„ფეისბუქმა“ „თავისუფლების ინსტიტუტი” 4 ქვეყნის ცენზორად დანიშნა. 16 აპრილს ერთ-ერთ პარტიულ ტელევიზიაში სტუმრობისას ჟურნალისტმა თამარ კინწურაშვილმა იმდენი საინტერესო ამბავი მოუთხრო მაყურებელს, რომ აღფრთოვანებულმა წამყვანმა აღტაცებული შეძახილით გააცილა სტუმარი – „ძალიან საინტერესო საქმეს ემსახურებითო“, – წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.
მისი თქმით, თამარ კინწურაშვილის საუბარში კარგად გამოჩნდა დღევანდელი „ფეისბუქ“-ცენზორების მუშაობის ფორმები და მეთოდები.
„მართლაც, საინტერესო იყო ქ-ნი თამარის მონათხრობი იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობენ ის და მისი მეგობრები (თავისუფლების ინსტიტუტი) თანამედროვე ცენზორებად. კერძოდ, თურმე “თავისუფლების ინსტიტუტში” აფასებენ იმას, თუ რა შეიძლება წაიკითხოს „ფეისბუქის“ მომხმარებელმა და რა – არა. ქ-ნი თამარის საუბარში კარგად გამოჩნდა დღევანდელი „ფეისბუქ“-ცენზორების მუშაობის ფორმები და მეთოდები. „ფეისბუქმა“ მათ მიანიჭა უფლება შეაფასონ, გავრცელებული ინფორმაციებიდან რომელია მართალი და რომელი ყალბი.
სამუშაო პრინციპია, გაეცნონ „ფეისბუქით“ გავრცელებულ ინფორმაციებს და განაჩენი გამოიტანონ – რისი წაკითხვა შეიძლება, რისი – არა.
თურმე რასაც ისინი ყალბად მივიჩნევენ არ არის სასურველი იმით მკითხველმა თავი “დაინაგვიანოს”.
ზუსტად ასე მსჯელობდნენ საბჭოთა იდეოლოგიური ფრონტის მუშაკები, როდესაც გამადიდებელი შუშით უყურებდნენ ყველა გამოცემაში (ჟურნალ-გაზეთებში თუ წიგნებში) დაბეჭდილ ინფორმაციებს, რომ საბჭოთა მკითხველის გონებაში არ შეეღწია არასასაჭირო, მტრულ, ბურჟუაზიულ ინფორმაციას.
საბჭოთა ცენზორებიც “თავისუფლების ინსტიტუტის” მსგავსად ახშობდნენ სხვადასხვა ანტისაბჭოთა რადიოსადგურებს („ამერიკის ხმა“, „თავისუფლება“, „თავისუფლი ევროპა“ და ა. შ.) რადგან ცხადი იყო, რომ ისინი საბჭოთა მოქალაქისათვის აპრიორი არასაჭირო ტყუილებს გაავრცელებდნენ.
კინწურაშვილისგან გავიგეთ, რომ ისინი არ ამონიტორინგებენ „ობიექტურ მედიებს“, ანუ როგორც საბჭოთა პროპაგანდისტები ახშობდნენ ანტისაბჭოთა, „ყალბი ინფორმაციების“ გამავრცელებლად მიჩნეულ უცხოურ რადიოსადგურებს, ვინაიდან მხოლოდ თავისას „ვრემიას“ ან „საერთაშორისო პანორამას“, მიიჩნევდნენ ობიექტურად.
დღევანდელი ცენზორებიც „მტრულ მედიებს“ და მათ ყველა ინფორმაციას მკაცრი ფილტრის ქვეშ ატარებენ, მერე ფეისბუქს მისწერენ, სტატიასაც მიაყოლებენ და უმტკიცებენ, – მიზანშეუწონელია, არა სასურველი მედიით გავრცელებული ინფორმაცია მკითხველმდე მივიდესო და „ფეისბუქიც“ ბლოკავს ასეთი მედიების ინფორმაციებს.
საინტერესოა, რომ ქ-ნი თამარის თქმით, თურმე რუსეთ-უკრაინის ომის პირველივე თვეში 100 ინფორმაცია შეაფასეს ყალბად, „ჩვენ მოვნიშნეთ და გავაგზავნეთ „ფეისბუქზე“ და ის ბლოკავს. ჩვენ არ ვშლით, ჩვენ ვუგზავნით ფეიკის გამზიარებლებს ამ ფეიკთან დაკავშირებით ჩვენს სტატიებს და ვურჩევთ მათ გაზიარებას“. ანუ თურმე მარტო „ფეისბუკის“ ადმინისტრაციას კი არ აძლევენ რეკომენდაციას თამარი და მისი რაზმი, ეს პირი ყალბ ინფორმაციას ავრცელებს და დაბლოკეო, არამედ ცენზორის გარდა, პროპაგანდისტის ფუნქციასაც ითავსებს და „ფეისბუკის“ იმ მომხმარებლებს, რომლებმაც „ყალბი“ (მათთვის ყალბი) ინფორმაცია გააზიარეს, უგზავნიან თავის სტატიას აღნიშნულ თემაზე და ასწავლიან, სინამდვილეში ეგ კი არა, რასაც ჩვენ გეუბნებით, ის უნდა დაიჯეროთო.
გასაგებია, რატომ იღებენ თამარი და მისი რაზმი თავის თავზე ასეთ დიდ პასუხისმგებლობას (და თანხებს) და რატომ მიიჩნევენ თავს ჭეშმარიტების უმაღლეს ინსტანციად. „რაზმის“ შემადგენლობას თუ გადავხედავთ, (თავისუფლების ინსტიტუტი) გასაგები გახდება, რომ მათ თავისი “სიმართლე” აქვთ, რადგან არიან მხარე და არა ობიექტური შემფასებელი. მაგალითად, ისინი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის წინააღმდეგ გამოთქმულ მოსაზრებებს „პრორუსულს“ უწოდებენ და „შიშების ინსტრუმენტალიზაციად“ აფასებენ, ხოლო ისეთ შეფასებას, როგორიცაა „რუსეთ-უკრაინა კი არ ებრძვის ერთმანეთს, არამედ რუსეთს ებრძვის დასავლეთი“, ასევე რუსული პროპაგანდის ნარატივი ყოფილა. მაგრამ თუ ადამიანი სხვა კონტექსტში იტყვის, რომ მთელი დასავლეთი ებრძვის აგრესორ რუსეთს, ეს სწორი პოზიცია ყოფილა. ანუ ინტონაციებსა და სიტყვების წყობასაც კი აქცევენ თურმე ყურადღებას ცენზორი თამარი და მისი რაზმის წევრები. ხოლო თუ ვინმემ ეჭვი გამოთქვა, ბუჩაში დახვრეტილების ცხედრები ერთი კვირის გარდაცვლილებს არ ჰგავდნენ და მათი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა სწორედ იმ დღეებში, რომელსაც უკრაინის მხარე ამტკიცებს, საეჭვოაო, ამაზე კითხვის დასმა საერთოდ მიუტევებელ ცოდვა და 100%-იანი პრორუსობააო. თანაც, თვით ზელენსკიმაც ხომ განაცხადა, ერთ-ერთი დასავლური ქვეყნის ლიდერმაც გამოთქვა ამაზე ეჭვი და ეს როგორ გაბედაო?
ასე იყო საბჭოთა კავშირშიც – ხმამაღლა უბრალო კითხვის დასმაც კი საბჭოთა პროპაგანდის მიერ დამკვიდრებულ კლიშეებზე ანტისაბჭოთა გამოხტომად ითვლებოდა და თუ არ დაგაპატიმრებდნენ, საყოველთაო ბულინგის და კეთროვანად გმოცხადების მსხვერპლი ნამდვილად გახდებოდი. და ამას მაშინაც თამარისა და მისი რაზმის მსგავსი მენტალიტეტის ადამიანები აკეთებდნენ. უბრალოდ, მათ დაბადება ერთი საუკუნით დააგვიანეს, თორემ მე-20 საუკუნის 20-30-იან წლების რუსეთში ან გერმანიაში რომ ეცხოვრათ, საბჭოთა ან ფაშისტური იდეების პროპაგანდისთვის ისევე აქტიურად იმოღვაწებდნენ, როგორც დღეს მოღვაწეობენ „ლიბერალ-დემოკრატიული“ იდეების სადარაჯოზე.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ როგორც კინწურაშვილი აცხადებს, მის რაზმს მარტო საქართველოში კი არა, რუსეთში, ბელარუსში და უკრაინაში „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებული მასალების ცენზორობის ლიცენზიაც მიუღიათ „ფეისბუკის“ მესვეურებისგან.
საინტერესოა ესოდენ საეჭვო ნდობა, რა დამსახურების გამო მიანიჭეს „თავისუფლების ინსტიტუტის“, ცენზორებისა და პროპაგანდისტების ამ ჯგუფს, რომ მათ ერთდროულად ოთხი ქვეყნის ცენზორობა მიანდეს. აფერუმ მათ გამოცდილებას და პროფესიონალიზმს, რომ ასე ბეჯითად “ზრუნავენ” იმაზე, თუ რისი წაკითხვა შეიძლება რიგითი მოკვდავისთვის და რა ინფორმაცია მოახდენს მასზე „მავნე ზეგავლენას“!
ასეთია ლიბერალურ-დემოკრატიის სახელით მოქმედი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების “დამცველი” თანამედროვე ცენზორის სახე“, – წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.