სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება და ამბობს:
“ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პრეზიდენტის პოზიცია, ვიცი, რომ მას აღელვებს საქართველოს ევროპული გზა და ინტეგრაცია. მე მზად ვარ, მას შევხვდე და გავუზიარო ის მიგნენები, რაც ამ განაჩენთან დაკავშირებით და ზოგადად ბრალთან დაკავშირებით სახალხო დამცველს აქვს.
მე რომ ვიყო საქართველოს პრეზიდენტი და ვიცოდე, რომ დღეს არის ამ ქვეყნისთვის ისტორიულად გადამწყვეტი მომენტი და ქვეყანაში იყოს მიღებული გადაწყვეტილება პირის პატიმრობასთან დაკავშირებით მედიამენეჯერის მიმართ, სადაც სახალხო დამცველი ამბობს, რომ დანაშაულის ნიშნები არ იყო და ეს არის კანონიერების პრინციპთან შეუსაბამო გადაწყვეტილება, მე ნამდვილად ვიფიქრებდი შეწყალების გამოყენებაზე. ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა სამართლიანი გამოსავალი ამ სიტუაციასთან დაკავშირებით”
ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.