უკრაინის მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, უნგრეთის საგარეო უწყებამ უკრაინის ელჩი გამოიძახა

April 6, 13:28
0
754

უკრაინის მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, უნგრეთის საგარეო უწყებამ უკრაინის ელჩი გამოიძახა. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

„თავიდანვე მკაფიოდ ვსაუბრობდით სამეზობლოში ომზე: ჩვენ ვგმობთ სამხედრო აგრესიას, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, ვიღებთ ლტოლვილებს. ეს არის უდიდესი ჰუმანიტარული აქტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია უნგრეთის და უნგრელი ხალხის უსაფრთხოება. ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ არ ვართ მზად, უნგრელი ხალხის მშვიდობა და უსაფრთხოება რისკის ქვეშ დავაყენოთ. ამიტომ ჩვენ არ ვაგზავნით იარაღს და არ ვუჭერთ მხარს ენერგეტიკულ სანქციებს“, – აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთში ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ მოქალაქეები მხარს უჭერენ ხელისუფლების პოზიციას.

„ჩვენ გვესმის, რომ უკრაინელებს სხვა ინტერესი აქვთ. ამაზე არც კი ვკამათობთ: მათთვის უკრაინა, ხოლო ჩვენთვის კი უნგრელი ხალხის ინტერესებია უმთავრესი. არავის აქვს უფლება, უნგრელი ხალხის დემოკრატიული გადაწყვეტილება შეაფასოს. ტოტალიტარული სისტემის ჩამოყალიბების, ომში თანამონაწილეობისა და უნგრელი ხალხის ნების მიმართ სინანულის გამოხატვის შესახებ განცხადებები მიუღებელია! დროა უკრაინის ლიდერებმა შეწყვიტონ უნგრეთის შეურაცხყოფა და გაითვალისწინონ უნგრელი ხალხის ნება. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ნათელი და გასაგები იყოს, დღეს დილით საგარეო საქმეთა სამინისტროში მოვიწვიეთ უკრაინის ელჩი“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

Cesko