როგორ გადაარჩინეს მაშველებმა თეთნულდზე დაკარგული ტურისტი – „უფსკრულის თავზე ერთ ადგილზე მდგომმა გაატარა 2 დღე-ღამე”

0
449
29 Views

გუდაურის ტრაგედიიდან სამი დღის შემდეგ მაშველების დახმარება სვანეთში გაუჩინარებულ ტურისტს დასჭირდა. მესტიის მაშველთა თხუთმეტკაციანი ბრიგადა დაკარგულს ორი დღე-ღამის განმავლობაში, კლდეებზე თოკით დაკიდებული, შეუსვენებლივ ეძებდა და ბოლოს კლდის შვერილში გაუნძრევლად მდგომი 70 წლის პოლონელი ცოცხალი იპოვეს და გადაარჩინეს.

ეს მესტიელი მაშველების პირველი თავგანწირვა როდია: როგორც კი ვინმეს შველა სჭირდება, მთებთან შეზრდილი ბიჭები მაშინვე კლდის ვეფხვებად იქცევიან. ისინი საკუთარი თავის იმედად ყოფნას და დაუფასებლობას კარგა ხანია შეეჩვივნენ – მაშველების გმირობაზე საუბარს ხომ ძირითადად მაშინ ვიწყებთ, როცა უბედურება ხდება, არადა, ამდენი სამწუხარო ამბის შემსწრე საზოგადოებას თავგანწირვისა­ და სიმამაცის მაგალითები არ აწყენდა.

მესტიელი მაშველების თავგანწირვის ამბავზე ის ოჯახი საუბრობს, სადაც პოლონელი ტურისტი ცხოვრობდა.

ირინა კვიციანი: – ჩემი სტუმარი საოცრად ბედნიერი იყო, რომ სვანეთი კვლავ ნახა. გვითხრა, მესტიაში უკვე მეხუთედ ვარ და ყველაფერი კიდევ­ ერთხელ უნდა მოვიაროო. აღტაცებით ლაპარაკობდა, ემოციებს ვერ იტევდა. აშკარად ეტყობოდ, რომ მისთვის ბედნიერების მიმნიჭებელი სწორედ ბუნება იყო და სვანეთსაც ამიტომ აღმერთებდა ასე. სხვა რამ, მაგალითად, ტექნიკა, მომეჩვენა, რომ არც აინტერესებდა. თავის მოძველებულ ტელეფონს თითქმის არ იყენებდა და, როგორც ჩანს, არც ინტერნეტს სწყალობდა. თავისი შვილისთვისაც მე მიმაწერინა, უკვე ჩამოვედი საქართველოში და კარგად ვარო. სამაგიეროდ, სქელ რვეულში უამრავ რამეს იწერდა. პირველივე დღეებში წავიდა მთაში სასეირნოდ, თუმცა ისეთ კლდეზე აცოცების სურვილი, სადაც მერე მაშველებმა იპოვეს,­ არ გამოუთქვამს. ვფიქრობ, გზა აებნა,­ მერე კი ისეთი კლდეები დაინახა, რომ მოინუსხა და ცდუნებას ვერ გაუძლო… რას ვიფიქრებდი, რომ დილით სასეირნოდ წასულ კაცზე შუადღისას პოლიცია დამირეკავდა,­ შენი სტუმარი იძებნებაო… შუადღის 2 საათზე დაურეკავს 112-ში დასახმარებლად, თუმცა უბედურება­ ის იყო, რომ მაშველებს­ სულ სხვა ადგილი მიუთითა: უთქვამს, თეთნულდის ამა და ამ მხარეს ვარ კლდეში გაჩხერილიო, სინამდვილეში კი საპირისპირო მხარეს იყო, თანაც ამის შემდეგ ტელეფონიც გაეთიშა. ამიტომ ვერ იპოვეს ორი დღე. თოკზე გამოკიდებული 15 კაცი სულ სხვა კლდეებში­ ეძებდა, თანაც – შიშველი ხელებით და რომ არა ასეთი თავგანწირვა, ჩემი სტუმარი დაიღუპებოდა, თუმცა აქამდეც ბევრი გადაურჩენიათ და არავის გაუგია.

– რატომ ვერტმფრენს არ სთხოვეს დახმარება?

– მეც ეგ ვუთხარი, მაგრამ მითხრეს, გუდაურში ისეთი ტრაგედია დატრიალდა, ამ პიტალო კლდეებში ვერტმფრენის მოთხოვნას როგორ გავრისკავდითო! ეს ბიჭები რომ არა, ალბათ, მთელი ოჯახი გავგიჟდებოდით. ხომ არაფერ შუაში ვიყავით, მაგრამ, ამის მიუხედავად, ორი დღე-ღამის განმავლობაში, ბავშვების გარდა, არავის გვძინებია. იმედიც გადაწურული გვქონდა,­ რომ ცოცხალს ვნახავდით. მხოლოდ მაშველების ზარი მამშვიდებდა, მეუბნებოდნენ, ჯერ არავინ გვინახავს, არც გარდაცვლილი, არც ცოცხალიო, ანუ ჩვენი სტუმრის გადარჩენის შანსი არსებობდა.

– როგორ იპოვეს?

– შემთხვევით მაშველებმა შორეულ კლდეში მისი წითელი ქურთუკის ანარეკლი შენიშნეს. რომ მიუახლოვდნენ, უკვე ყვირილიც შემოესმათ და დამირეკეს, რაღაც ხმა გვესმის, სტუმარი ცოცხალი უნდა იყოსო.­ მეგონა, მეორედ დავიბადე! თუმცა წინ ერთი დიდი სირთულეც იყო: ერთია მთაში კაცის პოვნა და მეორე – მისი თოკებით ჩამოყვანა. ამ დროს უამრავი ტრაგედია მომხდარა, ამიტომ ყველაფერი უდიდესი სიფრთხილით უნდა გაკეთდეს – ახლაც დღისით ნაპოვნი კაცი მხოლოდ ღამის 2 საათზე დაუშვეს მიწაზე.

– რატომ?

– მაშველები უფრო მაღლა ავიდნენ, ვიდრე ჩემი სტუმარი იდგა. მერე იმ სიმაღლიდან გამობმული თოკებით ჩამოაღწიეს ჩემს პოლონელამდე, ისიც თოკზე დააბეს­ და დაბლა დაუშვეს… თითქმის 200-მეტრიან კლდეზე იყო აცოცებული… ვინც კლდის მაშველის შრომა არ იცის, ვერ გაიგებს, ეს რა ჯოჯოხეთია, რა სვენებ-სვენებითა და წვალებით უნდა დაუშვა მთიდან თოკზე გამობმული დაუძლურებული კაცი, რომ ტრაგედია არ მოხდეს. ამ დროს მაშველების სიცოცხლეც საფრთხეშია. ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველა უვნებლად დაბრუნდა. ჩემი მადლობა ამ ბიჭების გმირობის შესაფასებლად საკმარისი არ იქნება. ლუკა იოსელიანს, მევლუდ გურჩიანს, მუხრან ჩართოლანსა და ბექა ნავერიანსაც ეს ვუთხარი. ყველა გმირია. თითოეულ მათგანს არაერთი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი და თანაც – უხმაუროდ. ამიტომაც ეკუთვნით დიდი პატივისცემა და დაფასება მათ. ღმერთმა ნუ ქნას, ვინმეს რამე გაუჭირდეს, თორემ თითოეულ მათგანს სიცოცხლეს დაუფიქრებლად ანდობ.

– თქვენი სტუმარი როგორ იყო?

– ოდნავ დაჟეჟილი და მზისგან ისეთი დამწვარი, თითქოს ერთი კვირის განმავლობაში ზღვის სანაპიროს არ მოშორებიაო. ბევრი მეკითხება, როგორ გაძლოო. ჯერ ერთი, სიცოცხლის წყურვილმა გააძლებინა,­ თუმცა ჩვენი მაშველების გარეშე ესეც ვერ იხსნიდა. თან იმედიც­ ჰქონდა – ორი ღამის განმავლობაში კლდეებში მოციმციმე 15 ფარანს ხედავდა, დღისით კი მის გადასარჩენად გამოსული 15 კაცის ხმა ესმოდა. ეს იმხელა ძალაა, ერთ ადგილზე მდგარს ორი დღე-ღამე გააძლებინა…

წყარო: კვირისპალიტრათეთ

Cesko