უკრაინის ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად მოახდინოს დისტანცირება საქართველოს ხელისუფლებასა და ხალხს შორის, ეს არის პიარ ტექნოლოგიის ნაწილი, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა და უკრაინის ერთ-ერთ ვიცე-პრემიერთან საუბარიც გაიხსენა.
„მქონდა ერთ-ერთ ვიცე-პრემიერთან, ქალბატონთან საუბარი და პირდაპირ მითხრა: „ჩვენ ქართველი ხალხის გვჯერა, მოგვწონს მათი საქციელი, მაგრამ ხელისუფლების საქციელი არ მოგვწონს“. ესე იგი, რა გამოდის, რომ ქართველი ხალხი და ხელისუფლება სხვადასხვაა აბსოლუტურად. იმაზე ლაპარაკიც არ არის, რომ ხალხი ჭრელია, საზოგადოებაში სხვადასხვა აზრი არსებობს, რომ ნაწილი ხელისუფლებას უჭერს მხარს, ნაწილი [არა]. არა, ხალხი ერთ აზრზეა და ხელისუფლება მეორე აზრზეა. გარკვეულწილად, ეს არის გზავნილი არა მხოლოდ საქართველოსთვის. ნაწილობრივ, ეს არის გზავნილი უკრაინელი ხალხისთვის და ეს არის გზავნილი დასავლეთისთვის, პირველ რიგში. არავინ ფიქრობს შემდეგ საქმის გარკვევაზე. ეს არის პირველი ნათქვამის ეფექტი, რომელიც მუშაობს“, – განაცხადა არეშიძემ.