,,ძალიან საინტერესო ამბავი მაქვს, ხალხო!” – წერს ამერიკაში მცხოვრები მანანა ფრუიძე და თავის საინტერესო ისტორიას ფეისბუქმეგობრებს უზიარებს.
,,ნაშვილები ვარ და კარგად ხნის წინ გადავაწყდი ჯგუფს ,,ვეძებ”, სადაც ვიპოვე ჩემი უძვირფასესი და უსაყვარლესი ოჯახი. გავიკეთე დნმ ტესტი – 23 AndMe .
და თუ სადმე, რომელიმე ქვეყანაში, ვინმეს ჩემი ერთი წინწკალი სისხლი ერია, ყველა ჩამომიწიკწიკა სახელ-გვარ-საცხოვრებელი ადგილით.
სამწუხაროდ, ვერ ვიპოვე დედმამიშვილები და პირველი ბიძაშვილ-დეიდაშვილები. სამაგიეროდ, უამრავი მესამე, მეოთხე, მეხუთე თაობის ბიძაშვილები მიჩვენა. ევროპის, აზიის და ამერიკის ტერიტორიაზე მცხოვრები.
ახლა მთავარი, რისი თქმაც მინდა:
აღმოვაჩინე ამერიკაში მცხოვრები მესამე თაობის ბიძაშვილი, ალანა, გვარად ლუსიერი. სასწაული ისაა, რომ გოგონა 22 წლისაა. მივწერე წერილი და ერთი კვირის შემდეგ დამირეკა დედამისმა. რომელმაც გულახდილად მითხრა, რომ გოგონა ნაშვილები ჰყავდა მოსკოვიდან! დიდხანს ვისაუბრეთ, ცხოვრობენ ფლორიდაში და იმედია, ოდესმე რეალურად გავიცნობ. გოგონას დედამ მოძებნა სახლში ყველა საბუთი და მითხრა, რომ ალანა იყო მოსკოვის # 21-ე ბავშვთა სახლში, იშვილეს 13 თვის, 2000 წელს.
დედა – ხასაია ანგელინა, მამა – ხასაია გიორგი. ბავშვი რეგისტრირებული იყო, როგორც ხასაია ლანა გეორგევნა. ახლა მინდა, ყველას გკითხოთ, თუ ოდესმე ვინმეს გიცხოვრიათ მოსკოვში და გეცნობათ ეს სახელები და გვარი, მომწერეთ, მომაძებნინეთ ეს ხალხი, ან ისინი , ვინც 90-იანი წლების ბოლოს ცხოვრობდა მოსკოვში და სავარაუდოდ იცნობს ხასაიების ოჯახს (ან იქნებ არც იყო ოჯახი?! )
ძალიან ბევრი ლტოლვილი იყო იმ წლებში მოსკოვში და იქნებ ვინმეს გაუჭირდა თავის დამკვიდრება, საცხოვრებელი, საკვები და ბავშვი მიიყვანა ბავშვთა სახლში, იმ იმედით, რომ მოძლიერდებოდა და უკან წამოიყვანდა და ამ დროს ბავშვი აშკარად გაყიდეს ამერიკელებზე!
გთხოვთ, გემუდარებით, მომაძებნინეთ ეს ორი ადამიანი – ხასაია გიორგი და ანგელინა, რომლებმაც შვილს დაარქვეს ლანა!.. მე, კიდევ, გაოგნებული ვარ იმით, რომ 61 წლის ქალს როგორ მყავს 22 წლის, თუნდაც მესამე თაობის ბიძაშვილი?!”, – წერს ქალბატონი მანანა.