სამშენებლო კომპანია ,,ცენტრ პოინტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მაია რჩეულიშვილი ,,სარკესთან” თავის 5-წლიანი პატიმრობაზე ყვება.
– ძალიან რთულია ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა?
– ისეთი არ არის, როგორიც ლიტერატურულ ნაწარმოებებშია აღწერილი. ცივილურად რომ ვუდგებოდეთ და წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის დაახლოებით საავადმყოფოსა და სანატორიუმს შორის შექმნილი არქიტექტურული გარემო, რომელიც სავსეა კეთილგანწყობილი მომსახურე პერსონალით, ადამიანი უფრო ადვილად გადაიტანდა. ჩვენთან კომუნისტური შიშებია დარჩენილი ამ გარემოს მიმართ.ჩემთვის არ იყო იქ ყოფნა ძალიან რთული.
– იქ თურმე კერძებს ამზადებდით და სხვებსაც ასწავლიდით. ამას თქვენი დაპატიმრების პირველ ხანებში თქვენი მეუღლე, ვახტანგ რჩეულიშვილი გვიამბობდა.
– დიახ, ასე იყო. ციხეში ჩემი უახლოესი მეგობრები დავტოვე. რატომღაც ყველა ქართველი ქალი კარგი დიასახლისი მეგონა. ვფიქრობდი, ციხეში განსაკუთრებით კარგი დიასახლისები იქნებოდნენ, რაც სინამდვილე არ აღმოჩნდა. მომიწია, მათთან ერთად მეკეთებინა ნამცხვრები, ტორტები…
ვიღაც იტყვის, თუ იქ ბაჟეს და საცივს აკეთებდა, რა უჭირდაო. სინამდვილეში, მშრალი ბაჟესგან, რომელიც სუპერმარკეტებში იყიდება და ღირს 3 ლარი და 70 თეთრი, არაჩვეულებრივი საცივი გამოდის დაახლოებით 5-6 ულუფა. ამ ბაჟეს ვხსნიდი წყალში, ვუმატებდი მოხრაკულ ხახვს, სუნელებს, ცოტა პურისა და ცოტა მჭადის ფქვილს და წამოვადუღებდი. ვინმემ არ თქვას, მაია ამეტებსო. ზუსტად ვიცი ფასები და ისიც, რისგან რამდენ ლარად რა შეიძლება გააკეთო.
– ფორმაში ყოფნას ახერხებდით?
– კი, ვახერხებდი, ოღონდ იქ ცოტა თურქული მოდაა. თავიდან რომ დავრეკე, ტანსაცმელი შემომიგზავნეთ-მეთქი, შემომიგზავნეს გადაშანელებული სამოსი და ავცდი იქაურ ყოფას. მივხვდი, უკან უნდა გამეტანებინა. უძვირფასესი თეთრეული შემომიგზავნეს. თეთრი სატინა იყო მაქმანებით, ყოველ ოთხ დღეში ერთხელ ვრეცხავდი და ვაუთოებდი. მოკლედ, ახალი სტილი შევიტანე ციხეში.
რუსოც ისეთი ჩაცმულ-დახურული შემოვიდა ციხეში, შემოანათა, როგორც მზემ, აბსოლუტურად არაციხურად. მერე მოვერგეთ სიტუაციას.
იქ უფრო დემოკრატიულად გვეცვა და რომ გამოვედით, მგონი, იქაური მოდა აქ გადმოვიტანეთ. სპორტულ-დემოკრატიულია ის მოდა და ორივე დას ასე გვაცვია. მგონი, ასე გავაგრძელებთ. წარმოუდგენელი ის იყო, რომ იქიდან გამოსულებს აქ დემნა გვასალია დაგვხვდა თავისი საოცარი მოდით და, მოკლედ, დავემთხვიეთ.
ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”