ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიასგან და კახა დამენიასგან 6,7 მილიონ ლარს ითხოვს

May 16, 16:32
0
270

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მფლობელი, ქიბარ ხალვაში თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს ეხმაურება, რომლითაც “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ​3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, კახა დამენიას კი 50 000-ლარიანი ჯარიმა.

“მსურს გამოვეხმაურო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებას ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისთვის მრავალმილიონიანი ზიანის მიყენებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე.

დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა მარტივი სამართლებრივი ჭეშმარიტება, რომ კომპანია “ინტერმედიასთან” გარიგების დადების გზით, “რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, ტელეკომპანიის მაშინდელი არაკანონიერი მფლობელების თანხმობით, “რუსთავი 2-ს” განზრახ 6,7 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური ზიანი მიაყენა.

აღნიშნული ზიანი ახლაც მძიმე ტვირთად აწევს “რუსთავი 2-ს”, რომელიც ქართული და სტრასბურგის სასამართლოების გადაწყვეტილებებით, 2019 წელს კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა. “რუსთავი 2-ისთვის” ზიანის მიყენების მოტივი გახლდათ ის გარემოება, რომ ტელეკომპანიის მაშინდელი არაკანონიერი მფლობელებისა და გენერალური დირექტორის საფუძვლიანი ვარაუდით, “რუსთავი 2″ კანონიერ მფლობელს უსათუოდ დამიბრუნდებოდა.

მათ თავად იცოდნენ, რომ ტელეკომპანიის შენარჩუნების არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდათ, რაც საბოლოოდ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც დაადასტურა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ტელეკომპანიისთვის ზიანის მიყენება გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა. ეს ნიშნავს, რომ ნიკა გვარამიამ ბოროტად ისარგებლა სტრასბურგის სასამართლოს მიერ შეფარდებული დროებითი ზომით, მისი გამოყენებით ტელეკომპანიას დამატებით რამდენიმე მილიონი ლარის ოდენობის ზიანი მიაყენა, რაც სტრასბურგის სასამართლოს მიმართ უდიერი დამოკიდებულების მკაფიო გამოვლინებაა. მოვუწოდებ დამნაშავეებს, სრულად აანაზღაურონ ტელეკომპანიისთვის მიყენებული მრავალმილიონიანი ზიანი. ამ მიზნით, სისხლის სამართლის განაჩენის საფუძველზე, დაუყოვნებლივ წარვადგენ სამოქალაქო სარჩელს სასამართლოში”, – ნათქვამია ხალვაშის განცხადებაში.

ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

Cesko