ეროსი მანჯგალაძემ ელენე ყიფშიძის სიყვარული სამარეში ჩაიტანა

May 26, 17:31
0
1634

,,ეროსი რომ დაიღუპა, იმ საღამოს მასთან ვიყავი სახლში. ბიჭები ვიყავით ასულები, მიდიოდა ნარდის თამაში, სუფრა უნდა გაშლილიყო. მე ვერ დავრჩი, ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ იყო და წამოვედი. გამოვედი ოთახიდან და დავარდა კაცი…” – ასე იხსენებს მსახიობი ზურაბ ყიფშიძე თავისი უფროსი კოლეგის და მეგობრის, მსახიობ ეროსი მანჯგალაძის გარდაცვალების დღეს. ეს მოხდა 40 წლის წინ. ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავი მაშინ 57 წლის იყო.

ამ ორი დიდი მსახიობის ცხოვრება ერთი ქალით იყო გადაჯაჭვული, ასევე დიდი მსახიობით – ელენე (ლენა) ყიფშიძით, რომელიც ეროსი მანჯგალაძის მეუღლე გახლდათ. ,,როცა 27 წლის ლენამ იმდროინდელი თბილისისთვის სკანდალური ნაბიჯი გადადგა და ქორწინების გარეშე გააჩინა ბიჭი, მასთან ერთად დაიბადა მითიც, რომ ზურა ეროსის შვილი იყო. ამ მითის თვითონ ზურასაც სჯეროდა კარგა ხანს. უფრო სწორად, არ იცოდა, ვინ იყო მამა, მართლა ეროსი თუ სხვა”, – წერს ჟურნალისტი რეზო შატაკიშვილი თავის ბლოგში.

ზურაბ ყიფშიძე კი იხსენებს:

“სასწაული პრესი იყო, ფაქტობრივად ნაბიჭვრად მთვლიდნენ და ასე შემდეგ… განვიცდიდი ამას ჩემებურად, მაგრამ რატომღაც შინაგანად ვიცოდი და მჯეროდა, ინტუიციით ვგრძნობდი, რომ დედაჩემი მართალი იყო თავის ცხოვრებაში, სწორად ცხოვრობდა. მე მაღიზიანებდა და კონფლიქტი მქონდა საზოგადოებასთან და არა – დედაჩემთან…

მახსოვს, სოფელში ვიყავი, ასე წარმადგინეს, გაიცანით, ესაო ეროსის ბიჭიაო. გავგიჟდი! მეთქი, ვინ ეროსის ბიჭი ვარ?! დავიწყე ყვირილი, ბოლო-ბოლო გამაგებინეთ, ვინ ვარ, რა ვარ, ვისი შვილი ვარ-მეთქი. 13-14 წლის ვიყავი, როცა გავიგე, ვინ იყო მამაჩემი – მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ავთო ვერულეიშვილი… ისე მოხდა, რომ ეროსი ჩემი თეატრის დირექტორიც იყო და პარტნიორიც, ძალიან ვახლობლობდით”.

ეროსი მანჯგალაძის ცხოვრებაში სანამ დიდი და ერთადერთი, მაგრამ ტკივილიანი სიყვარული მოვიდოდა, არაერთი ტრაგედია გადაიტანა. მისი ბედისწერა რაღაცნაირად დაღდასმული იყო, მსახიობისგან გამუდმებით მიდიოდნენ საყვარელი ადამიანები…

ეროსი მანჯგალაძე ქართულ თეატრსა და კინოში გამორჩეული იყო თავისი გარეგნობით, ხმის ტემბრით, გარდასახვის საოცარი უნარით. თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების დღიდან რუსთაველის თეატრში თამაშობდა. სცენაზე ბევრი საინტერესო და დასამახსოვრებელი სახე შექმნა, თამაშობდა ტელესპექტაკლებშიც. რაც შეეხება კინოს, მის ფილმებს თუ გადავხედავთ, მთავარი როლი არასოდეს ჰქონია, მაგრამ მისი ყველა პერსონაჟი გამორჩეული იყო და მთავარ გმირებსაც ჩრდილავდა.

30 წლის განმავლობაში რადიოკომიტეტში საფეხბურთო მატჩებს უძღვებოდა. შეიძლება ითქვას, რომ მან რადიორეპორტაჟები ხელოვნების დონეზე აიყვანა.

მსახიობის ცხოვრების დიდ სიყვარულზე ,,სარკეს” მისი და, ბელა მანჯგალაძე, ესაუბრა:

– ცოლად ლენა ყიფშიძე რომ შეირთო, 37 წლის იყო. ის ძალიან კარგი გოგო იყო, ჩვენ ძალიან ვუყვარდით და კარგი ურთიერთობა გვქონდა. ჩემმა ძმამ პირველად რომ მოიყვანა სახლში, ლენა დედაჩემის ოთახში გაიქცა და ლოგინზე ჩამოუჯდა. უთხრა, თამარა დეიდა, ეროსიმ რომც მიმატოვოს, მე თქვენგან არასოდეს წავალო. კარგი პიროვნება იყო, მაგრამ რატომღაც მისი და ეროსის ურთიერთობა ვერ აეწყო. მათი ოჯახი 3 თვეში დაინგრა. არ ვიცი, სინამდვილეში რა მოხდა, რის გამო გაშორდნენ.

გაშორებას ორივე ძალიან განიცდიდა. ასეთი უიღბლობის შემდეგ ეროსის ოჯახის შექმნაზე აღარ უფიქრია. ყველა ურჩევდა, კიდევ შეერთო ცოლი, მაგრამ ეს არ გააკეთა.

ჩემი ძმა სხვანაირი ტიპი იყო, სიყვარული მხოლოდ ერთხელ შეეძლო. თეატრალური ინსტიტუტიდან რუსთაველის თეატრში როგორც გაუშვეს, იმ დღიდან ლენა უყვარდა და ამქვეყნიდან მასზე შეყვარებული წავიდა. უბრალოდ, რაც მოხდა, ის ვერ აპატია…

ჩემი ძმის ოჯახის დანგრევა მეც ძალიან განვიცადე. ამ დროს უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ლენა ჩემთან ხშირად მოდიოდა და მთხოვდა, ქმართან შერიგებაში დავხმარებოდი, მაგრამ ეს აღარ გამოვიდა. ხშირად მირეკავდა და მომიკითხავდა. ერთ-ერთი ბოლო დარეკვის დროს მითხრა, მე და ეროსი შევრიგდებოდით, მაგრამ ვიღაც ჩაერიაო. მართალია, ჩემს ძმას ლენას მიმართ გრძნობა სიცოცხლის ბოლომდე ჰქონდა, მაგრამ რაღაც ვერ აპატია…

ეროსის სულ ჩავჩიჩინებდი, რომ ცოლი მოეყვანა. როგორც იქნა, იქორწინა და რომ გაშორდნენ, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. ერთხელ ისიც კი ვუთხარი, მე რომ ასე არ დამეჟინა, იქნებ ცოლი არც შეგერთო და ყველაფერი ასე ცუდადაც არ დამთავრდებოდა-მეთქი. ეროსიმ კი მიპასუხა, შენ არაფერ შუაში ხარ, მე ცოლად მხოლოდ ლენას შევირთავდი, სხვას არავის და რა მნიშვნელობა აქვს, ეს როდის მოხდებოდაო.

_როგორი იყო მისი უკანასკნელი დღე?

– გულის შეტევით გარდაიცვალა. იმ დღეს რობიკო სტურუას მამის გასვენებაში იყო. იქიდან ეგრევე პოლიკლინიკაში წავიდა, რადგან გული აწუხებდა. იქ მისულს თურმე თავისი მკურნალი ექიმის ნაცვლად სხვა დახვდა, რომელიც უკვე წასასვლელად ემზადებოდა. ექთანმა ეროსის კარდიოგრამა რომ ნახა, არ მოეწონა და ექიმთან შეიყვანა. ის კაცი პიჯაკს იცვამდა, სახლში ეჩქარებოდა. პაციენტს ყურადღება არ მიაქცია, არც კი გასინჯა. მხოლოდ ერთი წამალი ჩაუდო გულისჯიბეში და უთხრა, როცა დაგჭირდება, დალიეო. ჩემი ძმა სწორედ იმ საღამოს გარდაიცვალა…

. ამქვეყნიდან ყველა ახლობელზე შეყვარებული წავიდა და თან საყვარელი ქალის დიდი სიყვარული წაიღო. არ ვიცი, ლენასაც ასე ბოლო წუთამდე უყვარდა თუ არა. როცა ეროსი გარდაიცვალა და თეატრში დაასვენეს, მახსოვს, რომ საპატიო ყარაულში ლენაც იდგა.

,,სარკე”

Cesko