“სააკაშვილის 7 აგვისტოს საღამოს მიმართვის სრული სტენოგრამა” – ვახო სანაია სააკაშვილის “გათეთრებას” ცდილობს

0
849
21 Views

ჟურნალისტი ვახო სანაია აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილის 7 აგვისტოს საღამოს მიმართვის სრულ სტენოგრამას. ,,მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართვის დროს ცხადია, რომ რუსეთმა ომი დაიწყო, მაინც არ ჭრის გზას და რუსებს უგზავნის შეტყობინებას, იქნებ მოვილაპარაკოთ, იქნებ შეჩერდეს ეს ყველაფერი. ამ მიმართვას რომ გაეცნობი და ომის დაწყებას კიდევ საქართველოს დააბრალებ, სულ მცირე უსინდისო უნდა იყო…”, – წერს ვახო სანაია.
2008 წლის 7 აგვისტო, 19:00 სთ. სტენოგრამა:
,, ვენ შეგვექმნა ძალიან რთული სიტუაცია ცხინვალში და ცხინვალის გარშემო. ბოლო დღეების განმავლობაში ის, რასაც ჩვენ შეჩვეულები ვიყავით თვეების და წლების განმავლობაში – მუდმივი პროვოკაციები, ძალისმიერი გამოხტომები, თავდასხმები, მკვლელობები – ყველაფერ ამან მიიღო ბევრად უფრო მასშტაბური, ბევრად უფრო საგანგაშო და მშვიდობისთვის ძალიან საშიში ხასიათი.
ბოლომდე არ მესმის ლოგიკა, რატომ გააქტიურდნენ სეპარატისტები სწორედ ახლა. ჯერ მათ მოაწყვეს რამდენიმე თავდასხმა, მათ შორის თავდასხმა სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელზე დიმიტრი სანაკოევზე, შემდეგ მათ მოაწყვეს რამდენიმე თავდასხმა პოლიციის და სამშვიდობო ძალების პოსტებზე და მოძრავ პატრულებზე და ბოლო დღეებში მათ მოაწყვეს მასშტაბური თავდასხმები და აგრძელებენ მასშტაბურ თავდასხმებს მშვიდობიან სოფლებზე და ამ სოფლების მშვიდობიან მცხოვრებლებზე.
გრძელდება სნაიპერული ომი სოფლების მცხოვრებლებზე და აი, ამ წუთში, როცა მე ვლაპარაკობ, ინტენსიური ცეცხლი არის გახსნილი არტილერიიდან, კონფლიქტის ზონაში უკანონოდ შეყვანილი ტანკებიდან, კონფლიქტის ზონაში უკანონოდ მყოფი თვითმავალი საარტილერიო დანადგარებიდან, ყველა სახის სხვა იარაღიდან, ნაღმტყროცნებიდან, ავტომატებიდან, ყუმბარმტყორცნებიდან და ყველა სხვა შესაძლო იარაღიდან.
ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვიმყოფებოდით რუსეთის ადგილობრივი სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობასთან. სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობამ განგვიცხადა რამდენიმე საათის წინ, რომ მათ მთლიანად აქვთ დაკარგული კონტროლი სეპარატისტების მოქმედებებზე.
მე გავაგზავნე ცხინვალში ჩემი სპეციალური წარმომადგენელი მოლაპარაკების საკითხებში საქართველოს პრეზიდნეტის სპეციალური წარმომადგენელი რეინტეგრაციის მინისტრი თემურ იაკობაშვილი, რათა გაემართა პირდაპირი მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. სეპარატისტებმა უარი თქვეს მის მიღებაზე…
ჩვენ გვაქვს მუდმივი კონტაქტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრაქტიკულად ვერ ცდილობს, როგორც ამბობენ ცდილობს, მაგარ ვერ ახერხებს კონფლიქტის ზონაში სეპარატისტების მიერ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას.
მინდა, მივმართო პირდაპირ იმ ხალხს, ვინც ახლა ესვრის მშვიდობიან მოსახლეობას, ახლა ესვრის საქართველოს პოლიციის შენაერთებს.
მე მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა და ვაღიარო, რომ რამდენიმე საათის წინ გავეცი ბრძანება – მტკივნეული ბრძანება, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, რომ არც ერთმა ქართულმა შენაერთმა, არც ერთმა ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფმა პოლიციურმა და სხვა შენაერთმა არ გახსნას საპასუხო ცეცხლი ძალიან ინტენსიური დაბომბვის შესაჩერებლად.
მე ეს გავაკეთე სრულიად შეგნებულად. გვყავს დაღუპულები, ჩვენ გვაქვს მსხვერპლი და მრავალი, მრავალი ადამიანი დაჭრილი, მრავალი მშვიდობიანი ადამიანის სახლია დაზარალებული, დაზიანებული ან დანგრეული. მაგრამ მე ეს გავაკეთე შეგნებულად იმიტომ, რომ გვქონოდა შესაძლებლობა, გამოვსულიყავი და მეთქვა თქვენთვის – მე გთავაზობთ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, მე გთავაზობთ დაუყოვნებლივ მოლაპარაკებას.
მე ვადასტურებ მრავალი წლის, უკვე ორი-სამი წლის წინ ჩემს მიერ წამოყენებულ და წლების განმავლობაში გავრცობილ გეგმას პრაქტიკულად შეუზღუდავი ავტონომიის და თვითმართველობის სამხრეთ ოსეთისთვის. ყველა ეთნიკური ოსის უფლებების განსაკუთრებულ დაცვას, საერთაშორისო გარანტიების ქვეშ მყოფ ავტონომიას, ევროკავშირის სტანდარტების შექმნილ ავტონომიურ ერთეულს და მე ასევე ვთავაზობ რუსეთის ფედერაციას იყოს სამხრეთ ოსური ავტონომიის გარანტი საქართველოს ტერიტორიაზე…
მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ადამაინი დაღუპულია, მოკლულია გაძარცვულია, მათი ქონება განადგურებულია, მე ვთავაზობ სეპარატისტებს და იმ ხალხს ვინც ჩართულია კრიმინალურ საქმიანობაში სრულ სისხლისსამართლებრივ ამნისტიას თუ ისინი შეწყვეტენ დაუყოვნებლივ ცეცხლს. მე მზად ვარ მშვიდობისთვის წავიდე ამ ნაბიჯზე და მე მზად ვარ, რომ ყველა წარსული დანაშაული, რომელიც ჩადენილია ამ მრავალი წლის განმავლობაში პატიებულ იქნას ქართული სახელმწიფოს მიერ… გთავაზობთ მეგობრობის და პარტნიორობის ხელს ყველას, მიუხედავად იმისა რა გაქვთ გაკეთებული წარსულში…
მე ძალიან მიყვარს ოსი ხალხი როგორც პრეზიდენტს და როგორც ერთ რიგით ადამიანს. მე ძალიან დიდი თაყვანისმცემელი და პატივისმცემელი ვარ ოსური კულტურის, ოსური ისტორიის. ყველა ეთნიკური ოსი საქართველოში არის საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილი მრავალი, მრავალი საუკუნის განმავლობაში. ჩვენ ვამაყობთ თქვენით და ჩვენ ვამაყობთ ამ ჩვენი ერთობით. საქართველო ძლიერია თავისი მრავალფეროვნებით. საქართველო არ არის და არასდროს არ იქნება მონოეთნიკური ქვეყანა, ერთი ეთნოსის ქართველების ქვეყანა. საქართველო გვეკუთვნის ყევლა ჩვენ თანამბრად მიუხედავად ჩვენი წარმომავლობისა და მოდით ერთად გაუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას, მოდით ერთად ავაცილოთ მას თავიდან ძალადობა, მოდით ერთად ვიმუშაოთ უკეთესი მომავლისკენ, მოდით გადაუსვათ ხაზი ყოველგვარ უარყოფითს წარსულში და ვიფიქროთ ჩვენს საერთო მომავალზე.
მე მინდა მივმართო საერთაშორისო თანამეგობრობას ნურავინ ნუ შეეცდება, რომ საქართველოს მთავრობა წარმოადგინოს რაიმე სახის ძალადობის მომხრე. ამდენი დღეა ჩვენ ყველა ჩვენს პარტნიორს მივმართავთ, დღეს გვქონდა რამდენიმე მსოფლიო ლიდერთან საუბარი დაგვეხმარეთ ძალადობის ესკალაციის შეჩერებაში, დაგვეხმარეთ პრიდაპირი მოლაპარაკებების წარმოებაში, დაგვეხმარეთ ავტონომიის გარანტიების მიცემაში, დაგვეხმარეთ პროცესის ინტერნაციონალიზაციაში, დაგვეხმარეთ მათ შორის ჩვენ ტარადიციულ პარტნიორებთან უფრო კარგი დიალოგის წარმოებაში.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ძალადობა ავიცილოთ თავიდან.
მე მინდა მივმართო რუსეთის ფედერაციას – საქართველო არის ბუნებრივი მოკავშირე რუსეთის. ნებიმიერი საქართველოს პრეზიდენტი და მე პირველ რიგში, იმიტომ რომ მე ძალიან ზუსტი განცდა მაქვს რას ნიშნავს რუსეთი საქართველოსთვის, ყოველთვის მოწოდებული იქნება რუსეთთან გვქონდეს კარგი ურთიერთობა იმ პირობებში, როდესაც რუსეთი პატივსცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს საზღვრების ურღვევობას…
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ცეცხლი. გთხოვთ. ჩვენ არ გვაქვს სურვილი, რომ გიპასუხოთ. ამდენი წელი ვითმენდით და არ გიპასუხეთ ხომ? ამდენი წელი მაქსიმალურად თავშეკავებით ვპასუხობდით უამრავ პროვოკაციას, დანაშაულს და იმას, რასაც ძალიან ცოტა სახელმწიფო მოითმენდა…
დაუჯდეთ ისევ მოლაპარაკებების მაგიდას. ყველანაირი პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმატი, მრავალმხრივი ფორმატი, ყველანაირი ფორმატი იმისათვის, რომ გადავლახოთ ეს სრულიად ჩიხური სიტუაცია…ჩემო ძვირფასებო მე მაქვს იმედი თქვენი სიბრძნის, თქვენი დიდი ისტორიული გამოცდილების, გენეტიკურად ჩვენ ყველას გვაქვს ეს გამოცდილება. ეს არის კავკასია, სადაც ძალადობა ძალიან ცუდი შედეგის მომტანია ყოველთვის. მოდით ყველამ ერთად მივცეთ მშვიდობას და დიალოგს შანსი. ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი”.

Cesko