,,ჩემი ქმრის დიდი სიყვარული ვერავინ გადაწონა” – მარინა კახიანი

0
421
29 Views

მარინა კახიანი მსახიობი რომ არ გამხდარიყო, ცნობილი ბალერინა იქნებოდა. დიდი მაესტრო ვახტანგ ჭაბუკიანი ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებდა. არ მოისურვა პეპლის ეფექტით მოკლევადიანი გაელვება. თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა და რუსთაველის თეტრის ვარსკვლავი გახდა, აგერ უკვე სამ ათეულ წელზე მეტია ამ დასის წევრია.

დიდი სიყვარული რუსთაველის თეატრში ეწვია. ეს აკრძალული ხილი იყო და,  როგორც ყველაფერი აკრძალული, ძალიან ტკბილი და მწვავე. ჭეშმარიტმა გრძნობამ ყველა დაბრკოლება გადაალახინათ, უბედნიერესი ქალი იყო, სასურველი და ხელისგულზე სატარებელი. თუმცა ბედნიერებამ დიდხანს არ გასტანა, წავიდა მისი ცხოვრების თანამგზავრი, მარინას გულში კი მოუშუშებელი იარა დარჩა. რას ფიქრობს, სწორად მოიქცა თუ არა, როცა მარტოხელა ქალის გზა აირჩია, ამის შესახებ ,,სარკეს” უამბო:

-ტველაფერს სწავლობ, ამაში საერთო აღზრდა, ახლობლების მაგალითები და თვითაღზრდაც გეხმარება. საკმაოდ განებივრებული ბავშვი ვიყავი, შემდგომში მეუღლის გვერდით – უკვე განებივრებული ქალი. იმ ტრაგედიის შემდეგ, რაც თავს დამატყდა, ემოციების მართვა გამიჭირდა, მაგრამ შევძელი, ძნელად, დიდი ტკივილის ფასად.

ყველას ძლიერი ქალი ვგონივარ, სინამდვილეში არ ვარ ასეთი ძლიერი, ოღონდ არ მიყვარს საზოგადოებაში ტირილი, ჩემი საწუხარის გამოფენა. გვერდით მდგომებს პატივი უნდა სცე, არ უნდა შეაწუხო, შენს ტკივილს შენვე უნდა უწამლო.

– მაპატიეთ, მაგრამ რატომ აღარ გათხოვდით, თქვენს უამრავ თაყვანისმცემლებში ვერავინ დაინახეთ, ვინც ღირსეულ თანამგზავრობას გაგიწევდათ?

– არ ვიქნები ძალიან მოკრძალებული და ვიტყვი, ნამდვილად იყვნენ თაყვანისმცემლები და დაოჯახების მსურველნი, მაგრამ არ მინდოდა. თავიდანვე ასე გადავწყვიტე. გვერდით დედა მყავდა, რომელთან ერთადაც ბიჭს ვზრდიდი. ბედნიერი ვარ, რომ ღირსეული კაცი გავზარდე. როცა ცხოვრების გარკვეულ გზას გაივლი, ზოგჯერ დაფიქრდები, ხომ არ შეგეშალა, რომ მარტო აუყევი ამ რთულ გზას. მეც მიფიქრია ამაზე, მაგრამ საბოლოოდ ვერავინ ვნახე, ვინც იმ დიდ სიყვარულს გადაწონიდა.

Cesko