დარჩა თუ არა მარიუპოლის გადარჩენის შანსი – როდემდე გაუძლებს „აზოვსტალში“ გამაგრებული უკრაინის არმია

0
719
57 Views

მერე დღეა უკრაინის დაბომბვა გახშირდა – უკვე 48 საათია რაც საევაკუაციო დერეფნები არ იხსნება, ალყაში მოქცეული ქალაქებიდან მოსახლეობის გამოყვანა და მათთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება ვერ ხერხდება. მარიუპოლის მცველები, რომლებიც მეტალურგიულ ქარხანა „აზოვსტალში” არიან გამაგრებულები, ოკუპანტებს არ ნებდებიან, ბრიტანეთის დაზვერვა კი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეთანხმებული წინააღმდეგობა რუსი სამხედროებისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა და რუსეთის წინსვლა შეანელა.

ანალიტიკოსთა შეფასებით, დაბომბვების ინტენსივობის ზრდის მიხედვით, შესაძლოა ითქვას, რომ ან ომის მეორე ფაზა დაიწყო, ან წინამოსამზადებელი პერიოდია. სიხშირე კი, მათი პროგნოზით უახლოესი კვირების განმავლობაში გაიზრდება.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ მარიუპოლის დამცველები არ დანებდებიან და ქალაქს ბოლომდე დაიცავენ.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დამცველები არ დანებდებიან და ბოლომდე დაიცავენ – ეს იქნება არა მათი განადგურება, არამედ ჩვენი საერთო გამარჯვება. მარიუპოლს გაათავისუფლებენ. ჩვენი ბიჭები, რომლებიც იქ არიან, ნამდვილი გმირები არიან.

“დაჯგუფება როგორიც იყო, ისეთი რჩება და მუდმივად ცდილობენ ამ ქალაქის შტურმით აღებას,”- აღნიშნა კირილ ბუდანოვმა.

„სქაი ნიუსი” კი დიდი ბრიტანთის დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ მარიუპოლში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეთანხმებული წინააღმდეგობა რუსი სამხედროებისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა და რუსეთის წინსვლა შეანელა.

„უკრაინის შეთანხმებულმა წინააღმდეგობამ რუსეთის ჯარი მძიმე განსაცდელში ჩააგდო და რუსეთის წინსვლა შეანელა. რუსების მიერ მარიუპოლის აღების მცდელობამ ადგილობრივ მოსახლეობას დიდი ზიანი მიაყენა. განადგურდა დიდი ოდენობის ინფრასტრუქტურა და მოსახლეობამ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა”, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ უკრაინაში ზედიზედ მეორე დღეა საევაკუაციო დერეფნები არ იხსნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ალყაში მოქცეული ქალაქებიდან მოსახლეობის გამოყვანისა და მათთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდების შესაძლებლობა არ იქნება.

ორშაბათს ლვოვზე 4 სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, საიდანაც სამმა ჭურვმა სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყა, ერთი მათგანი კი სამოქალაქო დანიშნულების ობიექტს მოხვდა.დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ ლვოვის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა.

რაც შეეხება სხვა ლოკაციებს – რუსმა ოკუპანტებმა 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, რომელიც ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემენნაიადან გაქცევას ცდილობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი სერგეი გაიდაი ავრცელებს.

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქი კრემენნაია საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარეს. როგორც სერგეი გაიდაი ამბობს, ბრძოლებმა ქუჩებში გადაინაცვლა და ჯერ კიდევ გრძელდება. მოსახლეობის ევაკუაცია კი უკვე შეუძლებელია.

რუსები დასახლებებს ბომბავენ ზაპოროჟიეს ოლქშიც, მტერმა დაბომბა სოფლები სტარომაიორსკოე, მაკაროვკა, სტოროჟევოე, ნესკუჩნოე, ვრემევკა, მალინოვკა, პოლტავკა, ნოვოდაროვკა, ნოვოკრაინსკოე და სტეპნოე. რუსი სამხედროები იყენებენ ტანკებს, ჯავშანმანქანებს და ქვეითთა შენაერთებს. გარდა ამისა, ისინი დასახლებებს ავიაციით ბომბავენ.

სარაკეტო იერიში მიიტანეს დნეპროპეტროვსკის ოლქზეც, თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა სინელნიკოვის რაიონში. რაკეტა ინფრასტრუქტურულ ობიექტს მოხვდა. მაშველებმა ხანძარი უკვე ჩააქრეს.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან” აცხადებს, რომ სადაც მარიუპოლის მცველები არიან განთავსებულები, დაცული ტერიტორიაა, თუმცა, რუსეთი არაჰუმანური ტიპის იარაღის გამოყენებას აპირებს მათ წინააღმდეგ.

„აზოვსტალი” დაცული ტერიტორიაა და სიღრმეში ექვსი სართულია, კომუნიკაცია არის, იარაღი და საკვები საკმარისია, მაგრამ აქ ერთი რთული საკითხია. რუსებიც საკმაოდ არაჰუმანური ტიპის იარაღს იყენებს და აპირებენ, რომ ვაკუუმის ბომბები გამოიყენონ. სტრატეგიული ბომბდამშენები აამოქმედეს, რომლებსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია.

„შესაბამისად, აპირებენ, რომ მძიმე კალიბრიანი საარტილერიო სისტემები გამოიყენონ, რომლებსაც შეუიძლიათ, რომ დაცული სივრცე გაანგრიონ. თუ საოკუპაციო ძალებმა სავენტილაციო მილი დაუხშეს, ეს საკმაოდ მძიმე შედეგს მოიტანს. შესაძლოა მხოლოდ ზემოდან პირველ მეორე სართულზე გამაგრდნენ, რადგან უფრო ქვედა სართულები ტექნიკური ტიპისაა და ადამიანი დიდხანს ვერ გაძლებს.

„ძალიან მძიმე სიტუაციაა, მარიუპოლის პორტი და ცენტრი რუსი ოკუპანტების მიერაა დაკავებული. აზოვსტალი დარჩა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ ოსურმა სეპარატისტებმა უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მარიუპოლის მონაცემები ხელში ჩაიგდო, ოსური ფორმირებები რუსების წინაშე „თავს იჩენენ”. აფხაზურ-ოსური ფორმირებები მარიუპოლში მუშაობენ.

„უკრაინელებმა სამხედრო საჰაერო ძალები მათთვის ყველაზე მძიმე – იზიუმისა და ხარკოვის მიმართულებით გადაისროლეს, რადგან არ მისცენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შესაძლებლობა, რომ პლაცდარმი სლავიანსკი-კრემატორსკის მიმართულებით განავითაროს, რადგან 90-ათასიანი ჯგუფი ალყაში არ მოაქციონ. ავიაცია იქ მუშაობს, მაგრამ, საჰაეროდან დებლოკირებას ვერ განახორციელებენ.

„მარიუპოლში არსებული დამცველების ბედი თავად მათი მამაცობის ხელშია. თეორიულად, შესაძლებელია, რომ სასწაული მოხდეს და ალყა გახსნან. დღეს სიტუაცია ბევრად დამძიმდა. თუ ჰარმონიზირებულად საარტილერიო, სახმელეთო და საავიაციო ძალებმა ერთხმად სტრატეგიული შეტევა არ განახორციელეს, ისეთი ქალაქის დებლოკირება, როგორიც მარიუპოლია, საკმაოდ რთულია.

„რუსებმა უკვე სტრატეგიული ბომბდამშენებით დაბომბვაც დაიწყეს, მერე აპირებენ რომ საშტურმო ჯგუფები შეუშვან და ფაქტიურად ცოცხლად დაწვან, სპეციალური ცეცხლგამჩენი საშუალებებიც გამოიყენონ, პუტინი უკვე არაჰუმანურ იარაღს იყენებს” – განაცხადა მან.

მისი თქმით, ომის მეორე ფაზა – მასიური შეტევა დონბასის მხრიდან უკვე დაწყებულია.

„უკრაინელებიც აცხადებენ,რომ რუსებმა უკვე მეორე ფაზა დაიწყეს, ინტენსიური დაბომბვები მიდის და ტემპს მოუმატეს, თუმცა, ახლა ისეთი პერიოდია, რომ ვინ რა პოზიციაზეა, ამის თქმა რთულია,” – განაცახადა მაისაიამ.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია კი „რეზონანსთან” აცხადებს, რომ შესაძლოა ეს მეორე ფაზის მოსამზადებელი პერიოდიც იყოს და მომავალი კვირების განმავლობაში დაბომბვების ინტენსივობა უფრო გახშირდეს.

„როგორც უკრაინის ხელისუფლების განცხადებებიდან ჩანს, რაც უფრო დრო გადის, მარიუპოლის შანსები თანდათან მცირდება, ეს იგრძნობა, როგორც უკრაინელი მაღალჩინოსნების, ასევე საერთაშორისო ექსპერტების განცხადებებიდან. ყველა რესურსი, რაც კი რამე იყო, ამ ხალხმა გამოიყენა, ეს საოცარი გმირობის მაგალითია, რომელიც ისტორიას დარჩება.

„გამომდინარე იქიდან, რომ მათი დახმარება გარედან ვერ ხერხდება. ვინც ამ საქმეში ჩახედულია, უარეს სცენარზეც უკვე დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ბოლოდმე იბრძოლებენ, მათ განცხადება გააკეთეს კიდეც, რომ არ დანებდებიან. არაა გამორიცხული ისიც, რომ გარედან რაღაცა გარღვევა მოხდეს, რასაც ამ ხნის განმავლობაში უკრაინის ხელისუფლება ცდილობდა, მაგრამ, როგორც ჩანს ამის განხორციელება ადვილი არაა.

„თეორიულოად კიდევ შეიძლება გზებზე საუბარი, მაგრამ, აქ თვითონ პუტინი პრინციპულად არ თმობს. ამის მაგალითია, იტალიის პრეიერ-მინისტრი ესაუბრა და თქვამ, რომ მასთან საუბარს აზრი არ აქვსო. დარწმუნებული ვარ, მარიუპოლზე ელაპარაკებოდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს ამ თემასთან დაკავშირებით შეუვალი რჩება.

„ზუსტად არ ვიცით მეორე ფაზა დაიწყო თუ არა რუსეთმა, თუ ეს უბრალოდ მოსამზადებელი სიტუაციაა, მაგრამ ფაქტია, რომ ინტენსივობა თანდათანობით გაიზრდება და უახლოესი კვირების განმავლობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი ბრძოლა იქნება, რომელიც უკვე უფრო ნათელს მოჰფენს ყველაფერს. ეტყობა, რომ ეს პერიოდი უკვე დადგა,” – განაცხადა კაკაჩიამ.

Cesko