პელოსის უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებები აზერბაიჯანის მისამართით მიუღებელია, – ასე გამოეხმაურა აზერბაიჯანის საგარეო უწყება შეერთებული შტატების წარმომადგენლობით პალატის სპიკერის მიერ სომხეთში გაკეთებულ განცხადებას. საგარეო უწყების განმარტებით, პელოსის განცხადება უნდა ჩაითვალოს „სომხური პროპაგანდის საფუძველზე გაკეთებულ განცხადებად, რაც სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობებზე“.
„ასეთი ცალმხრივი ნაბიჯები და უსაფუძვლო განცხადებები ემსახურება რეგიონში არა მყიფე მშვიდობის განმტკიცებას, არამედ, პირიქით, დაძაბულობის ესკალაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ნენსი პელოსმა გუშინ ერევანში სომეხ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში სომხეთზე უკანონო თავდასხმაში დაადანაშაულა.