რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, დააკავეს ჯგუფი, რომელიც რუსი ტელეწამყვანის ვლადიმირ სოლოვიოვის მოკვლას გეგმავდა, კერძოდ კი „რუსეთში აკრძალული ნეონაცისტური ტერორისტული ორგანიზაცია, National Socialism/White Power (ნაციონალ-სოციალიზმი/თეთრი ძალა, ძალაუფლება).
მათივე მტკიცებით, ეს დავალება მათ უკრაინის უშიშროების სამსახურმა მისცა.
რუსული წყაროების მტკიცებით, მათ დაკავებისას ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, 8 „მოლოტოვის კოქტეილი“, 6 პისტოლეტი, სანადირო იარაღი, ხელყუმბარა, ათასზე მეტი ტყვია, ნარკოტიკული საშუალებები და ნაციონალისტური ლიტერატურა და ატრიბუტიკა ამოიღეს.
ФСБ-ს ვებსაიტის თანახმად, ტერორისტული ორგანიზაციების ჩამონათვალში ორგანიზაცია “National Socialism/White Power” 2021 წლის ივნისში შეიტანეს, რუსეთის უზენაესი სასამართლოს 2021 წლის მაისში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
სოლოვიოვმა თავის გადაცემაში 23 აპრილს თქვა, რომ [უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ] ზელენსკიმ ჩემ გამო დაიჩივლა და ითხოვა ჩემთვის მიეხედათ“.
როგორც გამოცემა „მედიაზონა“ (რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიერ უცხოურ აგენტადაა გამოცხადებული) წერდა, 2014 წელს დაჯგუფება National Socialism/White Power”-ის საქმეზე 11 ადამიანს ასამართლებდნენ, მათი ნაწილი დანაშაულის ჩადენის მომენტში არასრულწლოვანი იყო.