ღიმილით გაჩერებული დრო – თენგიზ ჩანტლაძე
5 ივნისს 78 წლისა გახდებოდა, თუმცა მის მეუღლეს – მსახიობ ზაირა ჩანტლაძეს ძალიან უჭირს ამ ასაკის დასახელება: 78 წელი ძალიან ბევრია ადამიანისთვის, რომელმაც თავის სიცოცხლეშივე დაამარცხა ასაკი. რა მნიშვნელობა ჰქონდა, რამდენი წლისა იყო მეგრელი მილიციელი, ან გაბუტული ლუარსაბი… ან იმას რა მნიშვნელობა ჰქონდა, რამდენი წლის იყო თამადა, რომელიც თავის ფაცხაში მოწყობილ ლხინს ნამდვილ სანახაობად აქცევდა ხოლმე… ბავშვივით იცოდა მოლხენა – მთელი სულითა და გულით… ლექსებსაც წაიკითხავდა. ბევრს არა, სულ რამდენიმე ლექსს კითხულობდა… მაგრამ ისე კითხულობდა, ვერასდროს ვეღარავინ რომ ვერ წაიკითხავს.
…საქმე საქმეზე რომ მიმდგარიყო, არც ხუთი წლის ბიჭივით სკამზე ასვლას დაგზარდებოდათ. საოცარი სანახავი იყო: იდგა ჭიქით ხელში, თვალებიდან სიკეთეს ასხივებდა და იმას ამბობდა, რაც უნდა ეთქვა, რომ ყველას ირგვლივ დავიწყებოდა თავისი სატკივარი, ფაცხის მიღმა გამეფებული ცხოვრების რიტმი – უკვე რომ ნელ-ნელა გადადიოდა ჯუნგლების კანონების ქვეშ მყოფთა ცხოვრების რიტმში. თენგიზ ჩანტლაძესთან დრო გაჩერებული იყო. თვითონ ბავშვურად ლაღი და ალალი ვერ შეეგუებოდა, რომ დროს შეეტანა ღვარძლი ან დაპირისპირება მის ახლობლებში. იდგა ადამიანის კეთილბუნებოვნების სადარაჯოზე და აცინებდა ყველას… კარგად იცოდა, ასე კეთილ ღიმილში უფრო ადვილი იყო ტკივილით სავსე ცხოვრების გზის გავლა.
არტისტიზმით ბუნებამ დააჯილდოვა, სულ 8 წლისა იყო, როცა ჰოლში ოთხ ხმაზე ლაპარაკობდა, ვითომ მამამისის მეგობრები მოვიდნენ და მათ ესაუბრებოდა. იმდენად დამაჯერებელი იყო ეს “გათამაშება”, რომ გაკვირვებული მამა გაფაციცებით ეძებდა მოსულ სტუმრებს…
– მგონი, თენგიზმა ფეხი რომ აიდგა, უკვე თენგიზ ჩანტლაძე იყო… ჩამოყალიბებული პიროვნება გახლდათ, – ამბობს მისი მეუღლე.
ახალგაზრდაც ისეთი იყო, როგორიც ბავშვი… შუახნისაც ისეთი იყო, როგორიც ახალგაზრდა…
ახალი პროგრამა მზადდებოდა და პლაკატისთვის ფოტოები უნდა გადაეღოთ… მაშინ 28 წლისა იყო. ზაირა – 23 წლისა. რეპეტიციაზე მიდიოდა, თენგიზმა დაუძახა და მოახედა… ასეთები იყვნენ, როცა ერთმანეთი შეუყვარდათ… ყველაფერი მოულოდნელად დაიწყო. 1961 წელს ინსტიტუტი დაამთავრა, სოხუმის თეატრში არ გაუშვეს მშობლებმა… დარჩა თბილისში უმუშევარი… მაშინ იკრიბებოდა თენგიზ ჩანტლაძის ჯგუფი, რომელიც ფილარმონიაში ამზადებდა პროგრამას. მეგობრის ოჯახში შეიკრიბნენ. თენგიზმა პროგრამა წაიკითხა. ძალიან მომეწონა, – იხსენებს ქალბატონი ზაირა, – მაგრამ პროგრამაზე მეტად თენგიზი მომეწონაო. იმ საღამოს შეროზიაზე, სახლამდე მიაცილა თენგიზმა და უთხრა: დღეიდან სიგარეტს აღარ მოწევ და პომადას აღარ წაისვამო… ასე დაიწყო. ხუთი წლის შემდეგ იქორწინეს.
“ისტორიანის” მკითხველს ექსკლუზიურად ვთავაზობთ ფოტოს, რომელზეც აღბეჭდილია პირველი საჩუქარი, რომელიც თენგიზ ჩანტლაძემ შეყვარებულს მიართვა. ორი მხიარული ჭუკი, რომელიც მხატვარმა ალბათ ბავშვებისთვის შექმნა, ზაირას უყიდა და პაემანზე აჩუქა… დღემდე ინახავს და უყვარს… ძალიან იაფფასიანი საჩუქარი იყო, მაგრამ თენგიზის მოძღვნილს ფასი არ ეზომებოდა.
საერთოდ ხელმოკლედ ცხოვრობდა. მაშინ ერთ გამოსვლაში 8 მანეთს აძლევდნენ… და ყოველი 8 მანეთიდან ცოტას ზოგავდა კიდეც, რომ მანქანა ეყიდა… მანქანა მისი ოცნება იყო… და იცით, ვიდრე ახალგაზრდა იყო და ამ ოცნების ასასრულებლად ძალას იკრებდა, ფეხსაცმელი არ ჰქონდა რიგიანი, წყალი რომ არ შესულიყო… ჟურნალ “ოგონიოკის” ყდა ჰქონდა ჩაფენილი…
მეუღლეს ყველაფერი უსიტყვოდ ესმოდა. ამიტომაც უყვარდა უსაზღვროდ. თუმცა ეხუმრებოდა კიდეც: შენ ჩემი მონაპოვარი ხარ – ანუ მონაცა და “პოვარიცო”…
თენგიზ ჩანტლაძე ძალიან მგრძნობიარე იყო, მშობლებზე მუდმივად დარდობდა. გასტროლებზე ჩავიდოდა თუ არა, სულ ფოსტაში გარბოდა, რომ თბილისში დაერეკა და მშობლების ამბავი გაეგო.
ერთხელ მამამისი მოსკოვში წავიდა. იქ ავად გახდა. სასწრაფოდ გაფრინდა თენგიზი. ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდა, უნდა გენახათ, როგორ ჩამოვიდა აეროპორტში, როგორ გაფაციცებული ეკითხებოდა მეუღლეს, როგორ ხარო…
ზაირას სამკაულები უყვარდა… ერთხელ ოდესაში ძალიან ლამაზი ბეჭედი ნახა. თენგიზმა: ოღონდ ახლა ეს არ მაყიდვინოო… თბილისში მოგცემ ფულს და უკეთესს გიყიდი, მაგრამ ახლა ვერ დავხარჯავ ამაზე თანხას, საჩუქრებისთვის მჭირდებაო.
საჩუქარი კი ყველასთვის უნდა ჩამოეტანა, წესად ჰქონდა. ყველაზე ძვირად ღირებული საჩუქარი მაშინ ბავშვთა სახლში აღზრდილი ბიჭისთვის, გვარად კოლცოვისთვის იყიდა, თეატრში სცენის მუშა იყო. დამლაგებელი არ დარჩებოდა უყურადღებოდ და კარისკაცი… იმ დღესაც, ოდესიდან რომ დაბრუნდნენ, 40-ზე მეტი საჩუქარი ჩამოიტანა საქართველოში…
რომ გაბრაზდებოდა, აბობოქრდებოდა, მაგრამ წუთის შემდეგ აღარ ახსოვდა წყენა. ბოღმა გულში არასოდეს ჩაუდევს.
ერთი ჩვევა ჰქონდა, სადაც უნდა ყოფილიყო, უსათუოდ თეატრში უნდა გამოევლო.
გამთენიისას ბრუნდებოდა წვეულებიდან და ჩვეულებას არ უღალატა, თეატრში გამოიარა. აბრახუნებს კარზე, არავინ უღებს… არადა, დარაჯს უნდა ესმოდეს წესით… არავინ გამოდის. იმდენი ქნა, სულ ჩამოიღო კარი, გვერდით მიაყუდა და თეატრში შევიდა. წაადგა დარაჯს თავზე, რომელიც იმ საღამოს დამთვრალიყო და ეძინა. კაცი იფიქრებდა, ახლა ამ უპასუხისმგებლო დარაჯს შუაზე გაგლეჯსო… არადა, რომ დაინახა ფერწასული დარაჯი, მოლბა, აღარაფერი უთქვამს.
თეატრი მისი ცხოვრება იყო: ყველა გზას თავის თეატრთან მიჰყავდა… სხვათა შორის, თავის კაბინეტში სხვა ფოტოების გვერდით თავისი ძაღლის – ჯულბარსის ფოტოც ეკიდა…
ძაღლი სულ ჰყავდა და ყველა ძაღლს ჯულბარსს არქმევდა… ერთი მეზობელმა მოუწამლა – ბევრს ყეფსო, მეორე – მილიციის სკოლაში დაჰყავდა… იმისი დიპლომის აღება მეგობრებთან ერთად აღნიშნა… ჰყავდა მსახიობი ჯულბარსიც… სპექტაკლში შეჰყავდა. სწორედ ბოლო ჯულბარსის ფოტო ეკიდა კაბინეტში… ერთხელ მოხუცებულმა დედამ შორიდან ვერ გაარჩია, რა ფოტო იყო კედელზე და მიამიტად იკითხა: ეს რა ნიღაბიაო… თენგიზი ხომ ნიღბებით თამაშობდა. დიდხანს ეცინებოდათ ამ ამბავზე… ნიღაბი კი არა, ჯულბარსი იყო, რომელმაც პატრონის გარდაცვალების შემდეგ კარგა ხანს წყალიც კი არ დალია…
რაიკინის თეატრი მინიატიურების თეატრთან მეგობრობდა, ფაცხაში გამართული ქეიფები რომ ნახეს, გაოცდნენ, ამის სცენარსაც წერთო? არავითარი სცენარი არ არსებობდა. ეს თენგიზ ჩანტლაძის ჩვეულებრივი მასპინძლობა იყო…
ხშირად ამ ფაცხაში სპეციალურად აწყობდა “მიღებას”, რომ გულნატკენი მეგობარი გაეხალისებინა. ნოდარ ახალკაცთან მეგობრობდა. მისი ბედი ძალიან აწუხებდა – საშინლად მოექცნენო… იყო ასეთი შემთხვევაც: ფაცხაში დიდი მხიარულება ჰქონდა, გარეთ გამოვიდოდა, ვითომ საქმეზე, ზაირასთან მივიდოდა: ძალიან ცუდად არის ნოდარი, გული მიკვდებაო, ცრემლს სახელოთი მოიწმენდდა და სუფრასთან შებრუნდებოდა. ვითომ აქ არაფერი – მხიარული თენგიზი იყო, რომელიც სასაცილო ამბებს ჰყვებოდა, მღეროდა, ცეკვავდა. გული კი უდუღდა. როცა თვითონ ატკინეს გული, აღარავინ ჰყავდა ისეთი, რომ მისი ტკივილი გაეზიარებინა…
ფაცხის კარზე ჭედური ჭადრის ფოთოლი ეკიდა, ზედ ამოჭედილი იყო სიტყვა “ძმობა”. თენგიზ ჩანტლაძეს მართლაც შეეძლო ალალი ძმობა.
საერთოდ, ადამიანებთან ისეთივე თბილი დამოკიდებულება ჰქონდა, როგორიც თავის პერსონაჟებთან. უყვარდა და ჩვენც გვაყვარებდა… ასე შემოვიდა მაყურებლის გულში მილიციელი, დიდი სიყვარულით რომ გააშარჟა.
მილიციის უფროსი გვარამია თენგიზ ჩანტლაძის ერთ-ერთი საუკეთესო როლია. მაშინ როცა საბჭოთა მილიცია არავის პატივისცემას აღარ იმსახურებდა, მან შეძლო და სიკეთით აავსო თავისი პერსონაჟი, არც ტენდენციურობა დაუკარგა, არც საქმისადმი სუბიექტური დამოკიდებულება, არც საქართველოს ულამაზესი კუთხის – სამეგრელოს წარმომადგენლისთვის დამახასიათებელი მეგრული შინაურულობა მეგრელისადმი, ყველაფერს ერთად კი საფუძველში სიყვარული ჩაუდო. ამიტომაც შეიყვარა საქართველომ მილიციის უფროსი გვარამია. ამ მინიატიურას დღემდე აქვს უდიდესი ძალა, რომ გაგაცინოს და გაგახალისოს. გახსოვთ, როგორ შეუყვანენ ოთხ წესრიგის დამრღვევ სტუდენტს განყოფილებაში? როგორ ეუბნებიან, ესენი ოპერის წინ ღრიალებდნენ და ძილს უფრთხობდნენ პატიოსან საზოგადოებასო… ვინ თქვაო… ზემდეგმა ჯამასპიშვილმაო…
” – ჯამასპიშვილს სმენა არა აქვს… ჯამასპიშვილის აზრით თუ სიმღერა ხულიგნობაა, ცეკვა ბანდიტიზმი იქნება, ბიჭო!” – ამბობს თენგიზ ჩანტლაძის გმირი და მაყურებელი გულიანად იცინის. მისი ყველა სიტყვა ფრთიან ფრაზებად დადიოდა თბილისში.
საოცარია, მისი ფრაზები დღესაც ცოცხალია. არც ერთ სპექტაკლს არ რგებია ასეთი მასშტაბური ხალხური სიყვარული და აღიარება, როგორიც მის სპექტაკლებს. თენგიზ ჩანტლაძე ახსოვთ და უყვართ, და თუმცა ცოცხალი აღარაა, მისი ხმა, მისი სპექტაკლების კადრები ისევ მხიარულ ტალღად შემოდის ჩვენს ცხოვრებაში.
ლელა ჯიყაშვილი
ჟურნალი “ისტორიანი”.#105