ჟურნალისტი, ბონდო მძინარაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ექსპრეზიდენტმა ბოლომდე უნდა მოიხადოს სასჯელი.
“კლინიკა “ვივა-მედის” გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე “იმედი LIVE”-ში:
“მას აქვს სრული მიუღებლობა იმ მდგომარეობის, სადაც იმყოფება, რაც კატეგორიულად ამძიმებს დინამიკას, რომ სწრაფად აღდგეს ყველაფერი, სწრაფად წამოვიდეს პროცესები და მკურნალობას ჰქონდეს ბევრად მეტი ეფექტი, რაც მას, ვთქვათ, ექნებოდა თავისუფლების პირობებში.”
კლინიკის ხელმძღვანელი, ბუნებრივია, სააკაშვილის დიაგნოზს ვერ გამოაქვეყნებს. მას ამის უფლება არ აქვს!
სამაგიეროდ, ამის უფლება აქვთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს და ადვოკატებს, მაგრამ ისინი საზოგადოებას უმალავენ სააკაშვილისთვის კლინიკა “ვივა-მედში” დასმულ დიაგნოზს!
სააკაშვილის ოჯახიც და ადვოკატებიც საზოგადოებას სიმართლეს უმალავენ!
სიმართლე კი ის არის, რომ სააკაშვილს არაფერი აწუხებს მის ამჟამინდელ მდგომარეობასთან შეუგუებლობის, ანუ ადაპტაციური აშლილობის გარდა!
ეს დაადგინა სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა ჯერ კიდევ მაისში!
აგერ, წაიკითხეთ, რა თქვა მაშინ
ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ:
„რა მოგვცა ამ 13-დღიანმა კვლევამ და მკურნალობამ. დადასტურდა, რომ მას აქვს პოლინეიროპათია, დადასტურდა კვების დეფიციტი, დადასტურდა ფსიქიატრიული აშლილობა. მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე, უკრაინაში ყოფნის პერიოდში და იქ, მის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, ისედაც ჰქონდა გარკვეული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, გადიოდა მკურნალობას, იღებდა ანტიდეპრესანტს, „ვენლაფაქსინს“, რომლის მიღებას ის ახლაც აგრძელებს. ამ მედიკამენტის მიღება მას შიმშილობის პერიოდშიც არ შეუწყვიტავს. თუმცა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრის შემდეგ, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა და მას დაესვა ადაპტაციური აშლილობის დიაგნოზი“.
გამოდის, რომ სააკაშვილის ბედნიერებისთვის საჭიროა მისი პატიმრობიდან გათავისუფლება!
დიახ, ეს არის ერთადერთი გამოსავალი და ამ სიმართლის ტყუილით შეფუთვა, რომ ეს ადაპტაციურად აშლილი მანიაკი სასჯელის გადავადების შემდეგ იმკურნალებს, ბედს შეეგუება და საპატიმროს დაუბრუნდება, არის აბსოლუტური ტყუილი!
ეს ქვეყანა და სამართალი სააკაშვილის ბედნიერებისთვის არ შექმნილა!
ეგდოს და მოიხადოს სასჯელი!
ისედაც ცოტა აქვს მისჯილი!”, – წერს მძინარაშვილი.