“დასანანია, რომ ახალი წელი აშშ-ს საელჩომ მსგავსი არამეგობრული განცხადებით დაიწყო” – დავით ზარდიაშვილი

0
1155
44 Views

„სამწუხარო და დასანანია, რომ ახალი წელი აშშ-ს საელჩომ მსგავსი არადიპლომატიური, არაკორექტული და არამეგობრული განცხადებით დაიწყო,“- ასე ეხმაურება ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი აშშ-ს საელჩოს განცხადებას, რომელშიც საელჩომ საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელების გამო გააკრიტიკა.
დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ აშშ-ს საელჩოს განცხადებაში გამოყენებული ფრაზები „დიპლომატიის ენის მიღმაა“ და უკიდურესად უპატივცემულო შეფასებაა.
„განსაკუთრებით გულსატკენია, რომ საელჩო არ ერიდება აშკარა უპატივცემულობის ღიად გამოხატვას არც მმართველი პარტიისა და არც საქართველოს პარლამენტის მიმართ, იყენებს რა ისეთ, რბილად რომ ვთქვათ – არამეგობრულ, დიპლომატიის ენის მიღმა გამოთქმებს, რაც ძალიან წააგავს სწორედაც რომ “სიძულვილის ენას”, როგორიცაა მაგ. “ძირი გამოუთხარა”.
გამაოგნებელია “ცივი ომის” რიტორიკიდან ამოღებული ასეთი გამოთქმის აბსოლუტურად არაადექვატური გამოყენება, როცა საქმე ეხება სუვერენული ქვეყნის, მით უმეტეს სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს პარლამენტის გადაწყვეტილებას ნებისმიერ შიდა პოლიტიკურ საკითხზე, თუკი გადაწყვეტილება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებშია მიღებული, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნებისმიერი მიუკერძოებელი დამკვირვებლისათვის – სრულიად უდავო უნდა იყოს! არობიექტური, არაადექვატური და საქართველოს მიმართ უკიდურესად უპატივცემულოა შეფასება, რომ, თურმე, არც მეტი, არც ნაკლები – მმართველი პარტია და პარლამენტი დემოკრატიას “ძირს უთხრიან”,“- წერს დავით ზარდიაშვილი.

მისი თქმით, მსგავსი შეფასებები ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას ხელს შეუშლის.
„დემოკრატიას, არ ვიცი რამდენად წაადგება მსგავსი განცხადებები, მაგრამ უდავოა: თუ საელჩო წელს ასე გააგრძელებს, როგორც დაიწყო, იგი მართლაც გამოუთხრის ძირს ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. და ეს იქნება ირიბი, მაგრამ უმოკლესი გზა, პუტინის ულტიმატუმის შესრულებისა,“- წერს დავით ზარდიაშვილი.

ცნობისათვის, აშშ-ს საელჩომ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელების გამო გააკრიტიკა.
„გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა; ზიანი მიაყენა ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებით და შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის დანიშვნით, რაც შერჩევის ხარვეზიანი პროცესით განხორციელდა. საზოგადოებას არ მიეწოდა სარწმუნო არგუმენტები, თუ რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილებების ნაჩქარევად მიღება, სათანადო კონსულტაციების გარეშე,“- ნათქვამია განცხადებაში.

Cesko