“netgazet”-თან ინტერვიუში მსახიობი, თაკო ტაბატაძე ამბობს, რომ მის ოჯახში ყველა ბედნიერია, იმ ხალხის გარდა, რომლებიც დაშორების გამო
აკრიტიკებენ.
– 3 წლის წინ განვქორწინდით მე და ჩემი ყოფილი მეუღლე. არ გვინდოდა ამ თემის გახმაურება ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე. ვიცოდით, ამას რა მოჰყვებოდა. ამიტომ ვეცადეთ, ჩუმად, მშვიდად მოგვეგვარებინა ეს ყველაფერი.
მაგრამ რამდენიმე თვის წინ, როგორც მახსოვს, თებერვალში, გავრცელდა ჩემ შესახებ ნიუსი რაღაც უწყინარ ფოტოსთან დაკავშირებით, რომელიც მეგობრის წრეში იყო გადაღებული და შემდგომ ერთ-ერთი ჩემი მეგობრის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული. ნიუსის სათაური ასეთი იყო – “ამა და ამ ადამიანის ცოლს ახალი რჩეული ჰყავს”. ამას მოჰყვა ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია. რა თქმა უნდა, ეს იყო ყალბი ინფორმაცია.
როდესაც ასეთი ცხოველი ინტერესი გამოავლინა საზოგადოებამ ჩვენი პირადი ცხოვრების შესახებ, მე და ჩემმა ყოფილმა ქმარმა ამას მივუძღვენით საერთო პოსტი “ფეისბუკქზე”, სადაც ვთქვით მკაფიოდ, რომ ჩვენი დაშორების მიზეზი იყო შემდეგი: წლებთან ერთად აღმოგვაჩნდა სხვადასხვა გეგმა მომავალთან დაკავშირებით და, შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ ასე უკეთესი იქნებოდა.
ეს იყო მიზეზი, მაგრამ რატომღაც მოხდა ისე, რომ თუკი ვინმეს რაიმე ფანტაზია ჰქონდა – ყველანაირი ბრალდება მომეწერა მე. აბსოლუტურად შეთითხნილი და მოკლებული რეალურ საფუძველს. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არის ჩემი ბრალი, რომ ჩემს შვილებს მომავალი დავუნგრიე, რომ ყველა უბედურია ჩემ გამო. მაშინ, როდესაც რეალობა სრულიად საპირისპიროა – ყველა ძალიან ბედნიერია, ყველას გვაქვს ჩვენი საქმე, რომელსაც სიყვარულით ვაკეთებთ. მეც ჩემი პროფესია ძალიან დიდ ცხოვრებისეულ ძალას მანიჭებს, მყავს არაჩვეულებრივი სამეგობრო წრე, რომელთანაც თავისუფლად შემიძლია კომუნიკაცია. ჩემი შვილები ძალიან ბედნიერები არიან, მათ შორის იმითაც, რომ დედა, როგორც იქნა – გახდა მსახიობი და აისრულა თავისი ოცნება. მამასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ და საერთოდ არ შეესაბამება რეალობას ის ჯოჯოხეთი, რომელსაც ასახავენ.
თაკო ამბობს, რომ ყველაზე დიდი საშინელება ის იყო, რომ მის ყოფილ მეუღლეს (მუსიკოსი გია ბაღაშვილი) ხალხი ძალადობისკენ მოუწოდებდა. სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებულ კომენტარებში კითხვას უსვამდნენ, თუ რატომ გაუშვა და არ მოკლა ყოფილი ცოლი.