„ივანიშვილი ერთადერთი ადამიანია ქვეყანაში, ვისაც შეუძლია პრობლემები სამოქალაქო დაპირისპირების გარეშე გადაწყვიტოს“ – გია ხუხაშვილი

0
775
350 Views

„პრემიერების გადგომა, თუნდაც მთლიანი ხელისუფლების გადადგომა თავის მთავრობიანად არანაირ ცვლილებებს არ გამოიწვევს“, – ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო გადატრიალებას დღეს ხალხს ხელისუფლება უწყობს.

„პირველ რიგში, ეს არის ძალიან კარგი, მისასალმებელი და გამოღვიძების პროცესი. საზოგადოება ახორციელებს პირდაპირი დემოკრატიის აქტს ანუ აღადგენს კონსტიტუციურ წესრიგს, აიძულებს ხელისუფლებას დაბრუნდეს იმ დღის წესრიგში, რაც გრძელვადიანი განვითარებისთვის ქვეყნის არის აუცილებელი ან თუ ამას ვერ ახერხებს უშვებს სახლში და ქირაობს ახალ ხელისუფლებას, რომელიც შეასრულებს საზოგადოების დავალებას იმ მანდატის ფარგლებში, რაც მას მიცემული აქვს, ეს არის ძალიან კარგი ცივილიზებული პროცესი. სახელმწიფო გადატრიალებას დღეს ხელისუფლება უწყობს თავის ხალხს, გადის მანდატის ფარგლებიდან“, – აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

ამასთან, ექსპერტი ამბობს, რომ მოლაპარაკების პროცესზე პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს.

„პრემიერების გადგომა, თუნდაც მთლიანი ხელისუფლების გადადგომა თავის მთავრობიანად არანაირ ცვლილებებს არ იწვევს. შესაბამისად, პირველი ამოცანა არის ის, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი პირი გამოიყვანო დღის სინათლეზე. საზოგადოების წინაშე ხელისუფლებამ უნდა გამოაცხადოს კაპიტულაცია და მოლაპარაკებები უნდა გამართოს კაპიტულაციის პირობებზე.

მოლაპარაკების პროცესზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილმა უნდა აიღოს. ერთადერთი ადამიანია ქვეყანაში, ვისაც შეუძლია ეს პრობლემები სამოქალაქო დაპირისპირების გარეშე გადაწყვიტოს. ივანიშვილია, რომელსაც შეუძლია აიძულოს მთავრობაც, პარლამენტი და სხვა ინსტიტუტები რომ ის შეთანხმება, რაც იქნება მიღწეული შესრულდება. კობახიძე, ღარიბაშვილი, პაპუაშვილი რეალურად არ არსებობენ, ისინი არიან ადამიანის სხეულში ჩადებული ცარიელი ადგილები.

მოლაპარაკების დიაპაზონი დღეს არის ძალიან დიდი. რა თქმა უნდა, რიგგარეშე არჩევნები და კონკურენტული არჩევნების ჩატარებაა მნიშვნელოვანი. სამოქალაქო პროტესტს მივესალმები, მხარსაც ვუჭერ, მაგრამ სამოქალაქო პროტესტს სჭირდება სიცხადე და ისეთი გეგმა, რომელიც დაარწმუნებს ხალხს რომ შედეგს მოიტანს“, – აცხადებს ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში.

Cesko