყველამ თავად მისცა ხმა, სიცრუეა.
შეგახსენებთ, რომ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობას გმობს. რეზოლუციას 143-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ დაუჭირა მხარი. მის წინააღმდეგ ხმა, რუსეთთან ერთად, მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ მისცა: სირიამ, ნიკარაგუამ, ჩრდილოეთ კორეამ და ბელარუსმა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი 35-მა ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა, შეიკავა.