“ამ სცენარში უკრაინას და საქართველოს მხოლოდ მსხვერპლის როლები აქვთ, მათ უნდა შეექმნათ ისეთი გარემო, რომ დათვი ბუნაგიდან გამოიყვანონ”

0
459
56 Views

ექსპერტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს: ეს ჩემი თანაკლასელის, ბავშვობისა და ახლო მეგობრის ეთერ ნაცვლიშვილი-გოგებაშვილის კომენტარია ჩემ ბოლო შენიშვნაზე. თავად შეაფასეთ მისი ინტელექტი და პროფესიონალიზმი! ეთერიც იმ უბნელია, რომელიც საუკეთესო მაგალითი იყო მულტიკულტურალიზმისა, დასავლური საღი ადამიანებისა და საუკეთესო ურთიერთობებისა.
ჩვენ ერთად – ერთ გარემოში, ერთ სკოლასა და კლასში ვყალიბდებოდით სხვა ძალიან კარგ თანაკლასელებთან ერთად!

აი, სრულად რას წერს იგი:
“აი, ჩემი ემოციური პოსტი შენ, ჩემო ჭკვიანო ბავშვობის მეგობარო; რაკი მთელი პროგრესული ქართველობა ამ ჯოჯოხეთში ერთადერთ დამნაშავეს ხედავს და ყველა განსხვავებული აზრის მქონე ბნელი ან მოღალატეა, ანუ მენტალურად უნდა გაირიყოს, პირადად მე კედელთან დასახვრეტად მდგარი აურელიანო ბუენდიასავით იმას კი არ გავიხსენებ ბავშვობაში ყინული რომ ვნახე, არამედ ჟიულიენ სორელივით გილიოტინაზე ასვლის წინ სიტყვას წარმოვთქვამ:
ის, რაც მოხდა საქართველოში 2008 წელს და რაც ახლა ხდება უკრაინაში,მისი მოქმედების სცენარი დიდი ხნის წინ დაიწერა და როლებიც განაწილდა, ვინ დათვია, ვინ მელა, ვინ ტურა, სვავი თუ თრითინა. მართალი გითხრათ ლომებს და ვეფხვებს ვერ ვხედავ სკრიპტში.
ამ სცენარში უკრაინას და საქართველოს მხოლოდ მსხვერპლის როლები აქვთ, მათ უნდა შეექმნათ ისეთი გარემო, რომ დათვი ბუნაგიდან გამოიყვანონ. და როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა, ბუნაგიდან დათვის გამოყვანის 80 ხერხი არსებობს, უკან შეყვანის კი არც ერთი, სანამ არ დაგლეჯს მსხვერპლს.
რას ითვალისწინებს ეს როლი?
ერთმნიშვნელოვნად _ დაღუპვას, ჩვენ ბრძოლის ველზე უნდა დავეცეთ, ჩვენი სისხლი უნდა შეესხას მათ დიად გეგმებს, უკრაინას როლის კარგი შემსრულებელი გამოადგა, ამიტომაც მას სიკვდილის წინ პათეტიური სიტყვები მისცეს ვითარების დრამატიზებისათვის, ჩვენ კი საჯაროდ დახვრეტილი ცენტურიონივით, მხოლოდ კვნესა უნდა აღმოგვხდეს.
გადაღებისას სცენარი სულ მცირე კორექტივებს განიცდის, მონტაჟისას არასასურველი ეპიზოდები იჭრება, სასურველი_ ტექნიკური ხერხებით მძაფრდება.
შედეგად, მსოფლიო რუკა სხვანაირად დაიჭრება, ვიღაც ნავთობის ნაკადებს დაეპატრონება, ვიღაც თავის ვალუტას გაამაგრებს და არჩევნებს მოიგებს, სხვები უმდიდრეს შავნიადაგიანი ქვეყნის დაგლეჯებს მიისაკუთრებენ, ვიღაც ზღვაზე გასასვლელს მიიმატებს, გზებს გადაჭრის, სუნთქვას შეუკრავს ვისაც მისწვდება.
… და რ არის ამხელა ბლოგბასტერში შენი კვნესა, არც არაფერი, ბედიწერის ოთხი ნოტი _ სოლ სოლ სოლ მი. როგორ ბეთჰოვენმა ესროლა კაცობრიობას. ეს გამოწვევა თავისი მეხუთე სიმფონიით.”
p.s.
მადლობა მას!
ეს განათლებულობისა და ინტელექტის მაგალითია!
ასეთი ინტელექტი და პსუხისმგებლობაა დღეს აუცილებელი. ჩემი აქტიურობაც ამ ინტელექტის გაღვიძებას ემსახურება!

ეთერ ნაცვლიშვილი-გოგებაშვილი; სოციალური ქსელი

Cesko