“მარიუპოლის გადარჩენა შესაძლებელია, ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ სისხლის ბოლო წვეთამდე” – სერგეი ვოლინას მიმართვა მსოფლიოს

0
755
48 Views

36-ე ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა მსოფლიოს მიმართავს და მარიუპოლის გადაუდებელი დახმარებისკენ მოუწოდებს:

 

“მე, სერგეი ვოლინა, კონტრადმირალ მიხაილ ბელინსკის სახელობის 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური, მოგმართავთ ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან.

50 დღეზე მეტია, ქალაქის დამცველები გმირულად იცავენ თავს, მიუხედავად მტრის მიერ მუდმივი საჰაერო დაბომბვის, საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმებისა. მარიუპოლი მაინც უკრაინული ქალაქია, რასაც არ უნდა გეუბნებოდეთ რუსული პროპაგანდა. ჩვენ ყოველდღიურად ვიბრძვით და ვაკავებთ მტრის ათასობით სამხედროს და ხელს ვუშლით მათ წინსვლას, მაგრამ ეს ხდება ზეადამიანური ძალისხმევისა და დიდი დანაკარგების ფასად.

ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება. მტერმა ქალაქი ალყაში მოაქცია და ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე მძევლად ჰყავს. ქალები და ბავშვები, მათ შორის ჩვილები, იმალებიან ჩვენს სამხედრო ბუნკერებში.

ჩვენი დაჭრილები ყოველდღიურად იღუპებიან აუტანელი ტანჯვით, რადგან წამლები, სადეზინფექციო საშუალებები, ანესთეზიის საშუალებები დიდი ხანია ამოგვეწურა.

ჩვენ ვთხოვთ მსოფლიოს დაჭრილების, ბავშვების, ქალების და გარდაცვლილების ცხედრების ევაკუაციაში დახმარებას.

მოვუწოდებთ მსოფლიო პოლიტიკოსებს, საზოგადო და რელიგიურ მოღვაწეებს, არ იყვნენ გულგრილები მარიუპოლის ბლოკადაში მოყოლილი ადამიანების მიმართ, მათი ნების საწინააღმდეგოდ.

ახლა ჩვენ, სამხედროები, იძულებულნი ვართ არა მარტო ვებრძოლოთ მტერს, არამედ ვიზრუნოთ ათასზე მეტ სამოქალაქო პირზე.

არ დაუჯეროთ რუსეთის დაპირებებს სამხედროებისთვის „მწვანე დერეფნის“ შესახებ. ეჭვგარეშეა, რომ ეს არის მახე მარიუპოლში უკრაინული სამხედრო ჯგუფის უბრძოლველად განადგურების მიზნით.

ქალაქს სასწრაფოდ სჭირდება განბლოკვა.

ამისთვის ჩვენ გვჭირდება მძიმე იარაღი. ევროკავშირს და აშშ-ს შეუძლია ეს მოგვაწოდოს, მძიმე იარაღი გადაარჩენს უკრაინელ სამხედროებს.

მარიუპოლის გადარჩენა შესაძლებელია. ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ სისხლის ბოლო წვეთამდე, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სამყარომ ყველაფერი გააკეთა ამისთვის. მაშინ ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის შეუძლებელიც კი.” ნათქვამია სერგეი ვოლინას მიმართვაში. 

Cesko