ქართული ფეხბურთის გულშემატკივრების ყურადღება ახლა გერმანიისკენ არის მიპყრობილი – ორი ღირსეული მატჩის შემდეგ, 26 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ჩეხეთთან დაპირისპირების დროს, საქართველოს ნაკრების მწვრთნელის გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმად მან მოედანზე ბუდუ ზივზივაძე არ გამოიყვანა, ქომაგების მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში უამრავი შეფასება გავრცელდა.
აღნიშნულ საკითხზე, “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში კითხვის საპასუხოდ ისაუბრა ბუდუ ზივზივაძის მამამ, კახა ზივზივაძემ და თქვა, რომ „ბუდუ საბრძოლო განწყობაზეა და ელოდება შანსს, რომ ნაკრებს გამოადგეს“.
„ბატონო კახა, ბუდუს გამოყვანას მოედანზე მთელი საქართველო ელოდება. როგორ შეაფასებთ, მწვრთნელის გადაწყვეტილებას?
– ბუდუ მზადაა და ყოველ თამაშზე ელოდება, რომ გამოიყენებს სანიოლი. რა გითხრათ, ვერ ჩასვა ალბათ დაგეგმილ და წარმოდგენილ თამაშის სქემაში.
– როგორ განწყობაზეა ახლა, თუ ახერხებთ მასთან საუბარს?
– ძალიან იშვიათი კომუნიკაცია გვაქვს. არ ვუშლით ხელს. საბრძოლო განწყობაზეა, თავის შანს ელოდება, რომ გამოადგეს ნაკრებს.
– თქვენი შვილიშვილი შაი, ინტერნეტვარსკვლავად იქცა. მამის თამაშს თუ ადევნებს თვალს?
– შაი ძალიან ჩართულია, იმ საშინელ წვიმაშიც კი არ გაჩერებულა და ელოდა მამის გამოსვლას მოედანზე. მამა ძალიან მოენატრა. ჩეხეთთან თამაშის დასრულების შემდეგ მოახერხა და ჩაეხუტა კიდეც“, – აღნიშნავს კახა ზივზივაძე “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.