კატასტროფაა, როცა დამარცხებული რჩები. ამაზე მძიმე რაღა უნდა იყოს – ქეთი წიკლაური მამის დაკარგვისგან გამოწვეული ტკივილის შესახებ საუბრობს (ფოტო)

March 26, 12:41
0
356

პირველ თებერვალს თემურ წიკლაურის გარდაცვალებიდან 1 წელი შესრულდა. ბუნებრივია ოჯახს მისი დაკარგვისგან გამოწვეული ტკივილი და მონატრება არ განელებია, დრო ასეთ მძიმე იარებს არ აშუშებს, თუმცა, ქეთი ცდილობს, ცხოვრებისეულ სირთულეებს გაუმკლავდეს, მობილიზება გაუკეთოს თავს და მამამისის სიმღერების ახალი ვერსიები შესთავაზოს თემურ წიკლაურის შემოქმედების თაყვანისმცემლებს.

ქეთი წიკლაური იმ ტკივილის შესახებ საუბრობს, რომელიც მამის გარდაცვალების გამო მიიღო.

“ეს იმდენად უზარმაზარი მორევი და ტკივილი იყო, იმ პერიოდში თითქოს ნახევრად აქ არ ვიყავი. იმ დროს ემოციის ყველა სპექტრი გამოვიარე. გარდა იმ უდროო და საშინელი დანაკარგისა, რეალობის მიღებამდე მქონდა საშინელი შეგრძნება და რყევის მომენტები, რომელსაც ასეთ დროს ფსიქოლოგიურად ყველა შვილი გადის. ვგულისხმობ განცდას, რომ შვილმა რაღაც ბოლომდე ვერ გააკეთა, რომ თითქოს დამნაშავე ხარ. ვიცით, ეს აბსურდია, მაგრამ მეც მქონდა ეს შეგრძნება. ვინც „კოვიდით” და მასთან დაკავშირებული გართულებებით ახლობელი დაკარგა, ალბათ ეს ფიქრები უცხო არავისთვისაა. როცა ადამიანი რეანიმაციაში წევს, ხელოვნურ კომაშია, იცი ცოცხალია, მაგრამ მასთან ურთიერთობა არ შეგიძლია, სულ მოლოდინის რეჟიმში მყოფი არ კარგავ იმედს, რომ შეიძლება ყოველ წუთს რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს. გჯერა, რომ დაძლევს. იცი, როგორი ძლიერია, როგორი სულის პატრონი, როგორ იბრძვის და ბოლოს მაინც დამარცხებული რომ რჩები, ეს კატასტროფაა. ჩვენს შემთხვევაში ეს 40 დღე გრძელდებოდა. არ ვიცი, იმაზე მძიმე რაღა უნდა იყოს, როგორც შვილისთვის ასეთი საყვარელი მამის დაკარგვაა…

სწორად გამიგეთ, ვფიქრობ, ჩემთვის მოვალეობაცაა მასზე ლაპარაკი, რადგან მამას ხალხის მხრიდან დიდი პატივისცემა ჰქონდა. ის სულ ამბობდა: “მე ვარ ხალხის მსახურებაში”. მის ამ პოზიციას დიდ პატივს ვცემდი და დღესაც ვიზიარებ. მისი შვილი ვარ და ვფიქრობ, მასზე ლაპარაკი ჩემი ვალდებულებაცაა, მისი დამოკიდებულება ხალხს ახლა უკვე მე უნდა მივაწვდინო. რა თქმა უნდა, იმ პერიოდში ძალიან სასიამოვნო იყო ხალხის ყურადღება, სიყვარული და გვერდში დგომა. მამიკოს გარდაცვალების შემდეგ, მასზე დღემდე საოცარ სიტყვებს მწერენ და შეხვედრისას, უდიდეს სიყვარულს გამოხატავენ.

– დედა როგორ არის?

– არა უშავს, წელს უკეთ. საკუთარ თავს მობილიზება გაუკეთა და მეც ვცდილობ ყველანაირად უკეთ იყოს, ჯანმრთელობის მხრივაც ყველაფერს ვაკონტროლებთ. ვირუსი მანაც გადაიტანა. მთელი ოჯახი ვიყავით ავად. ჯერ მამას დაემართა კორონა, შემდეგ მე, ჩემს შვილს და დედას. ჩემი მშობლები ერთდროულად იწვნენ გორის ჰოსპიტალში. მამა ჯერ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იწვა, შემდეგ გორში. დედა ათ დღეში გამოვიდა, მაგრამ მამა ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს…

– გაქვთ რამე ნივთი დედ-მამისგან, რომელსაც განსაკუთრებით უფრთხილდებით?

– არაერთი ნივთი მაქვს, რომელსაც ვინახავ და განსაკუთრებით ვუფრთხილდები. მამის გარდაცვალების შემდეგ, მისი ტანსაცლითაც დავდივარ. მაგალითად, მაქვს მისი პიჯაკი, დიდი შავი პერანგი, შარვალი, შარფი. დღეს ოვერსაიზი მოდაშია და როცა მის შარვალს ვიცვამ, ქამრით ვიჭერ. მამიკოს ცხვირსახოციც სულ თან მაქვს. ახლა ყველაფერი განსაკუთრებით ძვირფასია ჩემთვის… რაც შეეხება დედას, საოცრად ნიჭიერია. გარდა იმისა, რომ მღერის, ხალხი მას “ივერიის” წევრად და შემსრულებლად იცნობს, არაჩვეულებრივად ხატავს. მთელი ცხოვრება კერავდა და დღეს ახალგაზრდა რომ იყოს, ერთ-ერთი გამოჩენილი დიზაინერი იქნებოდა. ბავშვობაში სულ მისი შეკერილი პალტოები, კოსტიუმები, შარვლები მეცვა. ჰაი-კლასის ნამუშევრები იყო. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ როგორი მზარეულია (იღიმის). სპექტაკლებში რომ ვმონაწილეობდი, იქ მხატვრები გვყავდა და ისინი კერავდნენ სასცენო კოსტiუმებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც სცენაზე სოლო გამოსვლები დავიწყე, ჩემი სასცენო კოსტiუმების ძირითადი ნაწილი დედას შეკერილია და ახლა ისინი ცალკე კaმოდში მაქვს შენახული. დედას ქსოვა ამშვიდებს, მე პირიქით – ნერვები არ მყოფნის. შვილისთვის შარფი და ქუდი მომიქსოვია, მაგრამ ეს არ მართობს და მედიტაციაში ვერ შევდივარ (იღიმის). ისე კი, საერთოდ მე “ბარახლოვშიცა” ვარ, ყველაფერს ვინახავ. მამიკოს დეიდას ჰქონდა ეს თვისება, ყველაფერს აგროვებდა და გენეტიკურად ახლა მე მაქვს ჩვევად. უამრავი მასალა მაქვს: ფოტოები, კოსტიუმები, სიგელები, ბიუსტები, ჟურნალ-გაზეთები, მამისადმი მიძღნილი ნივთები, სიგელები, წერილები, დეპეშები, ლექსები. ამასთან დაკავშირებით გეგმებიც დავსახე. გარდა ამისა, სტრესიდან შედარებით რომ გამოვედით, მამაზე წიგნის გამოცემაც გადავწყვიტეთ. წიგნის დაბეჭდვაზე ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში იყო ლაპარაკი, მაგრამ ის იმდენად მორიდებული პიროვნება გახლდათ, წიგნის გამოცემას სირცხვილად მიაჩნდა. მამას გარდაცვალების შემდეგ, არაერთი ლექსი შეიქმნა და ყველაფერი ეს იმ წიგნში იქნება თავმოყრილი, რომელზეც ახლა ვმუშაობთ.

წყარო: გზა

Cesko