მერაბ კოსტავა ამის გამო ქართველს ხელს დაარტყამდა?“ – ჯუმბერ კირვალიძე

0
755
61 Views

„ალიას“ ესაუბრება პოლიტოლოგი, ჯუმბერ კირვალიძე:

– 5 ივლისს რომ მოხდა ის უბედურება, მეუბნებოდნენ, ნახე, რა კარგად გავაკეთეთო? რა გააკეთეთ კარგად, მე ვუთხარი. ეს პატრიოტიზმი არ არის „რუსკი პაგრომი“, შავრაზმელური გამოხტომები. ზუსტად ეს აიტაცეს ნეოლიბერალებმა, ბოკერიებმა და სხვებმა და ნეოლიბერალური მედია რამდენიმე თვე, ყოველდღე მაგ ამბებზე ლაპარაკობდა და ეს ხალხი სტუდიებში ესხდნენ. ვინ დარჩა საბოლოოდ მოგებული? ნეოლიბერალები. რატომ აძლევთ საბაბს? რატომ აძლევთ საკბილოს? მერე, როგორ შეიძლება ჟურნალისტის ცემა, როგორც გინდა არ მოგწონდეს? ოპერატორს რატომ უნდა სცემო, რომლის საქმე მოვლენების დაფიქსირება, კადრების გადაღებაა და მეტი არაფერი? არც მე მომწონს ეს ნეოლიბერალური ტელევიზიები და რა ვქნა, ტელევიზიაში მიუვარდე თანამოაზრეებთან ერთად და ჟურნალისტებს ვცემო? ახალი ეროვნული მოძრაობა დაიწყოო, ზოგი ამაყობდა 5 ივნისს. რითი დაიწყო? იმით, რომ ქართველებმა ქართველები სცემეს?  მე არ მაინტერესებს, ვის როგორი ორიენტაცია აქვს პოლიტიკური და ა.შ. რუსთაველზე ქართველებმა ქართველები გაიგდეს ფეხქვეშ და ახალი  ეროვნული მოძრაობა დაიწყოო. ვაი, ამათ პატრონს! ტვინები გადაბრუნებული აქვთ. ვიმეორებ, სასტიკი წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი სოდომისტური პროპაგანდისა, ბევრი მიბრძოლია ამის წინააღმდეგ, მაგრამ ამ ფორმით მასთან ბრძოლა არ შეიძლება. მერაბ კოსტავაზე დიდი ქართველი განა რამდენი გვყავს ცოცხლად ნანახი და მერაბ კოსტავა ამის გამო ქართველს ხელს დაარტყამდა? არა, არ დაარტყამდა. მთაწმინდაზე ვახტანგ ჭაბუკიანია დაკრძალული. ღმერთმა აცხონოს, რომ გარდაიცვალა, პატრიარქმა წესი აუგო. ბოდიშს ვიხდი მისი ოჯახისა და ახლობლების წინაშე. მთელმა საქართველომ იცის, რომ ჰომოსექსუალი იყო ეს კაცი, მაგრამ დიდი შემოქმედი იყო. ოქროს ასოებით დარჩა მსოფლიო ბალეტის ისტორიაში. თუ გახსოვთ, ვინმეს ერთი პროტესტი მაინც გამოეხატოს იმის გამო, ილია ჭავჭავაძესთან და ვაჟა-ფშაველასთან ერთად რატომ არის დაკრძალული მთაწმინდაზეო? არ გეხსომებათ, რადგან ამგვარი პროტესტი არ ყოფილა. ჰომოსექსუალები ბევრნი ყოფილან საქართველოში და მათგან ბევრი კარგი ადამიანი. კარგი ადამიანები კი იმიტომაც იყვნენ, რომ თავიანთი ეს გაუკუღმართებული ორიენტაცია გარეთ, საკუთარი საწოლის იქით არ გამოჰქონდათ და სხვას თავზე არ ახვევდნენ.

ტვინები რომ აქვთ გადახურებული და უცხოური გრანტებით ფინანსდებიან, იმ ნეოლიბერალებს  ვეტყვი. ქართველი ადამიანი ჰომოფობი ვერ იქნება, ჩვენზე გულმოწყალე ერი ძნელად თუ მოიძებნება დედამიწაზე. მეორეც არის – ჩვენი ეკლესია, ჩვენი პატრიარქი და ის უფლისგან არის, დამთავრებულია. ეკლესიის წარმომადგენლები თუ ეკლესიის სახელით რომლებიც პოლიტიკაში შემოდიან, ღმერთო მაპატიე და სისულელეებს ლაპარაკობენ. ძალიან ტენდენციურები არიან, ხშირად მტრის წისქვილზე ასხამენ წყალს. ერთმორწმუნეობის ნიღბით საქართველოს სამტრო საქმეს აკეთებენ. თუმცა, შესაძლოა, ასე სწამთ. საბაბს აძლევენ ლიბერტარიანელებს, რომ ქვეყნის კრიტიკისა და ქვეყნის უცხოეთში სხვაგვარად, ნეგატიურად წარმოჩენის საშუალება მიეცეთ. ორივე მხარეს არიან ამგვარი, არასწორად მოქმედი ადამიანები. იდეისგან, იდეურობისგან დაცლილები არიან. ეტყობა, თვითონ არის ასეთი, ის ჩრდილოვანი მმართველი იდეებისგან დაცლილი. კი იძახდა დასაწყისში, ქართული ხასიათი მაქვსო, მაგრამ ქართული ხასიათისა  არაფერი სცხია. „ქართულ ხმებთან“ ერთად სუფრაზე „მრავალჟამიერი“ თუ იმღერე, ეგ ქართული ხასიათი არ არის. მეტია ქართული ხასიათია, ხასიათი, ქართული იდეის ერთგულებაშია. „არ გავცვლი სალსა კლდეებსა…“ ეს უნდა გააკეთო პოლიტიკაში, როცა ხელისუფლების სათავეში ხარ, ეს უნდა იგრძნო. ჩვენი მოქალაქეებიც იდეისგან ამის გამო არიან დაცლილნი. ყველაფერი განადგურდა და გაჩანაგდა. არაჩვეულებრივი ახალგაზრდები გვყავს, განათლებულნი, გამკეთებლები არიან, ომში წავლენ და გმირებად დაბრუნდებიან ან გმირულად დაეცემიან ბრძოლის ველზე. ეგ არის, ასეთები ცოტანი არიან, ძალიან ცოტანი. ეს იმის ბრალია, რომ 30 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფო გვქვია და განათლების სისტემა არ გვაქვს. რაც იყო, თავისი პლუს-მინუსებით, ის მოისპო და რამდენი განათლების მინისტრი გვყავდა, არც ერთმა არაფერი გააკეთა. გაუნათლებლობის ბრალია ყველა უბედურება, რაც გვჭირს. 20 წელი ვასწავლიდი  უნივერსიტეტში და ისეთი ჩამქრალი, არაფრისმთქმელი თვალები აქვთ ახალგაზრდებს, გული მიწუხდებოდა. არა, მაგრებიც არიან, ვთქვი ეგ უკვე, მაგრამ ცოტანი. ილია ჭავჭავაძემ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებით დაიწყო ეროვნული მოღვაწეობა, ის მუხტი წამოვიდა და მერე განვითარდა, გაიზარდა ქართული საზოგადოება. ახლა სამინისტრო გაქვს, ბიუჯეტი გაქვს და მიხედე ამ განათლებას!

Cesko