სალომე შარვაძე: უსამართლოდ არ უნდა მომექცეს, თორემ პირდაპირ შემიძლია, გავანადგურო ადამიანი

0
510
23 Views

სალომე შარვაძე სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოჩენისთანავე გახდა პოპულარული. დღემდე ქუჩაში ქეთის სახელით მიმართავენ და ბევრი მის გმირთან აიგივებს. რეალურ ცხოვრებაში კი მას ქეთისთან თითქმის არაფერი აქვს საერთო, ერთის გარდა – მისი ერთადერთი შვილისთვის კარგი დედაა. სალომესთვის ზაფხულის სეზონი განსაკუთრებულია, თუმცა, მისივე თქმით, წელს იმ ენერგეტიკის „აკრეფა“ ვერ მოასწრო, რომელიც მთელი წელი გაჰყვება.

სალომე შარვაძე: გადატვირთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, მოუთმენლად ველოდებოდი დასვენების სეზონს. თურქეთში ვიყავი. ყოველ წელს მთაში დავდივარ და ბაკურიანსა და ბათუმშიც ვიყავი. სასტუმრო „კოლიზეუმში“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახლავართ და რაღაც პერიოდს ზღვაზე ვატარებ – თან ვმუშაობ და თან ვისვენებ. ასე რომ, წელს დატვირთული სეზონი გვქონდა, უამრავი ტურისტი მივიღეთ და საქმეც ბევრი იყო.

– ესე იგი, თან საქმე და თან დასვენება ერთდროულად მოახერხე. რით იყო ეს ზაფხული შენთვის განსხვავებული?

– ადრე, დილიდან საღამომდე რუჯის მისაღებად მზეს რომ ვეფიცხებოდი, ასე აღარ ვიქცევი. ლეღვის ნახარში არ გამომიყენებია, მაგრამ რამდენიმეჯერ ჩამძინებია მზეზე და დამწვრობით გამღვიძებია. ისე დავფუფქულვარ, ცხრა პირი ტყავი ამიძვრია (იცინის). წელს ზომიერად გავირუჯე. სხვათა შორის, არასოდეს ვისვამდი დამცავებს და ახლა ინტენსიურად დავიწყე. რაც წლები მომემატა, რუჯისთვის სხვანაირად ვემზადები – დამცავები, დამატენიანებლები და ასე შემდეგ. გული მწყდება, რომ ზაფხული მალე გავიდა და იმ ენერგეტიკის „აკრეფა“, რაც შემდეგ ზაფხულამდე მეყოფა, ვერ მოვახერხე. საქმეების გამო ცოტა დასვენება დამაკლდა. ეს ზაფხული იმით იყო განსხვავებული, რომ ჩემს უსაყვარლეს ნანუკა გულუას შვილი შეეძინა, მისი ნათლია უნდა ვიყო და ჩათვალეთ, მეორე შვილის დედა გავხდი.

– რამდენი ნათლული გყავს?

– ნინა ჩემი მერვე ნათლული იქნება. ამბობენ, თუ შვიდი ნათლული გყავს, სამოთხე გარანტირებული გაქვსო და გამოდის, ნინამ სამოთხის კარი ფართოდ გამიხსნა (იცინის). ყოველი დილა იწყება და ყოველი დღე მთავრდება ნინას ვიდეოთი. ნამდვილი სიყვარულის ბუკეტია, მაგიჟებს. 21 წლის ვიყავი შვილი რომ გავაჩინე და ახლა, ამდენი წლის მერე, ნინამ დედობა განმიახლა, კიდევ შვილის გაჩენა მომანდომა (იცინის).

–საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ შეგიყვარა. ამ სეზონიდან, სერიალის გადაღებები შეჩერებულია და პროექტში „ქალები“, სადაც ოთხი თანაწამყვანი ისხედით, ცვლილებებია.

– დიახ, რაღაც-რაღაცები შეიცვალა და დროებით, ამ ეტაპზე შეჩერებულია „ჩემი ცოლის დაქალები“. თუმცა, მომავალში იმედი გვაქვს, კვლავ განახლდება. „ქალებშიც“ ცვლილებებია და სულ მალე გვიხილავთ ეთერში. სხვათა შორის, ქუჩაში დღესაც ქეთით მომმართავენ (იცინის). ადრე, მირეკავდნენ და მწერდნენ; ასე არ მოიქცე ან ასე მოიქეცი, შენი ქმარი ამას იმსახურებსო… დიდი გარჩევები მიდიოდა. მახსოვს, ისეთ საზოგადოებაში ირჩეოდა ეს ამბები, მიკვირდა. ჩემი და გიორგი ბოჭორიშვილის როლებს და ამბებს როგორც რეალურს, ისე განიხილავდნენ. ეს, რა თქმა უნდა, გენიოსი ქეთი დევდარიანის დამსახურებაა. ისე წერს სცენარს, თითქოს რეალურია. 10 წელი გრძელდებოდა სერიალი და ქეთის როლი დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის, სერიალმა მომცა საშუალება და შევძელი, ჩემი სამსახიობო ნიჭი წარმომეჩინა და ის უნარ-ჩვევები გამომევლინა და მეჩვენებინა, რაც თეატრალურ უნივერსიტეტში ვისწავლე. ამ სერიალმა ამის საშუალება მომცა. ამის საშუალება „ფორმულა კრეატივმა“ მომცა და ამისთვის მადლობა მათ. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში ერთგული ვარ, მიზანდასახული, ძლიერი და ერთადერთი, ჩემს გმირს, ქეთის, შვილის მიმართ დამოკიდებულებაში ვგავარ. ქეთიც კარგი დედაა. არ უნდა მაწყენინო, უსამართლოდ არ უნდა მომექცე, თორემ ადამიანი პირდაპირ შემიძლია, გავანადგურო.

– სალომე, ვინც გიცნობს, იცის, რომ ცხოვრებაში არაერთი გამოწვევის წინაშე დამდგარხარ. სიახლეები და გამოწვევები რამდენად ხშირია შენს ცხოვრებაში და ხომ არ გაშინებს?

– მიყვარს და არ მაშინებს გამოწვევები და სიახლეები. რაც უფრო რთულია საქმე, მას შევეჭიდები და გამოდის, უფრო მომწონს. თან, ლომი ვარ ზოდიაქოთი და სირთულეები და გამოწვევები მიყვარს. თუმცა, ისეთ რამეს არ ავიღებ ჩემს თავზე, რასაც ვერ გავაკეთებ და არ გამომივა. თუ პასუხისმგებლობას ავიღებ, მას აუცილებლად რქებით მივაწვები და ბოლომდე მივიყვან, ბოლო-ბოლო, წლით ხარი ვარ (იცინის). ასე რომ, თვით ლომი და წლით ხარი ვარ და თავად წარმოიდგინეთ, როგორი მიმწოლი და საქმის გამკეთებელი ადამიანი ვიქნები (იცინის). თავზე ხელის გადასმით შემიძლია, გაუკეთებელი გავაკეთო. ამბიციური ხასიათი არ მაქვს, თუმცა ლიდერობა და ყურადღების ცენტრში ყოფნა მიყვარს.

–წლების მატებასთან ერთად, ცხოვრებაში უამრავი რამის გადაფასება ხდება, მაგალითად: ურთიერთობების, ადამიანების, ყოფითი ამბების, მოვლენების… შენს შემთხვევაშიც, ასე მოხდა? და, რას მიხვდი ამ გადასახედიდან?

– რასაკვირველია, წლების მატებასთან ერთად, ბევრი რამ გადაფასდა ჩემს ცხოვრებაში. მაგალითად, ადამიანების წრე მინიმუმამდე დავიყვანე. მხოლოდ ერთგული და ისეთი ადამიანები დარჩნენ, ვისაც გულით უხარია ჩემი ყოველი წარმატება. დროს არ ვკარგავ ისეთ ადამიანებზე, ვინც არ იმსახურებს ჩემს ერთ წამსაც კი, არც ფიქრით, არც ლაპარაკით და არც კონტაქტით. პირდაპირ შემიძლია, გავაქრო ასეთი ადამიანები ჩემი ცხოვრებიდან. წარსულზე ფიქრით თავს არ ვიღლი. თუმცა, უკან რომ დამაბრუნოთ, არაფერს შევცვლიდი, ისევ იმ გზას გავივლიდი, რაც გავიარე. უბრალოდ, ჩემს დროს არ დავხარჯავდი იმ ადამიანებთან, ვინც ჩემგან ამას არ იმსახურებდა.

Cesko