საქართველოში დღეს რამდენიმე მიწისძვრა მოხდა. ძირითადი ეპიცენტრი სოფელი სამება იყო.
აღნიშნულ თემაზე, “დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა, თეა გოდოლაძემ ისაუბრა.
“2021 წლის მაისიდან მოყოლებული ჯავახეთის ქედზე 11 961 მიწისძვრა მოხდა, მაგრამ ეს კარგია, ასე რომ ხდება. დაბალი და საშუალო მიწისძვრის ხარჯზე სეისმური ენერგია თავისუფლდება. ასე რომ, პირიქით უკეთესია ერთი დიდი მიწისძვრა რომ არ ხდება…
ახლა გახშირებული მიწისძვრები იმიტომ გვგონია, ჩვენი ცენტრი განვითარდა და მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მიეწოდება ყოველი მომხდარი მიწისძვრის შესახებ. ხელოვნური ჩარევებიო და ამ თემაზე რომ ვინმემ სერიოზულად საუბარი დაიწყოს, გავბრაზდები კიდეც. ეს არის პროცესი, რომლის ჩარევაც, მართვაც ადამიანს არ შეუძლია და არ შეეძლება უახლოესი მილიონი წლის განმავლობაში!
თბილისს არ ახასიათებს ხშირი მიწისძვრები, მაგრამ სამაგიეროდ შესაძლებელია დიდი მიწისძვრა მოხდეს… ამიტომაც ვსაუბრობ სულ გახშირებულ მშენებლობებზე, რომლებიც დიდ მიწისძვრას ვერ გაუძლებენ და ყურადღებას არავინ მაქცევს. ახლაც ამ წუთას მიწისძვრა მოხდა, რომელიც დღეს შედარებით მაღალი სიმძლავრის მეშვიდე მიწისძვრაა”, – განაცხადა “დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა.