ახლახან, ქუჩაში მეგობარი შემხვდა და გაოგნებულმა მითხრა: სვეტიცხოველში ვიყავი, ნეტავ, რაც ვნახე, არ მენახა – ტაძარში შესვლისთანავე მარჯვნივ, სადაც ჩვილებს ემბაზში ნათლავენ, უზარმაზარი სამმეტრიანი ჯვრისთვის კონუსისებური ქუდი დაუფარებიათო და თან მის მიერვე გადაღებული ფოტოები მიჩვენა.
ვუპასუხე: იქნებ, ეგ კონუსი კანონიკურ ფარგლებში ჯდება მეთქი.
– არაო – მითხრა და თან „გუგლის“ საძიებოში სიტყვები – „ჯადოქრის წვეტიანი ქუდი“ ჩაწერა.
ღმერთო დიდებულო! – ზუსტად იმ კონუსის მსგავსი ფოტოები არ ამოვარდა?!
მეორე დღესვე სვეტიცხოვლისკენ გავემართე, რათა ყველაფერი საკუთარი თვალით მენახა. ვხედავ, უზარმაზარ ჯვარს მართლაც უცნაური ქუდი ახურავს – სად აღარ ვყოფილვარ, მაგრამ აქამდე არასოდეს მსგავსი არსად მინახავს!
იქვე მახლობლად, მღვდელმსახური იდგა. მორიდებით ვკითხე – ჯვარი ასეთ უცნაურ ფორმაში რატომ არის მეთქი. – ესაო, ადრე ეტყობა, გარეთ იდგა და წვიმას და თოვლს რომ არ გაეფუჭებინა, თავზე ქუდი ამიტომ დააფარესო. – ახლა ხომ ტაძარში დგას და ქუდი რატომ დაუტოვეს მეთქი? – ეგ აღარ ვიცი, ეტყობა ყურადღება არ მიაქციეს და დარჩაო… პასუხმა აშკარად არ დამაკმაყოფილა. ჩვენი საუბარი კი, რამდენიმე მომლოცველმა მოსმინა და მათაც ანალოგიურად, გაკვირვება გამოხატეს. ტაძარში ვერავინ ვნახე, ვინც დამაჯერებელ პასუხს გამცემდა, რომ ჯვარი, რომელსაც საკუთარი თვალებით ვუმზერდი – ასეთ ფორმაში ქრისტეს მტრებმა შეგნებულად არ გამოაწყვეს!
მცხეთიდან დაფიქრებული წამოვედი. გზად, ჩემს ნაცნობ რამდენიმე მღვდელმსახურს ტელეფონით დავურეკე, მაგრამ ვერავინ ვერაფერი მითხრა, ზოგმა კი, როგორც კი შეიტყო, რაც მაინტერესებდა, პასუხის გაცემა თავიდან შეგნებულად აირიდა.
თხინვალას წმიდა გიორგის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, მამა მიქაელი (ოთარაშვილი) კი, უყოყმანოდ დამთანხმდა კომენტარზე, მიუხედავად, რომ წინასწარ გავაფრთხილე, მისი პასუხი გაზეთში უნდა დაბეჭდილიყო:
– ვერ გეტყვით, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. ზოგადად, ყველა ტაძარში მიმდინარე მოვლენებზე მისი წინამძღვარი არის პასუხისმგებელი. ასე, მაგალითად, მე პასუხს ვაგებ, რომ ჩემს ტაძარში დაცული იყოს ყოველი მართლმადიდებლური სიმბოლო, ეს იქნება არქიტექტურა, ჩუქურთმა, ფრესკები, ხატები თუ ჯვრები. სულ თავიდან, თუ მრევლი ან ტაძარში მომსვლელი ადამიანი რაიმეს შეამჩნევს, უნდა აცნობოს ტაძრის წინამძღვარს. ისეც ხომ შეიძლება ხდებოდეს, რომ წინამძღვარი არ იყოს საქმის კურსში. თუ რაიმე ცდომილებას ექნება ადგილი, ამის გამოსასწორებლად არსებობს საპატრიარქოს წიაღში მოქმედი სპეციალური კომისიები, ხუროთმოძღვრების განყოფილება, ასევე, ქორეპისკოპოსი, ვისაც ასეთი მოვლენების მეთვალყურეობა ევალება. შემდეგ ეს მოვლენა განიხილება საპატრიარქოში და იქ ხდება გადაწყვეტილების გამოტანა – არის თუ არა რაიმე სახის დარღვევა. თუ როგორი უნდა იყოს მართლმადიდებლური სიმბოლო, ყოველივე დადგენილია მსოფლიო მართლმადიდებლურ კრებებზე და ამ დადგენილებებისგან ნებისმიერი გადახვევა დაუშვებელია! ასევე, ჯვართან დაკავშირებითაც, მოცემულია ყველაფერი – როგორი შეიძლება იყოს მართლმადიდებლური ჯვარი, რამდენად შეიძლება იყოს ჯვრის ზედაპირიდან მაცხოვრის სხეულის ბარელიეფი და სხვა. მე ვერ გაგცემთ პასუხს, ჯდება თუ არა მართლმადიდებლურ ჩარჩოებში. სწორად მოიქეცით, ამ საკითხის ძიებას რომ შეუდექით, ოღონდ ჩემი რჩევაა, დაიცვათ სუბორდინაცია და საკითხის გარკვევა უპირველესად, ტაძრის წინამძღვართან სცადოთ…
სამწუხაროდ, სვეტიცხოვლის ტაძრის წინამძღვრის, მამა სერაფიმეს (ჭედია) საკონტაქტო ნომერი ვერ მოვიპოვე, მაგრამ ჟურნალისტური გამოძიება გავაგრძელე და კომენტარისთვის მიტროპოლიტ ქრისტეფორეს (წამალაიძე) მივმართე:
– როდის იყო, იესო ქრისტეს ჯვარს წვეტიანი ქუდი ხურებოდა? მსგავსი შემთხვევა არ მახსენდება, ეს არც ქრისტიანობიდან მოდის, არც საერო ტრადიციიდან, ხოლო რაც იესო ქრისტესგან არ მოდის, ის ქრისტეს ეწინააღმდეგება. როგორც ჩანს, ვიღაცას ძალიან უნდა ჩვენი სარწმუნოებრივი ტრადიციის გარდაქმნა და შეცვლა!
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როცა უკეთური ძალები მართლმადიდებლურ სარწმუნოებას გაშმაგებით უტევენ. ფიზიკურად რომ ვერაფერი დაგვაკლეს, ცდილობენ, ყველაფერი შეგვაცვლევინონ, რაც ქრისტეს უკავშირდება! ჯერ ვითომ უვნებელ ცვლილებას გვთავაზობენ, მერე, გაივლის ათიოდე წელი და ის „უვნებელი ცვლილება“ დიდი უბედურების მომტანი აღმოჩნდება! ამიტომ, მართლმადიდებლობა ჩვენში უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე და არ დავუშვათ, შესწორებები, რასაც თავს გვახვევენ!
– იქნებ სულაც, შავი მაგიის ხელი ურევია?
– ბიბლიაში არის მაგალითები, როცა მეომარი მხარეები მოწინააღმდეგეს დასაჩოქებლად წყევლას იყენებენ, ისთვისაც მჩხიბავებს მიმართავენ. ჯვრის წინააღმდეგ ბნელი ძალები რახანია იბრძვიან და გასაკვირი არ იქნება, შავ მაგიასაც რომ მიმართონ. ეს არ არის სახუმარო თემა, საპატრიარქომ, ტაძრების წინამძღვრებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ ვიღაცის ნაწყევლ-ნაჯადოები ჯვრებზე არ დაიდოს და ტაძრებში არ აღმოჩნდეს, ჯვარს ხომ უდიდესი ძალა აქვს, რაც მტერს აშინებს და აღიზიანებს… სად გაგონილა, ჯვარს ქუდი ეხუროს! ეს არ არის სახუმარო, ვინ მიხვდება, რა ახურავს!
საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ საკითხზე საპატრიარქოში? ამის გასარკვევად დავით მეფსალმუნის სახელობის მონასტრის მღვდელმსახურს, საპატრიარქოს ციფრული მომსახურების ხელმძღვანელს, მამა მიქაელს (ბრეგვაძე) დავუკავშირდი:
– რაც სვეტიცხოველში დგას – ეს სტაროპეგიალური, გარეთ დასადები ჯვარია. ასეთი ჯვარი იდგმებოდა ისეთ ადგილზე, სადაც მომავალში ტაძარი უნდა აშენებულიყო და მას სათაყვანო-მომლოცველობითი დანიშნულება ჰქონდა, ტაძრის აშენებამდე დროებით ეკლესიის ფუნქციას ასრულებდა. ასეთ ჯვარი ომებშიც დაჰქონდათ და ბრძოლის წინ მასზე ლაშქარს აფიცებდნენ. რაც სვეტიცხოველში დგას, ალბათ ისტორიული ჯვარია, მაგრამ სვეტიცხოვლის ვერ იქნება, ისეთი ძველიც არ არის, სვეტიცხოვლის ასაგებ ადგილზე ყოფილიყო აღმართული… რომელიღაც ტაძრიდან იქნება წამოღებული. სვეტიცხოველში ალბათ იმიტომ ინახება, რომ მონასტრების და ტაძრების დაფუძნება-აშენება სწორედ საკათედრო ტაძრის პრივილეგია გახლდათ, სიწმინდე აქედან გადიოდა და ბეჭდის დასმას უდრიდა, რომ ცენტრალურმა საეკლესიო ხელმძღვანელობამ გასცა კონკრეტულ ადგილზე ტაძრის აშენების ნებართვა. მსგავსი გუმბათოვანი ჯვარი სვანეთშიც არის შემორჩენილი, ლაგურკა ეწოდება.
იქ ალბათ იმ პერიოდში მოხვდა, როცა ბარში მტრის შემოსევები იყო და როგორც წესი, სიწმინდეები სვანეთში გაჰქონდათ ხოლმე, რათა მტრის თარეშისგან გადაერჩინათ. ხოლო, ის ჯვარი, რაც სვეტიცხოველშია, განძარცული გუმბათით არის, ანუ მოძრობილი აქვს ქვები და მოკაზმულობა, რაც თავიდან უნდა ჰქონოდა. ცნობილია გუმბათიანი ჯვრები სხვა ქვეყნებშიც. ჩვენში ასეთ ჯვარს ქართული გუმბათი აქვს, სხვაგან – ადგილობრივი, არაქართული.
– მაგრამ, ასე რატომ წააგავს ჯვრის გუმბათი შუა საუკუნეებში მოღვაწე ჯადოქრის ქუდს?
– როგორც მოგახსენეთ, აღნიშნული ჯვრის გუმბათი განძარცულია და მსგავსებაც ამით აიხსნება. არავითარი მაგიური დანიშნულება აქ არ არსებობს და ჯადოქრის ქუდი არაფერ შუაშია.
ბოლოთქმის მაგიერ:
ყოველ ქრისტიანულ სიმბოლოში გარკვეული ინფორმაცია არის ჩაქსოვილი. გააჩნია. ჯვარი კი, უდიდესი მისტიური სიმბოლოა, რომლის ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ფრთებს კონკრეტული დატვირთვა გააჩნია და ჯვრის ცხოველმყოფელი ძალა სწორედ იმაზეა დამოკიდებული, რომ ეს სიმბოლო სწორად, დარღვევების გარეშე იყოს გამოსახული! აკი, მართლმადიდებლები არ აღიარებენ კათოლიკურ ჯვარს, რომელზეც მაცხოვარს ფეხები პარალელურად კი არა, გადაჯვარედინებულად აქვს მილურსმული. ამბობენ, რომ ასეთი ჯვრიდან ცხოველმყოფელი ძალა არ მოდის! რაში უნდა სჭირდებოდეს ჯვარს გუმბათი? განა რა სიმბოლური დანიშნულება აქვს ჯვრისთვის გუმბათს? შესაძლოა, წვიმისგან და თოვლისგან დასაცავად ჯვარზე გუმბათიანი ქუდი გამართლებულიც იყოს, როცა ის ღია ცის ქვეშ არის აღმართული, მაგრამ ბნელმა ძალებმა სხვა მიზანი ჩააქსოვონ. ჯვრის თავზე სრულიად სხვა, უწყინარი მიზნით გაკეთებული გუმბათი საკუთარ მაგიურ სიმბოლოსთან, ჯადოქრის წვეტიან ქუდთან გააიგივონ და შესაბამისად, ასეთ ჯვარს სხვა დატვირთვა შესძინონ. მითუფრო, გაურკვევევლია, რატომ დგას უცნაური, ჯადოქრის ქუდის მსგავსი გუმბათოვანი ჯვარი იმ ტაძარში, რომლის საძირკველში თვით მაცხოვრის კვართი ძევს! განა ტაძრის გუმბათი არ არის საკმარისი, ყველა იმ საფრთხისგან დასაცავად, რაც ჯვარს წვიმასა და თოვლში ემუქრება?
მაინც, რა დანიშნულება აქვს პირამიდის მსგავს ქუდს? ინტერნეტში უამრავი მასალა მოიპოვება, სადაც აღნიშნულია, რომ „…პირამიდის ფორმის წვეტიანი ქუდი მუშაობს, როგორც ანტენა. გვეხმარება გავზარდოთ და მივმართოთ ვიბრაცია ქვემოდან ზემოთ. სხვა მოსაზრებით, ის არ გვაშორებს ფიზიკური სამყაროსგან და ასრულებს ერთგვარი იზოლაციის ფუნქციას სულიერ სამყაროსა და ადამიანს შორის…“
ვინ და რატომ მოიტანა ასეთი ჯვარი სვეტიცხოველში, ან, რად არ დატოვეს ის ჯვარი იმავე ტაძარში, რომლის აშენებამდეც გარეთ იყო აღმართული? ვინმე გამიზნულად ხომ არ ცდილობს, ისედაც ყელამდე ცოდვებში მყოფი ქართველი საზოგადოება სულიერად დაიმონოს და კოსმოსთან, უფალთან დამაკავშირებელი გზები გადაუკეტოს? აი, კითხვები, რომლებიც მორწმუნეებს აწუხებთ და ამ კითხვებს აუცილებლად უნდა გაეცეს დამაჯერებელი პასუხები. მე კი, ამ დილემატური საკითხის კვლევის დასასრულს, ცნობილი პოეტის და „ასავალ-დასავალის“ რედაქტორის, ლაშა ნადარეიშვილის მრავალმნიშვნელოვანი ლექსი ამეკვიატა:
ყური მიუგდე: დღეს ეს ზარები – გულგახეთქილი – ტაძრიდან რეკენ
სადაც კედლების ცივი ბზარებიც კვლავ ჩუქურთმები ჰგონია რეგვენს
ძმამ გაიმეტა გუშინ აბელი, მერე სენაკში შევიდა ლოცვა
ბადეში ოქროს თევზის გამბმელი ყველა მოკვდავი ამაოდ მოცდა
გუმბათზე ჩუმად ჩამოჯდა ყვავი. დაიყრანტალა და რაღაც გვითხრა:
გსურს იბატონო? – მაშინ, დაყავი! რომ ვერ იპოვნო უფალი დიდხანს!
როცა სიმართლე თვალდათხრილია, მართავს ეშმაკი სოფელს – ანარევს
ვისჯებით! ვიდრე გადათხრილია გაბრიელ ბერის თბილი სამარე!
ზაზა დავითაია
წყარო: გაზეთი “ასავალ-დასავალი”