რუსული მედიის ცნობით, რუსული არმიის დისკრედიტაციის საქმეზე ქალაქ უფას რაიონული სასამართლო რუსული როკ–ჯგუფის სოლისტის იური შევჩუკის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საქმეს განიხილავს.
„საქმეზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, სავარაუდოდ ხვალ იქნება მიღებული“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კონცერტის ორგანიზატორის რადმირ უსმანოვის თქმით, კონცერტის შემდგომ სამართალდამცველები შევჩუკთან ერთად იმყოფებოდნენ. ერთი საათის განმავლობაში საუბრობდნენ შევჩუკის განცხადებებზე ომისა და სამშობლოს შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა რუსულ მედიას დაუდასტურა, რომ შევჩუკის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.
როკ-მუსიკოსის იური შევჩუკის პროვოკაციულ განცხადებებთან დაკავშირებით 18 მაისს უფა არენაზე სპორტულ კომპლექსში გამართული კონცერტის დროს, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს უფას მე-7 პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა შეადგინეს ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ. რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.3.3 მუხლის პირველი ნაწილით, მასალები განსახილველად გადაეგზავნა სასამართლოს“, – განაცხადა შს სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.