ათენში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს

July 6, 23:14
0
671

ბერძნული მედია, ათენში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს ასაჯაროებს, რა დროსაც გაანეიტრალეს 13- კაციანი დაჯგუფება 72 წლის “კანონიერი ქურდის“, კაკო ბილანიშვილის მეთაურობით.

ბერძნული მედია კი დაკავებულთა ფოტოებს და დანაშაულის დეტალებზე წერს. შავი სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი 13-კაციან დაჯგუფებასთან ერთად ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

10 მისამართზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ბერძენმა სამართალდამცველებმა ძვირფასეულობა, დიდი ოდენობით ფული და ავტომობილები ამოიღეს. ასევე, ამოღებულია „კანონიერი ქურდის” კუთვნილი ე.წ. კასტეტი და რამდენიმე ხელჯოხი, რომელიც ბასრი იარაღის ფუნქციას ასრულებს. საერთო ჯამში, ნაძარცვი ნივთების ღირებულება 434 ათას ევროს აჭარბებს. ჩხრეკისას ამოღებულ ნივთებს შორისაა ადგილობრივი პოლიციელების სახელზე გაფორმებული რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი, რაც აჩენს ეჭვს, რომ ქართველების დაჯგუფებამ სამართალდამცველების სახლებიც გაძარცვა. სულ დადგენილია ძარცვის 47-მდე შემთხვევა. ნაძარცვი ნივთების რეალიზაცია კი ძირითადად ათენში მდებარე ერთ-ერთ ქართულ რესტორანში ხდებოდა, რომლის მფლობელიც ასევე დაპატიმრებულია. დაკავებულთა ნაწილი წარსულში ნასამართლევია, ნაწილი კი საბერძნეთიდან რამდენიმე წლის წინ გააძევეს, თუმცა შეცვლილი გვარით უკან დაბრუნება მაინც მოახერხეს.

Cesko