ხაზარაძე: ხელისუფლებას აქვს აუტანლობა კრიტიკული მედიის მიმართ, ქვეყანაში გრძელდება პოლიტიკური ლიდერების დევნა

May 16, 15:20
0
290

პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელმა და ასევე ბინძურ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სამართლიანი სასამართლო ამ ქვეყანაში არ არსებობს.
ხელისუფლების დღევანდელი გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას მიმართ არის პირდაპირი გზავნილი თავისუფალ მედიაზე ტოტალური კონტროლის დამყარების. ხელისუფლებას აქვს აუტანლობა კრიტიკული მედიის მიმართ, ხელისუფლებას აშინებს მედიაპლურალიზმი. ქვეყანაში გრძელდება პოლიტიკური ლიდერების დევნა. ქვეყანაში არის დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივი რყევა და ხშირ შემთხვევაში მათი მოშლა.
დღევანდელი უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება მძიმედ ხელისშემშლელი ფაქტორია ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის ბრძოლის გზაზე. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მუდმივად მოგვიწოდებენ პოლარიზაციის და პოლიტიკური ესკალაციის დასრულებისაკენ, რომელიც დღევანდელმა უსამართლო გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო მეტად შეიყვანა ჩიხში.
ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი საფრთხის ქვეშ არის და ქართულ ოცნებას გეზი რუსეთისკენ აქვს აღებული. ქართული საზოგადოების,პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო ინსტიტუტების ვალდებულებაა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი
ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას”.

Cesko