კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის ცხოვრებაში ადამიანის გონებისთვის აუხსნელი, შეუცნობელი მოვლენები მრავლად იყო, ერთი უცნაური მოვლენა კი ორჯერ მოხდა: გონება დაკარგა და ასეთ მდგომარეობაში მყოფმა ნახა, რომ მუსიკის ჰანგების თანხლებით მთელი ძალით მიქროდა ღრუბლებში. ამ მოვლენებზე რეჟისორმა ,,სარკეს” თავად უამბო:
-მჯერა საიქიოს არსებობის. დედაჩემი სანამ გარდაიცვლებოდა, 3 დღე და ღამე მე და ჩემი მეუღლე გვერდიდან არ ვშორდებოდით. ამ ხნის განმავლობაში დედა სულ მეუბნებოდა, რომ მამაჩემს, ბიძაჩემს და თავის მშობლებს ხედავდა. საოცრება ის იყო, რომ დედა მათ სხვადასხვა ენებზე ესაუბრებოდა. მან რამდენიმე უცხო ენა იცოდა და ყველას იმ ენაზე მიმართავდა, რომელი უცხო ენაც იმ კონკრეტულმა პიროვნებამ იცოდა. თავის ძმას, მერაბს, ფრანგულად ელაპარაკებოდა. ბიძაჩემი, მერაბი, 1924 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად გაიქცა საფრანგეთში და მას შემდეგ დედას აღარ უნახავს.. მათ ვერ ვხედავდი, მაგრამ მწამს, რომ დედაჩემი მართლა ხედავდა.
– ზოგჯერ ადამიანები ტრავმის ან ავადმყოფობის დროს ამოუცნობ სამყაროში “მოგზაურობენ”, გარდაცვლილ ახლობლებს ხედავენ. ამგვარი რამ თქვენც ხომ არ შეგმთხვევიათ?
– კი და მოგიყვებით ამბავს, რომელიც დღემდე ამოუცნობია ჩემთვის. 1975 წელს ქართველ ალპინისტებზე ვიღებდი ფილმს ,,მწვერვალი”. გადაღებები პამირის მთებში იყო და 6 ათას მეტრზე ზევით მომიწია ასვლა. როცა 4 ათას მეტრზე ჩამოვედი საბაზო ბანაკში, სისუსტე ვიგრძენი, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და დუშანბეში ვერტმფრენით დავბრუნდი. იქ გავითიშე. სადღაც, ღრუბლებში დიდი სისწრაფით მივფრინავდი, თან ყურში მელოდია ჩამესმოდა… გონს რომ მოვედი, ჩემი ასისტენტი გოგლიკა გამილაღდიშვილი ჩამძახოდა: ,,მერაბ, მერაბ!..”.
20 წლის შემდეგ იგივე განმეორდა. საფრანგეთში, ლა როშელში გავითიშე და იგივე ვიხილე – მივქროდი ღრუბლებში და თან მუსიკის ხმა მესმოდა…
ადამიანი არსებობს უწყვეტი დინების გარემოცვაში, რასაც სამყარო ჰქვია. თუ მატერიის უსასრულობისა და გარდასახვის არსებობის შესახებ ვიცით, რომ მატერია არ ქრება, არ კვდება, უბრალოდ ის იღებს სხვადასხვა სახეს, რატომ არ შეიძლება, სულიერება ზუსტად ასევე იყოს, ანუ უწყვეტად არსებობდეს?
შესაძლებელია იყოს კიდევ სხვა გარემო, სხვა სამყარო, სადაც სულიერება არსებობს, ჩვენივე სულიერება, ანუ როცა მატერიაში აღარ ვიარსებებთ, სულიერება განაგრძობს არსებობას.