“თქვენ არა უვიცობა, არამედ ანგარება გამოძრავებთ, როდესაც დემოკრატს დიქტატორს ეძახით, ხოლო სადისტს – თავისუფლებისა და დემოკრატიის სიმბოლოს” – ნანა კაკაბაძე ევროპარლამენტარებს

July 18, 12:28
0
431

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ნანა კაკაბაძე ევროპარლამენტარებს მიმართავს. მისი აზრით, 300-მდე უპასუხისმგებლო ევროპარლამენტარს წარმოდგენა არ აქვს, რეალურად რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და ბრმად ეთანხმებიან საქართველოს საწინააღმდეგო სამარცხვინო რეზოლუციას.

„მარქსიზმისა და ფაშიზმის შემდეგ, ევროპიდან ლიბერალური ტოტალიტარიზმი დაიძრა! ბოლო ხანებში ნაცებზე უფრო ნაცური ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული რიტორიკით, ზღვარგადასული ცინიზმით, უტიფრობით და თავხედური პოლიტიკური აქტიურობით დაგვამახსოვრეს თავი ევროპარლამენტარებმა: კუბილიუსმა, კალიურანტმა, ჟიგიმანტასმა, კარლ ბილდტმა, ფოტიგამ, გრიგორიევამ, გალერმა და ვინმე ქალბატონმა რასამ, თავისი ძნელად დასამახსოვრებელი გვარით.

„ნაცებთან“ იდენტობა მყისიერად თვალში საცემი ხდება, როდესაც მათ რიტორიკას მოისმენ – არავითარი ფაქტები, არგუმენტები, მტკიცებულებები, მხოლოდ შემუშავებული, დაზეპირებული კლიშეები, ლოზუნგები, აღქმები, აღქმები და აღქმები. მაგალითად: საქართველო ატარებს პრორუსულ პოლიტიკას!

ამ პოლიტიკას განსაზღვრავს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი!

საქართველოში დევნიან ჟურნალისტებს!

საქართველოში ავიწროებენ ბიზნესმენებს!

საქართველოში აყალბებენ არჩევნებს!

საქართველოში დიქტატურაა!

„ნაცების“ ლობისტი ათიოდე ევროპარლამენტარის ეს სენტენციები და დემოკრატიის სახელით ჭკუის დარიგებები შეიძლება არ გამხდარიყო ამხელა ყურადღების ღირსი, რომ არა მათი მხრიდან „ნაცების“ დროინდელი საქართველოს შეფასება –

„კარგ მმართველობად“,

„დემოკრატიის შუქურად“,

„დემოკრატიის ოაზისად“,

„ანტიკორუფციულ ზონად“,

„მედიის თავისუფლების მაგალითად“ და ა. შ.

70-80-იანი წლების ქართველი დისიდენტები, იმედის თვალით შევყურებდით და შევნატროდით რეიგანის ამერიკას, ტეტჩერის ბრიტანეთს, ევროპის თავისუფალ და დემოკრატიულ ცხოვრების წესს, იმ დროს ვერასოდეს წარმოვიდგენდით, რომ ოდესმე თავისუფალი სამყაროს სიმბოლოდ, სექსუალური თავისუფლების დროშა გადაიქცეოდა. განსხვავებული აზრისა და პოზიციების გამო, პიროვნების დაბულინგებასა და საზოგადოებიდან მოკვეთის ფაშისტურ-კომუნისტური მეთოდები, ევროპული ტრიბუნიდან ადამიანის უფლებათა დაცვად გამოცხადდებოდა. პოლიტიკურ მიზნებს დაქვემდებარებული, ანტისახელმწიფოებრივი მედია, თავისუფალი სიტყვის მედროშედ შეფასდებოდა. სიცრუის ტირაჟირება, რეალობის გაყალბება, ფაქტებისა და მტკიცებულებების ნაცვლად, რაღაც გაუგებარი აღქმები, ევროპელი სტანდარტის დემოკრატიად მოგვეწოდებოდა.

ჩვენი თაობის დისიდენტები საბჭოთა მონსტრის წინააღმდეგ ბრძოლისას, ფსევდო ღირებულებებისა და ფსევდო თავისუფლებისთვის არ ვიბრძოდით! გარდა პირადი დაინტერესებისა, ძნელია სხვა საფუძველი მოუძებნო ზოგიერთი ევროპელი თუ ამერიკელი პოლიტიკოსის მიერ, საქართველოში არსებული მდგომარეობის მრუდე სარკეში დანახვას.

გამოკვეთილად ანტიდემოკრატიულ, ანტიევროპულ, სადისტურ პოლიტიკურ ძალას ევროპული ღირებულებების სამაგალითო მმართველობა დაარქვა.

ანტიდემოკრატიული რეჟიმის დამმარცხებელ, რეალურად დემოკრატიულ ევროპულ მმართველობას კი ანტიდემოკრატიული მმართველობა. ისტორიამ აჩვენა, რომ ქართველი ხალხი უმწვავესად და მასშტაბურად რეაგირებს უსამართლობაზე! ამიტომაც აქვს მას ადეკვატური რეაქცია, როდესაც ქვეყნის მოჭირნახულე პატრიოტ ბიძინა ივანიშვილს, ეს ათიოდე გარეწარი ევროპარლამენტარი, ქვეყნის მტერს და დამაქცევარს, დიქტატორსა და პრორუს ოლიგარქს უწოდებს.

მართლა ანტიდემოკრატიული და სადისტური მმართველობის მამამთავარს, სისხლის სამართლის დამნაშავე მიხეილ სააკაშვილს კი რეფორმატორ პოლიტიკოსს და მის უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს.

შეუძლებელია, თქვენ არ იცოდეთ სადისტური რეჟიმის შემქმნელის „საქმენი საგმირონი“, ამიტომ, არა უვიცობა, არამედ ანგარება გამოძრავებთ, როდესაც დემოკრატს დიქტატორს ეძახით, ხოლო სადისტს – თავისუფლებისა და დემოკრატიის სიმბოლოს. თქვენ ადამიანის უფლებების სახელით აბულინგებთ ურჩებს და ახალისებთ მორჩილებს! სწორედ ეს არის ანტიდასავლური და ბოლშევიკური მეთოდებით მოქმედება,

ადამიანის უფლებების პოლიტიკური მიზნებისათვის ბოროტად გამოყენება!

ჩვენი ადრესატი, ძირითადად ის ათიოდე კორუმპირებული, უთავმოყვარეო ევროპარლამენტარია, რომლებიც გვიმტკიცებენ, თითქოს საქართველოს დემოკრატიაზე ზრუნვით, დღე და ღამე არ სძინავთ. შეუძლებელია, აქვე არ მოიხსენიო ის 300-მდე უპასუხისმგებლო ევროპარლამენტარი, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რეალურად რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და ბრმად ეთანხმებიან საქართველოს საწინააღმდეგო სამარცხვინო რეზოლუციას.

დღევანდელ დასავლეთში, სწორედ ეს არის არსებული დემოკრატიის კრიზისის უტყუარი ნიშანი! არასწორი აღქმებით, მიზანმიმართულად დამახინჯებული რეალობის გაზიარებით, თქვენ ხელს უწყობთ საქართველოში, ყველაზე ანტიდემოკრატიულ ძალებს, დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. სწორედ ამიტომ ევროპული ორიენტაცია იწვევს ქართველ ხალხში სულ უფრო მეტ ნიჰილიზმს. სწორედ ამის შედეგია ის სამწუხარო ფაქტი, რომ საქართველოში ევროპული ორიენტაციის მხარდამჭერთა რიცხვი ნამდვილად აღარ არის ის, რაც 30, 20 ან თუნდაც 10-12 წლის წინ დაფიქსირდა.

ახალი რეფერენდუმის ჩატარების გარეშე ძნელია ზუსტი პროცენტის დასახელება, მაგრამ ყველა ობიექტური დამკვირვებელი ამას ზედაპირულადაც შეამჩნევდა.

რაც შეეხება, დასავლეთში დღეს არსებულ პრობლემებს დემოკრატიული ღირებულებებისადმი, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი სერიოზული კრიზისი, ერთხელ იყო მე-19 საუკუნის ბოლოს, როდესაც მთელი ევროპა დაავადდა მარქსიზმის ბაცილით,

მეორედ იყო მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც ევროპამ შვა და გაავრცელა ფაშიზმი.

მესამედ არის დღეს, 21-ე საუკუნეში, ვინაიდან გაჩნდა ახალი სენის- რადიკალური ლიბერალიზმის გავრცელების საშიშროება, რომელიც ფაქტიურად ბოლშევიზმისა და ფაშიზმის ნაზავს წარმოადგენს“, – წერს ნანა კაკაბაძე.

Cesko