NBC News: როდესაც აშშ-ის თავდაცვისა და სახელმწიფო მდივნებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის გამარჯვება სურდა, ჯო ბაიდენმა მათ ტონის შერბილებისკენ მოუწოდა

0
451
56 Views

როდესაც აშშ-ის თავდაცვისა და სახელმწიფო მდივნებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის გამარჯვება სურდა, ჯო ბაიდენმა მათ ტონის შერბილებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია NBC News-ი თეთრ სახლში ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, აპრილში უკრაინაში ვიზიტის დროს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა საჯაროდ განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას სურდა, რომ უკრაინელებს რუსეთის წინააღმდეგ ომი მოეგოთ. აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებას საჯაროდ დაეთანხმა სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი.

აშშ-ის ადმინისტრაციაში რამდენიმე ოფიციალური წყაროს ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა მიიჩნია, რომ თავდაცვისა და სახელმწიფო მდივნები ძალიან შორს წავიდნენ თავიანთ განცხადებებში. აშშ-ის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა, რომ აღნიშნულმა კომენტარებმა შეიძლება არარეალური მოლოდინები შექმნას და გაზარდოს აშშ-ის რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტის რისკი. მან თავდაცვისა და სახელმწიფო მდივნებს ტონის შერბილებისკენ მოუწოდა.

„ბაიდენს არ გაუხარდა, როდესაც ბლინკენმა და ოსტინმა უკრაინის გამარჯვებაზე ისაუბრეს. ის არ იყო კმაყოფილი ამ რიტორიკით“, – განუცხადა NBC News-ს ერთ-ერთმა ოფიციალურმა წყარომ.

NBC News-ი წერს, რომ წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის ოფიციალური პირები სულ უფრო მეტად არიან შეშფოთებულნი, რომ უკრაინაში ომის ტრაექტორია გაუმართავია და ფარულად განიხილავენ, შეამსუბუქოს უნდა თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი მკაცრი საჯარო პოზიცია იმის თაობაზე, რომ რუსეთს ტერიტორიები არასდროს გადაეცემა, როგორც ომის დასრულების შეთანხმების ნაწილი.

„ჩვენ არ ვახდენთ მათზე [უკრაინელებზე] ზეწოლას, რომ დათმობაზე წავიდნენ, როგორც ამას ზოგიერთი ევროპელი აკეთებს. ჩვენ არასდროს მოვთხოვთ მათ ტერიტორიის დათმობას. ჩვენ ვგეგმავთ ხანგრძლივ ომს. ჩვენ ვაპირებთ მოვამზადოთ ამერიკელი ხალხი ამისთვის და მზად ვართ კონგრესს ვთხოვოთ მეტი ფული“, – აღნიშნა ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

Cesko