(+18) „მახსოვს, როგორ ასხამდა სისხლი ჩემი ორივე ხელიდან…“ – შემზარავი ფაქტი კომპანიაში, სადაც „ნიკორა“ პროდუქციას აწარმოებს

September 21, 12:26
0
376

“მახსოვს როგორ მოასხამდა სისხლი ჩემი ორივე ხელიდან, მახსოვს რომ ვერ ვგრძნობდი თითებს, მახსოვს გაუსაძლისი ტკივილი და მახსოვს ფიქრი – ახლა რა უნდა გავაკეთო?”

31 წლის ნიკოლოზ ჭინჭარაძე მოულოდნელად დადგა ფაქტის წინაშე, რომ ოჯახის გამოკვება საკუთარი შრომით აღარ შეუძლია. მან ერთ დღეს 3 თითი დაკარგა, მარცხენა ხელზე ორი და მარჯვენა ხელზე – ერთი თითი. შემთხვევა 2017 წელს მოხდა და როგორც ნიკოლოზი “ალიას” უყვება, მას დღემდე არც კომპენსაცია მიუღია და არც შესაფერისი მკურნალობა.

ნიკოლოზ ჭინჭარაძე:

-ვმუშაობდი კომპანიაში “ჩვენი ფერმერი”, სადაც სს “ნიკორა” პროდუქციას” აწარმოებს, ეს არის საწარმო, სადაც მზადდება რძის პროდუქტები: მაწონი, ნაყინი, არაჟანი. ტექნოლოგის სპეციალობა არა მაქვს, არც გამოცდილება მქონია, თავდაპირველად ვმუშაობდი მუშად, შემდეგ კი ტექნოლოგის ასისტენტად. არ ჩამტარებია ტრენინგები, უსაფრთხოების წესებიც კი არავის გაუცვნია ამ ტრაგედიამდე. ვიცოდი, რომ ტექნოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მემუშავა, თუმცა, მეტწილად ვერც ვხედავდი…

-ტექნოლოგის პირადი მეთვალყურეობის გარეშე ამზადებდით პროდუქტს?

-კი, ყველაფერს მე ვაკეთებდი. ვიცოდი რძეში რამდენი კილო “მარგარინი” უნდა ჩამეყარა და…

-“მარგარინით” ამზადებდით ნაყინს, მაგალითად?

-დიახ, კი.

-და ტექნოლოგი რატომ არ ესწრებოდა დამზადების პროცესს? საწარმო მუშას ან ასისტენს ანდობდა პროდუქტის დამზადებას? რომელი პროდუქტიც, სხვათა შორის, არც ისე იაფად იყიდება.

-არ ვიცი, შეიძლება იმიტომ რომ გაუსაძლის პირობებში ვმუშაობდი. იყო უჰაერობა, ვენტილაციის სისტემა ცუდად მუშაობდა, სიმხურვალე, არ მყავდა არავინ დამხმარე კარგა ხნის მანძილზე.

-იმ ტრაგიკულ დღეს რა მოხდა?

-ამ დღემდე ცოტა ხნით ადრე, ახალი თანამშრომელი მოიყვანეს. იმ დღეს ამ ახალ თანამშრომელს დააგვიანდა, ამიტომ მე ჩემი სამუშაო რომ შევასრულე, წამოვედი. უკვე წამოსული ვიყავი, როცა კომპანიიდან დამირეკეს და უკან მიბრუნება მომთხოვეს. ავუხსენი, რომ ცუდად ვიყავი, თუმცა, მაინც მომთხოვეს უკან მიბრუნება.

-ცუდად მყოფს? 

-დიახ, რომ მივბრუნდი, კიდეც მკითხა თანამშრომელმა, რა გჭირს, რა ფერი გადევსო.

-რატომ გთხოვეს უკან მიბრუნება?

-საქმე იყო ისევ გასაკეთებელი.

-ასეთი რამ ხშირად ხდებოდა მანამდე? 

-ხშირად ხდებოდა რომ გვიანამდე ვმუშაობდი, სანამ საქმეს არ მოვრჩებოდი. უმეტესად, ყველაზე ბოლოს მე გავდიოდი და კარსაც მე ვკეტავდი.

-შეგიძლიათ იმ ადამიანის ტელეფონის ნომერი მომცეთ, ვინც დაგირეკათ და უკან მიბრუნება მოგთხოვათ?

-კი, როგორც ვიცი ახლაც მანდ მუშაობს ტექნოლოგად.

-მითხარით, რომ ცუდად იყავით? რა სიმპტომები გქონდათ?

-თავი მტკიოდა, მქონდა შეგრძნება რომ სახე მიხურდა და როგორც თავად მითხრა თანამშრომელმა, ვიყავი სახეზე გაწითლებული, მქონდა თავბრუსხვევის შეგრძნებაც.

-რატომ დაემორჩილეთ და მიხვედით?

-სამსახურის დაკარგვა არ მინდოდა. მე უმაღლესი განათლება არ მაქვს, ფიზიკური შრომით ვარჩენდი ოჯახს. ამ საწარმოს მუშაობის სპეციფიკა ათვისებული მქონდა და მიუხედავად იმისა, რომ გაუსაძლის პირობებში მიწევდა მუშაობა, ულუკმაპუროდაც ვერ დავტოვებდი ოჯახს.

-მიბრუნდით, როგორც ჰყვებით, უთხარით, რომ ცუდად ხართ და მერე რა ხდება?

-შევედი ამ უჟანგბადო საწარმოში, დავდექი ისევ ამ სიმხურვალეში და მერე რამდენიმე წამი არ მახსოვს რა ხდება, როგორც ჩანს, წავიქეცი. მახსოვს როგორ მოასხამდა სისხლი ჩემი ორივე ხელიდან, მახსოვს რომ ვერ ვგრძნობდი თითებს, მახსოვს გაუსაძლისი ტკივილი და მახსოვს ფიქრი – ახლა რა უნდა გავაკეთო?

-პირველადი დახმარება იქვე აღმოგიჩინეს?

-არა. ექიმი ადგილზე არ იყო. მითხრეს, რომ სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და მერე გააუქმეს გამოძახება, მაგრამ არც ეგ ვიცი, რეალურად, გამოიძახეს, თუ არა. თანამშრომლებმა გადამიყვანეს კლინიკაში მანქანით.

-თუ საწარმოს ექიმი ჰყავს სრულ განაკვეთზე, ადგილზე როგორ არ იყო?

-არ ვიცი, არც ეგ ვიცი, სრულ განაკვეთზე ჰყავდათ, თუ არა.

-რა თქვეს, სასწრაფო დახმარება რატომ არ გამოვიძახეთ, ან რატომ არ დაველოდეთო?

– არ მოვა მაინც დროულადო…

-და ეგ როგორ გათვალეს?

-ვერ გეტყვით. იმ მომენტში ძალიან ცუდად ვიყავი და ამდენსაც ვერ ვიაზრებდი. ახლა რომ ვფიქრობ, უნდა მომეთხოვა დავლოდებოდით სასწრაფო დახმარებას, თუნდაც იმიტომ რომ ადგილზე და გზაშიც გამიწევდა პირველად დახმარებას. გარდა ამისა, სასწრაფოს მოჰყვებოდა საპატრულო პოლიციაც. ჩემ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ერთ ქალს დენმა დაარტყა და რომ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, საპატრულო პოლიციაც მოჰყვა და მინიმუმ დათვალიერება ჩაატარა იმ ოთახის, სადაც ეს მოხდა.

-ასე გაუმართავი იყო ეგ საწარმო რომ ხან ერთს ემართებოდა რაღაც და ხან მეორეს?

-გაუმართავი იყო, კი, ვიდეოებიც დაიდო სოც. ქსელში, ან გაყვანილობა რა დღეშია, ან ქვაბები. თუმცა, მაშინ იმ ქალბატონმა განაცხადა, ჩემი ბრალი იყოო.

-დენმა რომ დამარტყა სამსახურში, ჩემი ბრალი იყოო? 

-დიახ და გააგრძელა მუშაობა. რას ვიზამთ, სამსახური ცოტაა და ადამიანი, ვისაც მუშაობა უნდა – ბევრი.

-თვლით, რომ სასწრაფო დახმარებას იმიტომ არ დაელოდნენ, რომ ფიქრობდნენ, მას საპატრულო პოლიცია მოჰყვებოდა და ნახავდა, რა პირობებში მუშაობდით?

-დიახ, ასე მგონია. სამუშაო პირობებსაც ნახვდა პოლიცია და იმასაც ნახავდა  სად და როგორ მოხდა დაზიანება, ნახავდა, რომ დანადგარს არ ჰქონდა თავსახური, ნახავდა, როგორ “მუშაობს” გამწოვი, შესაძლოა, ტერიტორია დაელუქა და ექსპერტები იქვე, იმავე დღესვე გამოეძახებია, ასევე სპეციალური სამსახური, რომელის შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტებს შეამოწმებდა.

-კლინიკაში რომ გადაგიყვანეს ამდენი ჭრილობით, არც კლინიკამ გამოიძახა პოლიცია?

-არა.

-დავუშვათ, რამდენიმე წამით ორიენტაცია დაკარგეთ, ან გაითიშეთ და წაიქეცით, საწარმო არ უნდა იყოს ისე დაცული, რომ ტრამვა არ მიიღოს ადამიანმა?

-ამ ტრაგედიამდე დიდი ხნით ადრე ვითხოვდი, რომ დანადგარს ჰქონოდა თავსახური, მპირდებოდნენ, თუმცა, დაპირება დაპირებად რჩებოდა და არაფერი იცვლებოდა. გასაგებ ენაზე რომ ავხსნა, ეს იყო ქვაბის გვერდით მდგარი მოტორი, რომელიც იყო ღია მდგომარეობაში. ვიცოდი, რომ ადრე სხვა ადამიანმაც დაკარგა მაგ დანადგარზე თითი, თუმცა, როგორც იმ ქალბატონმა განაცხადა, დენმა რომ დამარტყა ჩემი ბრალი იყოო, როგორც ვიცი, ამ ადამიანმაც თავისი თავი დაადანაშაულა საკუთარ ტრაგედიაში. თუ არ ვცდები ახლაც იქ მუშაობს სხვა პოზიციაზე. ამხელა გავარვარებულ ქვაბებთან რომ მუშაბ და გვერდზე არის ღია მდგომარეობაში ჩართული მოტორი, ეგ როგორ უნდა იყოს უსაფრთხო? ერთი შეხედვითაც მიხვდებოდა ადამიანი, რომ საშიში იყო სიცოცხლისთვის. თავით რომ დავცემულიყავი, ან კისერი მოხვედრილიყო მოტორთან? დღეს ცოცხალიც არ ვიქნებოდი. ყველაზე ცინიკური ისაა, რომ მას შემდეგ, რაც მე სამი თითი დავკარგე, ადგნენ და ამ დანაგარს თავზე დაახურეს – აუცილებელი იყო ჩემი გაუბედურება, რომ ეს გაეკეთებიათ?

– რამით დაგეხმარათ “ნიკორა”?

-კი, ბამბით, ბინტით, იოდით…

– კომპენსაცია?

-არა.

-როგორც ვიცი, ცოტა ხანი ისევ იმუშავეთ იგივე საწარმოში.

-კი. ცხადია, სამსახურს ვეღარ ვნახავ, 10 თითით მიჭირდა სამუშაოს შოვნა და… შემომთავაზეს, შეგინარჩუნდება სამსახური, ხელფასი, არ დაგტვირთავთ და გიმკურნალებთ, ბოლომდე მივყვებით შენი შრომისუნარიანობის აღდგენის პროცესსო. დავთანხმდი, სხვა საარსებო საშუალებას მაინც ვერ ვხედავდი. თან იმედი მქონდა მართლა მიმკურნალებდნენ. შიგადაშიგ რომელიმე კლინიკას უკავშირდებოდნენ, ჩემ საბუთებს უგზავნიდნენ, პასუხები მოდიოდა, ზოგი გვწერდა, ცოტა ხანი დაველოდოთ უნდა და მერე დავიწყოთ მკურნალობაო. ვერ ვხვდებოდი, რა საჭირო იყო ლოდინი, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ალბათ, ასეა საჭირო. ამასობაში ნელ-ნელა დაიწყეს მოთხოვნა, რომ ხელი მომეწერა საბუთზე, სადაც ეწერებოდა, რომ ჩემი მიზეზით დავკარგე თითები და კომპანიასთან პრეტენზია არა მაქვს. თუ კომპანია თვლის, რომ არ დაურღვევია შრომის უსაფრთხოება, რატომ არ გამოიძახა პოლიცია იმავე დღეს, რათა მომხდარიყო ადგილის დათვალიერება, ფოტო გადაღება, დანადგარების ექსპერტიზა, ადგილის დალუქვა იმ დრომდე, სანამ შრომის უსაფრთხოება არ შემოწმდებოდა? თუ ჩემი ბრალი იყო და მე თავად მოვიჭერი თითები, ისეთი გიჟი ვარ, იგივე საწარმოში როგორ მაჩერებდნენ? თუ დანადგარს თავსახური არ სჭირდებოდა, სანამ მე თითებს წამაცლიდა მანამდე, მას შემდეგ, რაც მე შრომისუუნარო გავხდი პრაქტიკულად, თავი რატომ დაახურეს? – ამ კითხვებს რომ ვსვამდი, ბრაზობდნენ. ნელ-ნელა დაიწყეს ჩემი ფიზიკურად ზედმეტად დატვირთვა, გარდა ამისა, გრძელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, მიბარებდნენ კაბინეტებში საწარმოს ხელმძღვანელი პირები და “მიხსნიდნენ” რომ თუ გავჯიუტდები და ვიჩივლებ, მაინც ვერაფერს მივაღწევ, რადგან, როგორც მეუბნებოდნენ, “ნიკორა” დიდი კომპანიაა, კარგი ადვოკატები ჰყავს, მე კი, არავინ მყავს, არაფერს წარმოვადგენ და მაინც ვერაფერს დავამტკიცებ. ამასაც ვითმენდი, რადგან მე მაშინ ჯერ კიდევ მეგონა, რომ უცხოეთის რომელიმე კლინიკაში ოპერაციას გამიკეთებდნენ და ცხადია, არ მქონდა იმედი, რომ სრულად აღმიდგებოდა შრომის უნარი, მაგრამ ვფიქრობდი, ნაწილობრივ მაინც მოვახერხებდი ხელის გამოყენებას. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ საუბარია პროთეზზე, რომლის ერთი ნაწილი ხელზე უნდა დამეწებებია. ამიტომ წერდნენ, თურმე ექიმები, ჯერ დრო უნდა გავიდესო. ამპუტაციის შემდეგ, მოსალოდნელია რაღაც პერიოდი თითების ზომის ცვლილება და პროთეზის შეცვლა შეიძლებოდა გამხდარიყო საჭირო.

-წებო? ყოველ დღე?

-გაჩვენებთ კლინიკის პასუხს, ეს იყო 3 ესთეტიკური, არაფუნქციური პროთეზი. ჯდებოდა 8 625 დოლარი და საფასური შეიცავდა პროთეზსს და ერთ შეფუთვა წებოს. საბუთში წერია: “მიმაგრებისთვის საჭიროა სპეციალური წებო ყოველდღიური მოხმარებისთვის.” წებოთი მიმაგრებული პროთეზით მუშაობას შევძლებდი? რამეს შეცვლიდა? შრომის უნარს აღმიდგენდა? 2022 წელს, ჩავიტარე ექსპერტიზა, სამხრაულის ექსპერტიზის ბიუროში, დასკვნის მიხედვით, ჩემი დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანების მძიმე ხარისხს, საერთო შრომის უნარის მყარი დაკარგვით 40%-ის ნიშნით. გარდა ამისა, ექსპერტიზამ დაამტკიცა ისიც, რომ დაზიანების განვითარება ხანდაზმულობის მიხედვით, ემთხვევა კლინიკაში მიმართვიანობის თარიღს – 08.08.17. შრომის უნარის დაკარგვა 40 პროცენტით, თითქმის განახევრებულია, ამას ემატება ისიც, რომ უმაღლესი განათლება არ მაქვს და ისიც, რომ საქართველოში ისედაც ჭირს სამუშაო ადგილები. პრაქტიკულად, უმუშევრობისთვის ვარ განწირული.

-დაგიდგენიათ დაზიანების დროც და ეს რაში დაგჭირდათ? იმასაც გედავებიან, დაზიანება არ მომხდარა ჩვენთანო?

-არ ვიცი, როდის რას შემომედავებიან, რადგან წარმოუდგენელი რაღაცეები იკადრეს, როცა უკვე ჩემი შეკვეცილი შრომის უნარით, იმ ფიზიკურ დატვირთვას და იმ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ გავუძელი და თან მართლა დიდი შოკი მივიღე, როცა გავაანალიზე  რომ თურმე, ის მკურნალობა, რასაც მპირდებოდნენ, მხოლოდ ესთეტიკურ, დასაწებებელ პროთეზს შეიცავს, რომელიც უფუნქციოა, საწარმოდან წამოვედი, წამოვედი ქვია ოფიციალურად, თორემ, ყველანაირად მაიძულეს და მავიწროებდნენ და ფიზიკურად არ მქონდა, წამოსვლის გარდა სხვა გზა, და როცა საწარმოს წარმომადგენლეთან ერთმა ადვოკატმა  კომპენსაცია ახსენა, ისიც კი მომაძახეს, მაგას ფული უნდოდა, ალბათ, და იმიტომ მოიჭრა თითებიო… ღმერთმა არავის გამოაცდევინოს ის ტკივილი, რაც მე გადავიტანე და გადამაქვს ყოველ დღე, როცა ვიღვიძებ და ჩემ ხელებს ვუყურებ, როცა ვერ ვშოულობ სამსახურს – რა ფულმა უნდა შემიცვალის სხეულის ნაწილები?

-არც თითები გაქვთ, არც სამსახური და არც კომპენსაცია შემოგთავაზეს?

-არა.

-და აბა, როგორ უნდა ირჩინო თავიო? 

-რა გითხრათ, ეგ მაგათ უნდა ჰკითხოთ.

-ჩემი აზრით, მინიმუმ რამდენიმე ასეულ ათასზე უნდა იყოს საუბარი, ისიც ფიზიკურად მოყენებული ზიანის კომპენსირებისთვის და მორალური ზიანისთვის ცალკე, დამატებით უნდა გადაახდევინონ კომპანიებს, ბრალის დადასტურების შემთხვევაში. რას ფიქრობთ, რატომ არ შემოგთავაზეს თავად კომპენსაციის გადახდა? 

-შესაძლოა, მართლა თვლიან, რომ ერთი უბრალო, პატარა ადამიანი ვარ, ახლა უკვე პრაქტიკულად, შრონისუუნარო, ან ადვოკატს როგორ დავიქირავებ, ან რას შევძლებ ამ დიდი კომპანიის წინაშე და თვლიან, რომ თავი ქუდში აქვთ. გარდა ამისა, აქამდე ასე იყო ამ საწარმოში, ვინმეს რამე ზიანი მიადგება? – მისი ბრალია. როგორც ჩანს, ასე არიან მიჩვეულნი. წესით, გამოძიება იმითიც უნდა დაინტერესდეს, ამ საწარმოს რამდენი თანამშრომელი დაზიანდა და რამდენმა დაწერა განცხადება, რომ მისი ბრალია, მერე რანაირად ხდება, რომ ეს ხალხი ისევ იგივე საწარმოშია დასაქმებული? თუ ადამიანი იმდენად დაუდევარია, რომ საკუთარ თავს იზიანებს სამსახურში, არ ეშინიათ, რომ სხვებსაც დააზიანებს? გარდა ამისა, მე რომ კომპენსაცია შემომთავაზონ, დიდი ალბათობით, სხვებიც მოითხოვენ. ადამიანები მწერენ, მირეკავენ, ზოგი ისევ საწარმოშია, ზოგი წასულია უკვე. მე თუ მოვახერხე ჩემი სიმართლის დამტკიცება, ისინიც ამოიღებენ ხმას. ვერ გავამტყუნებ. იმ სამსახურის დაკარგვისაც ეშინიათ, რაც აქვთ, იმისიც ეშინიათ, რომ ამხელა კომპანიასთან ვერაფერს გახდებიან. მე უბრალოდ დასაკარგი აღარაფერი მაქვს და ბოლომდე ვიბრძოლებ, სასამართლოს ბოლომდე კი არა, სიცოცხლის ბოლომდე. დარწმუნებული ვარ, არამხოლოდ, “ნიკორას” და “ჩვენი ფერმერის” თანანშრომლები ამოიღებენ ხმას, სხვა კომპანიის თანანშრომლებიც მოითხოვენ შრომის უსაფრთხოების პირობების შექმნას. არ შეიძლება რძის საწარმოში მუშაობა იყოს ასეთი საფრთხის შემცველი, არ შეიძლება, ასეთ საწარმოში მუშაობა გიწევდეს ზეგანაკვეთურად. სხვათა შორის, პროდუქციის დამზადების პროცესის გარდა, ქვაბების გარეცხვაც მე მევალებოდა სხვადასხვა ხსნარებით და ამასაც ვასრულებდი, მიუხედავად იმისა, რომ ანამნეზში, ბრონქიალური ასთმა მაქვს და მედიკამენტოზური ალერგია, გამოვლენილი კვინკეს შეშუპებით. არ შეიძლება რამდენიმე ადამიანის გასაკეთებელს აკეთებდე და ერთ ხელფასს იღებდე, საჭმელად დრო ძლივს გრჩებოდეს და ფორმა სახლში მიგქონდეს თან გასარეცხად. რძის პროდუქტებში ვმუშაობ, იქნება ვერ ან არ ვრეცხავ მე სახლში იმ ფორმას სათანადოდ? არ შეიძლება ადამიანი გაწირო, დაღუპო, მერე ატყუო, მერე ეცადო დაშინებას და მუქარას და მერე ეძახო, შენი ბრალიაო. მე უნდა მიმეტანა ქვაბის მოტორის თავსახური საწარმოში? იმ ქვაბის, რომელიც, თურმე კუსტარულად ყოფილა დამონტაჟებული, თუმცა, ამ დეტალებს ჩემი ადვოკატი გიამბობთ.

როგორც ინტერვიუში გვითხრა, ნიკოლოზმა მოგვცა ტექნოლოგის ტელეფონის ნომერი. დავრეკეთ ნომერზე, გვიპასუხა ქალმა, რომელმაც გვითხრა: – დიახ, ნიკორაში ვმუშაობ ტექნოლოგად, ნიკოლოზი კარგად მახსოვს, თუმცა, ახლა ვერ დაგელაპარაკებით, გთხოვთ, ხვალ დამირეკეთ, დღის მეორე ნახევარში.

ხვალაც დავურეკეთ, ზეგაც და მაზეგაც, არც ერთ ზარზე აღარ გვიპასუხა.

“ალია” დაუკავშირდა ს.ს. “ნიკორას”, სადაც გვითხრეს, რომ კითხვებზე პასუხებს გაგვცემენ. კითხვებზე პასუხები გაგვცა მხოლოდ “ჩვენმა ფერმერმა”, მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს მიერ გაცემული დოკუმენტის, ნოკოლოზ ჭინჭარაძის თანამდებობრივი ინსტრუქციის მიხედვით, კომპანიაში ნიკოლოზის თანამდებობისთვის კონტაქტები ასეა გადანაწილებული:

შპს “ჩვენი ფერმერის” წარმოების მასშტაბით;

სს “ნიკორა” – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;

სს “ნიკორა” – ხარისხის მართვის დეპარტამენტი.

იმედი გვქონდა, რომ ნიკორას ამ ორი დეპარტამენტიდან ერთი მაინც გვიპასუხებდა, თუმცა, ამაოდ. 

ვრცლად იხილეთ ლინკზე: https://www.alia.ge/

წყარო: “ალია”

Cesko