ქალბატონო სალომე, მიპასუხეთ, სად იყავით ამ ბრძოლაში – თეა წულუკიანი

0
758
21 Views

ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც რუსეთს ელოლიავება კი არა, ერთი მეორის მიყოლებით დავები ვაწარმოეთ მის წინააღმდეგ, ეს დავები მოვიგეთ და ძალიან სერიოზული აგრესია იყო მათი მხრიდან სასამართლო დარბაზში და მის მიღმა; აქედან გამომდინარე, სად ხედავს ის ლოლიაობას, არ ვიცი, – განაცხადა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხისთვის პრეზიდენტის მიერ მიცემული ინტერვიუს შეფასებისას.

თეა წულუკიანმა „პოსტივის“ ეთერში განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილთან აქვს სერიოზული პრეტენზია.

„მე არ მახსენდება მისგან შემოთავაზებული არც ერთი დახმარება, როცა მე, როგორც იუსტიციის მინისტრი და მხარე, სახელმწიფოს წარმომადგენელი სტრასბურგში ვიცავდი ქართული ჯარის, პროკურორის, პოლიციის, ყველაფრის ინტერესებს, არ მახსენდება ხელის შეშლის მეტი არაფერი.

მაგალითისთვის, მახსენდება ერთი კონკრეტული მწარე შემთხვევა, როდესაც სტრასბურგში მყავდა ჩემი იურისტები გაგზავნილი და უწყებათაშორისი შტაბი მქონდა შექმნილი აგვისტოს ომის საქმეზე. რა თქმა უნდა, თავდაცვა იყო, ვინც გვეთანამშრომლებოდა ბოლომდე, გენერალური შტაბი, სუს-ი, პროკურატურა – მთავარი ლიდერი ამ ყველაფრის გამოძიების და იუსტიციის სამინისტრო – დავის მწარმოებელი და შსს, თავისთავად. მთელი ეს ბლოკი ვისხედით და ვმუშაობდით. შემდეგ მე ვგზავნიდი იუსტიციელებს, თანამშრომლებს, რომ დაეცვათ დავა. მეორე მხარეს ჩვენს თანამშრომლებს ხვდებოდნენ რუსი თანამშრომლები, რომლებიც ამტკიცებდნენ, თქვენ მოიგონეთ, თავს დაგვესხით, ისკანდერი გორში არ ჩამომიგდია, ეს ფოტოშოპია და ა.შ. და გამოდის ქალბატონი სალომე, ამ დროს არის უკვე პრეზიდენტობის კანდიდატი, კამპანია მიყავს და ამბობს, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი. ეს იყო სერიოზული ხელშეშლა ჩემთვის. ეს მისთვის არასდროს მისაყვედურია. რაკი იმაზე მიდგა საქმე, ვის რა სურს, ვინ ვის ელოლიავება, ეს არის ჩემი სერიოზული პრეტენზია“, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი აღნიშნავს, რომ მსგავსი საერთაშორისო დავების დროს სიფრთხილეა საჭირო.

„ამიტომ უნდა ვიყოთ ყველა ფრთხილად, როცა ვიცით, რომ საერთაშორისო დავა მიმდინარეობს, რომ რაღაც განცხადებებისგან თავი შევიკავოთ, მით უმეტეს, როცა არის სიცრუე. აი, ასეთი რამ გააკეთა მან, როდესაც ბრძოლის ველზე წასულ იურისტებს ზურგში გაუკეთა ასეთი განცხადება. თქვა სიცრუე, რომ საქართველოს, თურმე, დაუწყია ომი, დაადანაშაულა ქართული ჯარი; რა თქმა უნდა, ეს გამოყენებული იყო რუსეთის მიერ ჩვენ წინააღმდეგ. ჩვენ შევძელით მართლაც ძალიან დიდი მუშაობით – და ამ სიტყვას განგებ ვიყენებ, რადგან მან ბევრჯერ ახსენა და თითქმის უსაქმურებად გამოგვაცხადა – სწორედ ძალიან დიდი მუშაობის შედეგად, ამდენი უწყების, ვინც ჩამოვთვალე – პროკურატურა, თავდაცვა, სუს-ი, შსს, საგარეო საქმეთა სამინისტრო, იუსტიცია, მივიყვანეთ იქამდე, რომ ამ ყველაფრის გაბათილება შევძელით“, – აცხადებს წულუკიანი.

თეა წულუკიანი აღნიშნავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ამ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეში სალომე ზურაბიშვილის დახმარება არ ახსენდება.

„მე არ მახსენდება ქალბატონი სალომეს დახმარება რუსეთის წინააღმდეგ ამ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რაც კი ამ ხელისუფლებამ გაუკეთა საკუთარ ქვეყანას, რომელიც დარჩება. ჩვენ რეალურად ჩვენს შვილებს ხელში მივეცით დოკუმენტი, როგორიც ჩვენ საერთოდ არ გვქონია და ვერც ვიოცნებებდით ამაზე. ეს არის სამართლებრივი დოკუმენტი, სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა, საქართველოა ის, რასაც ჩვენ რუკაზე ვეძახით საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში; რომ დევნილები უნდა დაბრუნდნენ; რომ ჩატარებულია ეთნიკური წმენდა ქართველების წინააღმდეგ; რომ ანწუხელიძე-სოფრომაძე და სხვები იყვნენ ნაწამები და მოკლული რუსების ხელით – ეს ყველაფერი ჩვენ მოვახერხეთ და მტკიცებულება გვაქვს; ის კი არა, რომ ჩვენ რომ გავალთ სცენიდან და შემოვლენ ახალგაზრდა ქართველები და მერე იმათ უნდა ამტკიცონ რაღაც, ყველაფერი დამტკიცებულია. სად იყავით ამ ბრძოლაში, ქალბატონო სალომე, მიპასუხეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Cesko