საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთ ლამაზმანზე, ლიკა ქავჯარაძეზე, სოციალურ ქსელში ისტორია გაიხსენეს.
“პარიზში მიმავალი სერგო ფარაჯანოვი ტაქსის მძღოლს: „ვერ იცანი, ბიჭო? მანქანაში ყველაზე ლამაზი ქალი, ლიკა ქავჟარაძე გიზის..“
1988 წელს პარიზში ქართული კინოსადმი მიძღვნილი წიგნის გამოცემა და „ბობურში“ ასი ქართული ფილმის სამთვიან ჩვენების მოწყობა გადაწყდა.
“მაესტრო (ფარაჯანოვი) ცუდ ხასიათზე იყო. მოსკოვში აშუღის როლის შემსრულებლისთვის საზღვარგარეთული პასპორტის გაცემაზე მოულოდნელად უარი უთხრეს. არადა, მოსკოვამდე მგზავრობისას ტვინი გაგვიბურღა – ნახავთ, რა მოუვათ ფრანგებს, იურას რომ დაინახავენო… ჩემი იურა ხომ ახალი ჰელმუტ ბერგერიაო. ოხუნჯობდა და ფრანგული მამლისა არ იყოს, ყველას ყურადღების მიპყრობას ცდილობდა. როცა არ გამოსდიოდა, იძულებული იყო, პროვოკაციაზე გადასულიყო.
მოსკოვის აეროპორტიდან სასტუმროში მიმავალ გზაზე, ვერაფრით შემოიყვანა კონტაქტში ტაქსის მძღოლი. ხან პარიზზე ელაპარაკა, თავის მეგობრებზე, ფრანსუაზა საგანსა და ივ სენ ლორანზე უამბო (ტრაბახობდა, აეროპორტში დამხვდებიანო), ხან ნინა ანდრეევა აშაყირა (ამ ანდრეევამ „პრავდაში“ წერილი გამოაქვეყნა, სათაურით „ჩემს პრინციპებს არ დავთმობ“, რომელშიც გორბაჩოვის წინააღმდეგ გაილაშქრა. იმხანად ეს სტატია „პერესტროიკაზე“ თავდასხმად აღიქვეს)… არა და არა. ტაქსის მძღოლი ხმას არ იღებდა.”
“უკან მხოლოდ მაშინ მოტრიალდა, როცა ფარაჯანოვმა უთხრა, ვერ იცანი, ბიჭო? მანქანაში ყველაზე ლამაზი ქალი, ლიკა ქავჟარაძე გიზისო..”
ეს ისტორია მოთხრობილია გოგი გვახარიას უაღრესად საინტერესო წიგნში “ცრემლიანი სათვალე”