The Bell: მოქმედი სანქციების პირობებში რუსეთს ომის საწარმოებლად ფინანსური რესურსები სულ მცირე კიდევ 2 წელი ეყოფა

April 23, 13:53
0
266

მოქმედი სანქციების პირობებში რუსეთს ომის საწარმოებლად და სოციალური ვალდებულებების შესასრულებლად ფინანსური რესურსები სულ მცირე კიდევ 2 წელი ეყოფა. ამის შესახებ რუსული ოპოზიციური გამოცემა The Bell-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტები აცხადებენ.

„თუ ვივარაუდებთ, რომ რუსულ ნავთობსა და გაზზე უარი მყისიერი არ იქნება, რუსული ნავთობის საშუალო ფასი, დისკონტისა და ექსპორტის ფიზიკური მოცულობის შემცირების გათვალისწინებით, ბარელზე 70-75 დოლარს შეადგენს. ამ პირობებში კრემლი სულ მცირე 1,5-2 წლის განმავლობაში უპრობლემოდ დააფინანსებს ყველა ხარჯს, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომს და სოციალური გადახდების ინდექსაციას. ასე რომ, ომისთვის საჭირო პირდაპირი ფინანსური რესურსები რუსეთს საკმარისად აქვს, მაგრამ საკითხავი ისაა, რამდენ ხანს მოითმენს ამას ხალხი“, – აცხადებს ერთ-ერთი უცხოური ბანკის მთავარი მაკროანალიტიკოსი.

„რუსეთის ეკონომიკის სიმტკიცის მარაგი დიდია, ფინანსურ ბლოკს პროფესიონალი ადამიანები ხელმძღვანელობენ. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს შეიძლება პრობლემები შეექმნას მაკომპლექტებელი ნაწილების შეძენის მხრივ, მაგრამ არა ფინანსური რესურსების მხრივ“, – ამბობს ამერიკული კორპორაციის ნავთობისა და გაზის სფეროს ანალიტიკოსი.

რუსეთის ცენტრალური ბანკის ელვირა ნაბიულინას განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკა 2022 წლის მეორე-მესამე კვარტალში „სტრუქტურული ტრანსფორმაციის“ პერიოდში შევა. ჯერჯერობით ოპერატიული ეკონომიკური ინდიკატორები რუსეთში ეკონომიკური აქტივობის ვარდნას არ აჩვენებენ, მაგრამ, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნატალია ზუბარევიჩი ვარაუდობს, რომ პრობლემები საწარმოებს მაის-ივნისიდან შეექმნებათ.

„ახლა ყველა საწარმო ეძებს ალტერნატიულ ბაზრებს როგორც გაყიდვის, ასევე მაკომპლექტებელი ნაწილების კუთხით. რამდენად სწრაფად იქნება ეს ალტერნატივები ნაპოვნი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთ თვეში ეს ვერ მოხდება. შესაბამისად, ნედლეულისა და მასალების არსებული მარაგები დაახლოებით მაის-ივნისში ამოიწურება“, – ამბობს ზუბარევიჩი.

Cesko