იაპონური წარმოშობის ამერიკელი პოლიტოლოგი, ფილოსოფოსი და მწერალი, ფრენსის ფუკუიამა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
ფუკუიამა გამოთქვამს ვარაუდებს ომში რუსეთისა და უკრაინის მომავალ პოზიციებზე და ასევე აფასებს სხვა ქვეყნების რეაქციებსაც.
ფრენსის ფუკუიამას სტატიის -“მარცხისთვის მზადება” თარგმანს სრული სახით გთავაზობთ:
მარცხისთვის მზადება
ამას სკოპიედან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან ვწერ, სადაც ბოლო კვირაა ერთ-ერთ ჩვენს კურსს ვასწავლი, სახელად „ლიდერობის აკადემია განვითარებისთვის“. უკრაინის ომის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით აქ განსხვავებული მდგომარეობა არაა, გარდა იმისა, რომ მე მომიჯნავე დროით სარტყელში ვარ, და იმ ფაქტისა, რომ ბალკანეთში უფრო მეტად უჭერენ მხარს პუტინს, ვიდრე ევროპის სხვა ნაწილებში. ეს ფაქტი დიდწილად სერბეთის დამსახურებაა და იმის, რომ სერბეთი Sputnik-ს მასპინძლობის.
მე კრიტიკას გავრისკავ და რამდენიმე პროგნოზს გავაკეთებ:
1. რუსეთი უკრაინაში პირდაპირ სრული დამარცხებისკენ მიექანება. რუსული გეგმა არაკომპეტენტური იყო, რადგან ეფუძნებოდა მცდარ დაშვებას, რომ უკრაინელები მხარს უჭერდნენ რუსეთს და მათი სამხედრო ძალები შეჭრის შემდეგ მყისიერად ჩამოიშლებოდა. რუსი ჯარისკაცები, დამატებითი ვაზნებისა და კვების რაციონის ნაცვლად აშკარად გამოსასვლელ სამხედრო კოსტიუმს ატარებდნენ, კიევში გამარჯვების მარშისთვის. პუტინმა ამ ოპერაციას მთელი ჯარის უდიდესი ნაწილი მიუძღვნა – აღარ არსებობს ძალთა დიდი რეზერვები, რომლის გამოძახებაც და ბრძოლებში დამატებაც მას შეუძლია. რუსი სამხედროები უკრაინის სხვადასხვა ქალაქის გარეთ ჩარჩნენ, სადაც ისინი მომარაგების უდიდესი პრობლემებისა და უკრაინისგან მუდმივი შეტევების წინაშე აღმოჩნდნენ.
2. სავარაუდოდ, მათი პოზიციების ჩამოშლა უცაბედი და კატასტროფული იქნება და არა ნელი – ომისგან გადაღლილობით გამოწვეული. საველე არმია მივა იმ დონემდე, როცა ვეღარც მარაგებს მიიღებს და ვერც უკან დაიხევს და მათი საბრძოლო განწყობა აორთქლდება. ეს სიმართლეა მინიმუმ [უკრაინის] ჩრდილოეთში, რუსებს უკეთესი მდგომარეობა აქვთ სამხრეთში, მაგრამ ამ პოზიციების შენარჩუნება რთული იქნება, თუ ჩრდილოეთი ჩამოიშლება.
3. ამ დროისთვის არ არსებობს ისეთი დიპლომატიური გადაწყვეტა რაც ამ ომამდე არსებობდა. ორივე მხარისთვის მიღებული ზარალის გათვალისწინებით, ამ მომენტში არ არსებობს ისეთი შესაძლო კომპრომისი, რაც ორივესთვის რუსეთისა და უკრაინისთვის მისაღები იქნება.
4. გაეროს უშიშროების საბჭომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უსარგებლოა. ერთადერთი გამოსადეგი რამ იყო გენერალური ასამბლეის ხმის მიცემის პროცესი, რომელიც სამყაროს ცუდი ან ორაზროვან მოთამაშეებს ამჟღავნებს.
5. ბაიდენის ადმინისტრაციის ორივე გადაწყვეტილება ცის არდაკეტვის ან პოლონეთის თვითმფრინავების გადაცემაში არჩარევის შესახებ სწორი იყო. მათ შეინარჩუნეს გონიერება ძალიან ემოციურ დროს. ბევრად უკეთესი იქნება თუ უკრაინელები რუსეთს თავად დაამარცხებენ, მოსკოვს იმ არგუმენტის გარეშე დატოვებენ, რომ მას თავს NATO დაესხა, ასევე აირიდეს აშკარა გამწვავების შესაძლებლობები. პოლონური MiG თვითმფრინავები კი თავის მხრივ ბევრს არაფერს შემატებდა უკრაინის ძალებს. ბევრად მნიშვნელოვანია ჯაველინების, სტინგერების, TB2-ების, სამედიცინო მარაგების, საკომუნიკაციო აღჭურვილობისა და დაზვერვის ინფორმაციის მიწოდება. მე ვვარაუდობ, რომ NATO-ს დაზვერვა ქვეყნის გარედან უკვე აძლევს მიმართულებებს უკრაინული ძალებს.
6. ფასი, რომელსაც უკრაინა იხდის, რა თქმა უნდა, უზარმაზარია. თუმცა [ქვეყანას] ყველაზე დიდი ზიანი რაკეტებისა და არტილერიისგან ადგება, რასაც ვერც ცის დაკეტვა და ვერც MiG დიდად ვერ შეუშლის ხელს. ერთადერთი, რაც შეწყვეტს მკვლელობებს არის მიწაზე რუსული არმიის დამარცხება.
7. პუტინი თავისი არმიის დამარცხებას ვერ გადაურჩება. ის მხარდაჭერას იმიტომ იღებს, რომ ძლიერ ადამიანად აღიქმება. რისი შემოთავაზება შეეძლება მას იმის შემდეგ, რაც არაკომპეტენტურობას გამოავლენს და მისი იძულებითი ძალაუფლება გაქრება?
8. ამ შეჭრამ უკვე უდიდესი ზიანი მიაყენა მთელი მსოფლიოს გარშემო იმ პოპულისტებს, ვინც შეჭრამდე ერთხმად გამოთქვამდა სიმპათიებს პუტინის მიმართ. მათ შორის არიან მატეო სალვინი, ჟაირ ბოლსონარუ, ერიკ ზემური, მარინე ლე ლენი, ვიქტორ ორბანი და რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპი. ომის პოლიტიკამ მათი ღიად ავტორიტარული გადახრები გამოამჟღავნა.
9. ომი ამ დრომდე კარგი გაკვეთილია ჩინეთისთვის. როგორც რუსეთი, გასულ ათწლეულში ჩინეთიც აშენებდა ერთი შეხედვით მაღალტექნოლოგიურ სამხედრო ძალებს, მაგრამ მათ არ აქვთ ბრძოლის გამოცდილება. რუსეთის საჰაერო ძალების უბადრუკ ქმედებებს, სავარაუდოა რომ ხალხთა გამათავისუფლებელი არმიის ავიაციაც გაიმეორებს, ვისაც ასევე არ აქვს კომპლექსური საჰაერო ოპერაციების დაგეგმვის გამოცდილება. ჩვენ შეგვიძლია ვიმედოვნოთ, რომ ჩინეთის ხელისუფლება ტაივანის წინააღმდეგ მომავლის ნაბიჯებზე ფიქრისას საკუთარი შესაძლებლობების შესახებ ისევე არ მოიტყუებს თავს, როგორც ეს რუსებმა გააკეთეს.
10. ვიმედოვნებ, რომ თავად ტაივანიც გამოფხიზლდება და მიხვდება რომ საჭიროა ბრძოლისთვის მომზადება, ისევე როგორც ეს უკრაინელებმა გააკეთეს და აღადგენენ სავალდებულო სამხედრო სამსახურს. ნუ ვიქნებით კაპიტულანტები წინასწარ.
11. თურქული დრონები ბესტსელერი გახდება.
12. რუსეთის დამარცხება შესაძლებელს გახდის „თავისუფლების ხელახალ დაბადებას” და ჩვენ გამოგვიყვანს გლობალური დემოკრატიის დაღმასვლის შიშიდან. ბევრი მამაცი უკრაინელის დამსახურებით 1989 წლის სულისკვეთება გააგრძელებს სიცოცხლეს.