ცხვარიჭამიაში, ჩოხელების დასახლებაში გამართულ დაბადების დღის წვეულებას 20 წლის მირიან კუკავას სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
“რუსთავი ორის” ინფორმაციით, წვეულებას, დაახლოებით, 40-50 ახალგაზრდა ესწრებოდა.
შემთხვევის ადგილზე, ცხვარიჭამიაში, უკვე დასრულებულია საგამომძიებლო მოქმედებები.
მკვლელობის ფაქტს ჰყავდა თვითმხილველები, რომლებიც მომხდარს უშუალოდ ჩხუბის დაწყების შემდეგ შეესწრნენ. “კურიერის” ინფორმაციით, ერთი სავარაუდო ეჭვმიტანილი პოლიციას უკვე ჰყავს, თუმცა ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობი., ცნობილია, რომ ის დაკავებული არ არის.
ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ეს არ იყო გაქირავებული აგარაკი, არამედ ეს იყო მეპატრონის დაბადების დღე და ამ მიზეზით იყვნენ შეკრებილი ახალგაზრდები.
იკვეთება გარემოება, რომ 20 წლის მირიან კუკავა ადგილზე არ გარდაცვლილა. მოკლულის ახლობლებს სავარაუდო ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
ჯერჯერობით უცნობია რა ინფორმაცია მიაწოდეს მათ სამართალდამცველებს. პოლიციის შენობიდან გამოსულებს, მედიასთან განმარტებები არ გაუკეთებიათ.
ცნობილია, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მცხეთის პოლიციის, რაიონულ განყოფილებაში წუხელ გვიან ღამემდე იკითხებოდა 30-ზე მეტი მოწმე – მათი უმრავლესობა არასრულწლოვანია.