თბილისში მამაკაცი ჩარიცხვის აპარატებს აკვირდებოდა, მოქალაქეების მონაცემებს იმახსოვრებდა და თანხას თავად ირიცხავდა

March 13, 15:21
0
370

პოლიციამ თბილისში დააკავა კაცი, რომელმაც სხვისი საბანკო მონაცემები დაიმახსოვრა და შემდეგ ამით ისარგებლა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1987 წელს დაბადებული შ. ს. ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ შ.ს. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, თბილისში, სხვადასხვა მისამართზე მდებარე, ერთ-ერთი ბანკის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატების სიახლოვეს მყოფი აკვირდებოდა და იმახსოვრებდა მოქალაქეების მიერ გამოყენებული პლასტიკური ბარათის პინ-კოდებს. შემდეგ ბრალდებული, გახსნილ მდგომარეობაში დარჩენილი ჩარიცხვის გვერდის გამოყენებითა მოქალაქეების კუთვნილი ანგარიშებიდან თანხებს საკუთარ ონლაინ კაზინოს და ტოტალიზატორის ანგარიშებზე რიცხავდა, ფულს კი სპეციალური „ზერო“ ბარათის გამოყენებით ანაღდებდა.

შ.ს.-ს დანაშაულებრივი ქმედებებით დაზარალებულ 14 მოქალაქეს 5 227 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა.

გამოძიება ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Cesko