კიკეთში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 54 წლის მამაკაცს, რომელსაც გამოძიება ერთი ადამიანის მკვლელობას და 5 პირის ჯანმრთელობის დაზიანებას ედავება, ბრალს ოფიციალურად დღეს გააცნობენ. დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი განზრახ მკვლელობის ნაწილში თავს დამნაშავედ არ ცნობს, რადგან მისი განზრახვა მკვლელობა არ ყოფილა. უფლებადამცველის ინფორმაციითვე, ბრალდებულმა ადგილზე თავის დასაცავად ისროლა, რადგან დაპირისპირების დროს მას და მის ოჯახის წევრს თავს დაესხნენ.
„განზრახ მკვლელობას ადგილი არ ჰქონია. რა თქმა უნდა ნანობს, ასე რომ არ მომხდარიყო ჯობდა, მაგრამ, სხვა გზა არ დაუტოვეს. მანამდე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კვლავ იყო ამის საფრთხე. თავს დაესხნენ მარტო მას კი არა, მისი ოჯახის წევრს – შვილს. ორივეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გადაუგდეს მანქანის გასაღები, რის შემდეგაც ჩავიდა გასაღების მოსაძებნად, რასაც მოჰყვა ეს“, – აცხადებს ადვოკატი.
სისხლიანი ინციდენტი კიკეთში 2 დღის წინ მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთ შელაპარაკებისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 პირი დაჭრა, რომელთაგანაც 1 საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.