მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილს, რომელმაც მკვლელობის შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა მიიღო.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.
პროკურატურა დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი ბრალდების შუამდგომლობას დაეთანხმა.
პროკურორ გრიგოლ ბიბილაშვილის განცხადებით, ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებული სისასტიკის ხასიათს ატარებს, შესაბამისად, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს, რის გამოც მის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება უნდა გამოყენებულიყო.
ამასთან, პროკურორმა მკვლელობის მოტივზეც ისაუბრა. როგორც ბიბილაშვილმა აღნიშნა, დაკავებულმა 2019 წელს მამის უკითხავად სახლიდან 21.000 დოლარი წაიღო, რისი ნაწილიც მან ტოტალიზატორში დახარჯა, მამა კი აღინიშნულის დაბრუნებას თხოვდა, რასთან დაკავშირებითაც მშობლებთან კონფლიქტი ჰქონდა.
მშობლების მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი ბეროზაშვილის ადვოკატის, სალომე ჯანუაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს, შესაბამისად, ისინი პატიმრობას ეთანხმებიან.
ადვოკატმა ასევე განმარტა, თუ რატომ ჩაიდინა ბრალდებულმა დედის მკვლელობა. როგორც ჯანუაშვილმა აღნიშნა, დედის მკვლელობა მამის მიმართ მძიმე დანაშაულის – მკვლელობის ჩადენის შემდეგ გამოწვეულმა მძიმე ემოციურმა ფონმა გამოიწვია.
ცნობისთვის, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 27 აპრილს მოხდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღვოდა.
შსს-ს ცნობით, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. ზაზა ბეროზაშვილისა და ლალი თავაძის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა.
გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ გულისხმობს. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.