უკრაინამ ომში დაიწყო სახის ამოცნობის ტექნოლოგიის გამოყენება

March 14, 13:02
0
327

სააგენტო როიტერსის ცნობით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ შაბათს დაიწყო კომპანია Clearview AI-ის სახის ამოცნობის ტექნოლოგიის გამოყენება, მას შემდეგ, რაც ამ ამერიკულმა სტარტაპმა მას შესთავაზა რუსი თავდამსხმელების და დაღუპულების იდენტიფიცირება და დეზინფორმაციასთან ბრძოლა.

უკრაინას უფასოდ მიეწოდება Clearview AI-ის ძლიერი საძიებო სისტემა სახეებისთვის, რაც ხელისუფლებას მათ შორის საშუალებას აძლევს, შეამოწმოს პირები გამშვებ პუნქტებზე – ამბობს ლი ვოლოსკი, Clearview-ის მრჩეველი და ყოფილი დიპლომატი პრეზიდენტების ბარაკ ობამასა და ჯო ბაიდენის პერიოდებში.

Clearview-ის დამფუძნებლის თქმით, მის კომპანიას მოეპოვება 2 მილიარდზე მეტი სურათი რუსული სოციალური მედიის, VKontakte-სგან, საერთო ანგარიშით მონაცემთა ბაზა 10 მილიარდ ფოტოს უტოლდება.

მონაცემთა ბაზა უკრაინას პოტენციურად დაეხმარება თითის ანაბეჭდების შედარების მეთოდზე უფრო ადვილად ამოიცნოს დაღუპულები. ტექნოლოგია სახის დაზიანების შემთხვევაშიც მუშაობს – აცხადებენ კომპანიის მესვეურები.

კომპანია ამბობს, რომ Clearview-ის ტექნოლოგიის გამოყენება ასევე შესაძლებელი იქნება ლტოლვილების ოჯახების წევრებთან გაერთიანების, რუსეთის ძალების წევრების ამოცნობის და სოციალურ მედიაში ომთან დაკავშირებულ ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით.

ზუსტი მიზნები, რისთვისაც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ტექნოლოგიას იყენებს, უცნობია. მომავალ დღეებში Clearview-ის ტექნოლოგიას უკრაინის მთავრობის სხვა უწყებებიც დანერგავენ – ამბობენ კომპანიის მესვეურები.

რადიო თავისუფლება

Cesko